დაათვალიერეთ გომისმთა - კურორტი ღრუბლებში დაუვიწყარი ხედებით | Allnews.Ge

დაათვალიერეთ გომისმთა - კურორტი ღრუბლებში დაუვიწყარი ხედებით

საქართველო მთის კურორტებით რომ მდიდარია, ეს ახალი არ არის. ქვეყანაში ათობით კურორტია, რომლებიც გამოირჩევა სილამაზით, სამკურნალო თვისებებით, ლანდშაფტითა და ბუნებით. მათ შორის ერთ-ერთია გომისმთა, რომელიც თანდათან პოპულარული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ გომისმთა არ არის ინფრასტრუქტურულად კარგად გამართული და მისი პოპულარიზაცია საკმარისად არ ხდება, დაინტერესებული მოგზაურების ინტერესი მაინც იზრდება. ეს ალბათ, ამ ადგილის შთამბეჭდავი ხედების დამსახურებაა.

გომისმთა გურიის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. იგი ოზურგეთიდან დაახლოებით 35 კილომეტრშია. გზა ბოლომდე მოასფალტებული არ არის, თუმცა, არც ისე ცუდია, რომ მსუბუქი ავტომობილები ვერ მივიდნენ.

მისი განუმეორებელი ბუნება და 2500 მეტრ სიმაღლეზე არსებული ჭინჭაოს ტბა საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს. თამამდ შეიძლება ვუწოდოთ ამ ადგილს კურორტი ღრუბლებში. კურორტის უნიკალური პირობები დღესაც აუთვისებელია.

როგორც ცნობილია, გომისმთამ, როგორც კურორტმა ყურადღება ჯერ კიდევ 1931 წელს მიიქცია, როდესაც ფილიპე მახარაძე ავიდა კურორტზე და დაათვალიერა იგი, ხოლო შემდგომ მისი დელეგაცია ცხენებით გადავიდა ბახმაროში. ბახმაროდან დელეგაციამ ექიმი სპეციალისტი წაიყვანა გომისმთაზე კურორტის თვისებების შესასწავლად. მეორე მსოფლიო ომმა შეაფერხა გომისმთაზე ინფრასტრუქტურის განვითარება. კურორტის მშენებლობა ომის შემდგომ განახლდა. საავტომობილო გზა ოზურგეთიდან გომისმთამდე 1950-იანი წლების ბოლოს იქნა გაყვანილი. ამ დროს გომისმთაზე 500-მდე დასასვენებელი კოტეჯი იდგა და ყოველწლიურად საშუალოდ 4500-5000 დამსვენებელი სტუმრობდა 1970 წლისთვის სახლების რაოდენობა 1000, დამსვენებლებისა კი 10 000 იყო.

სწორედ ამიტომ, ეს კურორტი გასულ საუკუნეში უფრო პოპულარული იყო, ვიდრე ახლა.

გომისმთაზე ყოველ წელს იმართება ექსტრემალური შეჯიბრი "ოფროუდი", ასევე გომისმთობა და დოღიც.

წელს, გომისმთობა აგვისტოს პირველ ნახევარში გაიმართება.

myquiz