როდემდე იმუშავებს ათათურქის აეროპორტი და როდის განხორციელდება პირველი ფრენა სტამბოლის ახალი აეროპორტიდან? | Allnews.Ge

როდემდე იმუშავებს ათათურქის აეროპორტი და როდის განხორციელდება პირველი ფრენა სტამბოლის ახალი აეროპორტიდან?

"სტამბოლის აეროპორტი გვესახება როგორც განხორციელებული ინვესტიცია არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არამედ ჩვენს რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში"- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ, სტამბოლის ახალი აეროპორტის გახსნისას.

ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, აეროპორტი ზრდას მომავალი ათი წლის განმავლობაში გააგრძელებს, იქამდე სანამ ყველა ფაზა არ დასრულდება, რაც 2028 წლისთვის არის დაგეგმილი.

როგორც მოსალოდნელია 2018 წლის ბოლოსთვის აეროპორტის გავლით, რომელიც სტამბოლის ევროპულ ნაწილში მდებარეობს, ყოველდღიურად 2000 თვითმფრინავი 350 მიმართულებით იფრენს. აეროპორტი, რომელიც მშენებლობის პირველ ეტაპზე 7,2 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, ქვეყნის ბიუჯეტს 30,65 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალს მოუტანს და 2018 წლის ბოლოსთვის 90 მილიონ მგზავრს მოემსახურება. თუმცა, მას შემდეგ, რაც მისი მშენებლობა საბოლოოდ დასრულდება, ანუ 2028 წლისთვის ის 200 მილიონი მგზავრის მიღებას შეძლებს.

შედარებისთვის რომ ავიღოთ, აეროპორტის საერთაშორისო საბჭოს 2017 წლის წინასწარი მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტას აეროპორტმა გასულ წელს 104 მილიონ მგზავრს უმასპინძლა, შემდეგ ადგილზე იყო პეკინი 95,7 მილიონი მგზავრით, მესამე ადგილას კი დუბაი 88,2 მილიონი მგზავრით.

საჰაერო ტრანსპორტის საერაშორისო ასოციაციის განმარტებით, საჰაერო მიმოსვლა ყოველწლირად 3,5 %-ით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ავიაკომპანიებს მიმდინარე წელს 4,1 მილიარდი მგზავრი ეყოლება, რაც 2037 წლისთვის გაორმაგდება და 8,2 მილიარდ მგზავრს მიაღწევს.

საჰაერო ტრანსპორტის საერაშორისო ასოციაცის თქმით, მსოფლიოს მასშტაბით აეროპორტებს ძალიან გაუჭირდებათ მგზავრთა მსგავსი ნაკადის მომსახურება და სახელმწიფოებს მოუწოდებს ამ სფეროში მეტი ინვესტიცია განახორციელონ. ამ ფონზე სტამბოლში მსგავსი მასშტაბის აეროპორტის გახსნა ნამდვილად დროულია.

ახალი აეროპორტის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი კომპანიის IGA-ს ინფორმაციით, სტამბოლის აეროპორტს პირველ ეტაპზე 3 ასაფრენი ბილიკი ექნება, 2028 წლისთვის კი კიდევ 3 ასაფრენი ბილიკი დაემატება.

76,5 მილიონ კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ აეროპორტს თავისი პარკინგიც ექნება, რომელიც 70 ათას მანქანას დაიტევს.

აეროპორტიდან პირველი ფრენა 31 ოქტომბერს ქვეყნის დედაქალაქ ანკარაში განხორციელდება.

ამასთანავე, სტამბოლის ერთ-ერთი მთავარი აეროპორტი, რომელიც მუსტაფა ქემალ ათათურქის სახელს ატარებს - მუშაობას განაგრძობს მიმდინარე წლის ბოლომდე, შემდეგ კი მხოლოდ კომერციულ ფრენებს განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ მზარდი მოთხოვნისა და მგზავრთა რაოდენობის მატების პარალელურად, ათათურქის აეროპორტს გაზრდის პერსპექტივა და კიდევ ერთი ასაფრენი ბილიკის დამატების საშუალება ფართობის არარსებობის გამო აღარ შეეძლო, ამიტომ გახდა აუცილებელი ახალი აეროპორტის მშენებლობა. სტამბოლის ახალ აეროპორტსა და ათათურქის აეროპორტებს შორის მანძილი დაახლოებით 35 კილომეტრს შეადგენს.

myquiz