გაიცანით ბერძენი სტუდენტი, რომელმაც პანდემიის დროს სამშობლოში დასაბრუნებლად ველოსიპედით 48 დღეში 3 500 კმ გაიარა | Allnews.Ge

გაიცანით ბერძენი სტუდენტი, რომელმაც პანდემიის დროს სამშობლოში დასაბრუნებლად ველოსიპედით 48 დღეში 3 500 კმ გაიარა

კორონავირუსის პანდემიის დროს მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამიანი სამშობლოდან შორს აღმოჩნდა და უკან დაბრუნება ვერ მოახერხა. ზოგიერთი კი უცხოეთიდან დიდი წვალების შედეგად დაბრუნდა.

საკმაოდ საინტერესო ისტორია გადახდა ბერძენ ახალგაზრდას, 20 წლის კლეონ პაპადიმიტრიუს, რომელიც პანდემიის დროს სასწავლებლად შოტლანდიაში იმყოფებოდა, ოჯახი კი მას ათასობით კილომეტრის მოშორებით ათენში ელოდებოდა.  კორონავრუსის პანდემიის შოტლანდიაში გავრცელების შემდეგ მან საბერძნეთში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა მისი ფრენა 3-ჯერ გადაიდო, საბოლოოდ კი ავიარეისები მთლიანად გაუქმდა.

ამის გამო ახალგაზრდამ სამშობლოში დასაბრუნებლად საკმაოდ რთული და რისკიანი გზა აირჩია- მან გადაწყვიტა შოტლანდიის ქალაქ აბერდენიდან ათენამდე ველოსიპედით ჩასულიყო. აღსანიშნავია, რომ ქალაქებს შორის მანძილი არც მეტი, არც ნაკლები 3 500 კილომეტრია.

10 მაისს მან რამდენიმე აუცილებელი ნივთი, ცოტაოდენი საჭმელი, კარავი და საძილე ტომარა აიღო და გზას ველოსიპედით გაუდგა. სტუდენტი დღეში საშუალოდ 50-დან 120 კილომეტრამდე მანძილს გადიოდა და ღამეს კარავში ათევდა.

ბრიტანეთის გავლის შემდეგ მან ჰოლანდიაში გააგრძელა გზა. მისი შემდეგი გაჩერებები იყო გერმანია, ავსტრია და იტალია. იტალიიდან ის გემის მეშვეობით საბერძნეთის პორტ პატრასში ჩავიდა. იქიდან კი, გზა სახლამდე ისევ ველოსიპედით გააგრძელა. 27 ივნისს, მოგზაურობის დაწყებიდან 48-ე დღეს მან ათენში, მშობლიურ სახლში ჩააღწია.

"ამ მოგზაურობის დროს საკუთარ თავში ძალიან ბევრი რამ შევცვალე და ახლა გაცილებით უფრო თავდაჯერებული ვარ. საკუთარი მიღწევით გაოცებული და კმაყოფილი ვარ. "- აცხადებს კლეონ პაპადიმიტრიუ.

myquiz