დიდი ბრიტანეთი, კვიპროსი, ბულგარეთი - ქვეყნები, სადაც „ოქროს პასპორტები“ გაუქმდა | Allnews.Ge

დიდი ბრიტანეთი, კვიპროსი, ბულგარეთი - ქვეყნები, სადაც „ოქროს პასპორტები“ გაუქმდა

უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 27 თებერვალს ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, აშშ და კანადა შეთანხმდნენ, შეზღუდონ „ოქროს პასპორტების“ გაცემა და შექმნან სამუშაო ჯგუფი, რომელიც სანქციების ქვეშ მოქცეული რუსების აქტივებს ამოიცნობს და დაბლოკავს. იმავე წლის 10 მარტს ევროპარლამენტმა ინვესტიციის სანაცვლოდ მოქალაქეობის მიღების პროგრამის შეზღუდვას მხარი დაუჭირა. ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, სანქციების ქვეშ მოქცეულ რუსებსა და ბელარუსებზე გაცემული „ოქროს პასპორტები“ გააუქმონ და შემდგომ გაცემაზეც უარი განაცხადონ. ამასთან, ევროკომისიამ მოითხოვა, ევროკავშირის ქვეყნებმა დაუყოვნებლივ თქვან უარი ნებისმიერ არსებულ სქემაზე, რაც ინვესტიციის სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭებას უზრუნველყოფს. ასევე, ეფექტიანად შეამოწმონ ამ სქემებთან დაკავშირებული რისკები.

„ოქროს პასპორტი“ ინვესტიციის სანაცვლოდ პასპორტის აღების მექანიზმია. ამ სქემის გაუქმების მოწოდებით ევროკავშირი უკრაინის ომამდეც გამოდიოდა. კერძოდ, 2019 წელს, ლონდონში „ოქროს პასპორტების“ კონფერენციის შემდეგ ბრიუსელმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ „ინვესტორებისთვის მოქალაქეობის სქემა ფულის გათეთრების, გადასახადებისგან თავის არიდების, ტერორიზმის დაფინანსების, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის მხრივ უსაფრთხოების რისკებს ქმნის, რაც ევროკავშირის კანონმდებლობასთან შეუთავსებელია.“

მანამდეც და განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ რიგმა ქვეყნებმა „ოქროს პასპრტებზე“ უარი თქვეს. ამასთან, ევროპულ სასამართლოში მიმდინარეობს საქმე, რომელიც ევროკომისიის მიერ არის ინიცირებული და უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პროგრამის დახურვა ყველა წევრი ქვეყნისთვის სავალადებულო გახდება.

ქვეყნები, სადაც „ოქროს პასპორტის“ პროგრამა დაიხურა:

კვიპროსის მთავრობამ პროგრამა ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბრიდან შეაჩერა, რადგან გამოძიებამ დაადგინა, რომ 2007-დან 2020 წლის აგვისტომდე ქვეყანაში 3 000 პასპორტიდან ნახევარზე მეტი დარღვევით გაიცა. ამასთან, 2022 წლის აპრილში კვიპროსის მთავრობამ სანქცირებული 4 რუსის პასპორტები გააუქმა, რომლებმაც მოქალაქეობა საინვესტიციო სქემის მიხედვით მიიღეს. ეს რუსები იმ დროისთვის 800-ზე მეტი ადამიანის სიაში იყვნენ, ვინც პუტინთან დაახლოებულ პირებად ითვლებოდნენ და ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცნენ. კვიპროსში სულ 21 ე.წ. ოქროს პასპორტი გაუქმდება. მათ შორის არიან დეფენდანტებიც, ანუ სანქცირებული რუსების ფულზე დამოკიდებული პირები.

კვიპროსმა 2007-დან 2020 წლის აგვისტომდე პერიოდში მოქალაქეობა 2886 რუსს, მათ შორის ინვესტორებსა და მათი ოჯახის წევრებს მიანიჭა. ეს 2886 რუსი იმ 6779 ადამიანს შორის იყო, ვინც მოქალაქეობა, მინიმუმ, 2 მლნ ევროს (2,18 მლნ დოლარის) ინვესტიციისთვის მიიღო. მოგვიანებით საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ სქემა 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ადეკვატური ზედამხედველობის გარეშე, იურიდიულ ვაკუუმში მუშაობდა. კომისიის განცხადებით, პასპორტების ნახევარზე მეტი უკანონოდ იყო გაცემული, ამიტომ ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პასპორტს 45 პირს გაუუქმებდა.

დიდმა ბრიტანეთმა 2022 წლის თებერვლის დასაწყისში, ანუ ჯერ კიდევ უკრიანის ომის დაწყებამდე „ოქროს“ სავიზო პროგრამა უკანონოდ მოპოვებული ფულის ქვეყანაში ინექციის რისკის გამო ოფიციალურად დახურა. გაერთიანებული სამეფოს მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პატელმა Twitter-ზე დაწერა, რომ დახურა პირველი დონის ინვესტორის სავიზო პროგრამა, რომელიც „თაღლითობისა და უკანონო დაფინანსების წინააღმდეგ“ განახლებული ბრძოლის მხოლოდ დასაწყისი იყო. კანონი ძალაში ყველა გაცემული ვიზის შემოწმებისთანავე შედიოდა და პროგრამის დახურვასთან ერთად, დაიწყო ყველა იმ პირის სტატუსის გადახედვა, ვინც ეს ვიზა მიიღო. იმავე წლის აპრილში მთავრობამ „ოქროს პასპორტის“ მფლობელი რვა რუსი „ოლიგარქი“ გამოავლინა.

ბრიტანეთში „ოქროს ვიზების“ პროგრამა 2008 წელს შემოიღეს. უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო, ქვეყანაში დროებითი და შემდგომში მუდმივი ბინადრობის უფლება მიეღო, თუკი დიდ ბრიტანეთში 2 მლნ ფუნტ სტერლინგზე მეტ ინვესტიციას განახორციელებდა. ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, 2008-დან 2015 წლამდე, პროგრამის ფარგლებში, ბრიტანეთის „ოქროს ვიზა“ რუსეთის ფედერაციის 706-მა მოქალაქემ მიიღო. იხილეთ სრულად

myquiz