ტერიტორიები მსოფლიოში, რომელსაც ოფიციალური ძალები ვერ აკონტროლებენ | Allnews.Ge

ტერიტორიები მსოფლიოში, რომელსაც ოფიციალური ძალები ვერ აკონტროლებენ

21-ე საუკუნეში მსოფლიო ჯერ კიდევ დგას უკონტროლო ტერიტორიების პრობლემის წინაშე. ყველა კონტინენტზე ერთი ისეთი ტერიტორია მაინც არსებობს, რომელსაც ვერცერთი სახელმწიფო ვერ აკონტროლებს.

უკონტროლო ან ნაწილობრივ კონტროლირებადი ტერიტორიები საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ქვეყნისთვის, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც. ზოგჯერ მიზეზი იმისა, რომ ტერიტორია უკონტროლო ხდება, საერთაშორისო კონფლიქტების წარმოშობის საფუძველი შეიძლება გახდეს.

ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და საფრთხის შემცველ მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" მიერ დაკავებული ტერიტორიები, რომელზეც მთავრობებმა კონტროლი დაკარგეს და რომელსაც ტერორისტები აკონტროლებენ.

ექსტრემისტ მებრძოლებს სირიასა და ერაყში რამდენიმე სტრატეგიული ქალაქი აქვთ დაკავებული. ისინი აკონტროლებენ ნავთობსაბადოების დიდ ნაწილს, რაც ნავთობის "შავი ბაზრის" განვითარებას ხელს უწყობს.

ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტების მოსაზრებით, ე.წ შავი ოქროს გაყიდვებით "ისლამური სახელმწიფო" ყოველდღიურად დაახლოებით 3 მილიონი დოლარის ოდენობის სარგებელს იღებს.

ტერიტორიების დიდ ნაწილს აკონტროლებს კიდევ ერთი ტერორისტული დაჯგუფება "ბოკო ჰარამი". აღნიშნული ორგანიზაციის კონტროლქვეშ დაახლოებით 33 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიაა, რაც დაახლოებით ბელგიის სახელმწიფოს ზომის ტერიტორიას წარმოადგენს. აღიშნული დაჯუფება ნიგერიაში მოქმედებს. მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერც პოლიცია და ვერც სამხედროები უსაფრთხოებას ვერ იცავენ.

სწორედ აღნიშნულ ადგილას მიჰყავთ გატაცებული მძევლები ტერორისტებს, რის გამოც მსხვერპლის დაცვისა და გადარჩენის შესაძლებლობა სახელმწიფო უწყებებს ფაქტობრივად არ აქვთ.

უკონტროლო ტერიტორიად მიიჩნევა ავღანეთისა და პაკისტანის სასაზღვრო რეგიონის დიდი ნაწილიც. ორ ქვეყანას შორის 2 250 კილომეტრის სიგრძის სასაზღვრო ზოლზე, რომელსაც "დიურანდის ხაზს" უწოდებენ, ფაქტობრივად ვერცერთი სახელმწიფო უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს. ტერიტორია ძირითადად მთიანია, სადაც საზღვარზე გადასვლა-გადმოსვლას ვერავინ აკონტროლებს. აღნიშნული რეგიონი ძირითადად ეთნიკურად პუშტუნებით არის დასახლებული, ისინი როგორც ავღანეთის, ასევე პაკისტანის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და ერთმანეთთან ყოველგვარი სასაზღვრო შემოწმების გარეშე გადადიან.

უკონტროლო ტერიტორიებად მიიჩნევა კონფლიქტური ზონები, რომლებიც ამა თუ იმ სახელმწიფოს მთავრობის წინააღმდეგ ამბოხებულებს უკავიათ. მსგავსი ტერიტორია მსოფლიოს მასშტაბით ბევრია. მათ შორის არის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, იემენი, სადაც ჰუსიტი ამბოხებულები ბოლო ერთი წელია იბრძვიან. ასევე ჩვენს რეგიონში - დონბასი, რომელიც უკვე ერთ წელზე მეტია უკრაინის მთავრობისთვის უკონტროლო გახდა. მთიანი ყარაბაღი, რომელსაც 1990-იანი წლების შემდეგ აზერბაიჯანის მთავრობა ვეღარ აკონტროლებს. ამას გარდა, მოლდოვაში დნესტრისპირეთი და ქართველებისთვის ყველაზე მტკივნეული - აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი, რომელიც საქართველოსთვის უკონტროლო გახდა, თუმცა, მას რუსეთი აკონტროლებს.

myquiz