2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა | Allnews.Ge

2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 2 719 920 მგზავრს მოემსახურა, რაც 28 % აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2 130 469 მგზავრი).

როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან" აცნობეს, ივლისის თვეში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ივლისში 429 088 მგზავრს მოემსახურა, რაც 16 %–ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (371 188 მგზავრი ), ხოლო 7 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27% შეადგინა (2 104 161 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წლის ივლისში 75 372 მგზავრს მოემსახურა, რაც 2017 წლის ივლისთან შედარებით 52 % მეტია. რაც შეეხება 7 თვის ჯამს, "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მზავრთნაკადი 33 %–ით გაიზარდა და 310 115 მგზავრი შეადგინა.

მათივე ცნობით, ზრდის ტენდენცია კვლავ შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. კერძოდ, 2018 წლის ივლისში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 111 325 მგზავრმა ისარგებლა, რაც 11 %-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (100 613 მგზავრი).

რაც შეეხება 7 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 7 თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთა ნაკადი 29 %-ით გაიზარდა და 301 597 შეადგინა. (234 037 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 7 თვეში 4 047 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 194 რეისი შესრულდა.

myquiz