81 წლის ქართველი ბიზნესმენის ახდენილი ოცნება - "დედამიწის სამოთხე" ჯუთაში | Allnews.Ge

81 წლის ქართველი ბიზნესმენის ახდენილი ოცნება - "დედამიწის სამოთხე" ჯუთაში

81 წლის გიგლა არაბულმა ყაზბეგში მდებარე სოფელ ჯუთაში სასტუმრო Jutahouse 2013 წელს გახსნა. სასტუმროს დამსვენებლები და ადგილობრივი მცხოვრებლები "დედამიწის სამოთხესაც" უწოდებენ ხოლმე.

მთაში სასტუმროს აშენება, რომელიც ზღვის დონიდან 2 173 მეტრზე მდებარეობს, გიგლა არაბულის ოცნება იყო. 81 წლის ბიზნესმენი სასტუმროს შვილთან, ნანუკა არაბულთან ერთად მართავს და ინფრასტრუქტურასა და სერვისებს ყოველწლიურად აახლებს.

"ჯუთაში დავიბადე და გავიზარდე და აქ დამკვიდრების სურვილი მუდამ თან მდევდა, მინდოდა, ლამაზი სახლი ამეშენებინა, რაზე ზრუნვაც წლების წინ დავიწყე. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ჯუთადან წავედი და მშენებელ–ინჟინრად როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ ვმუშაობდი, დაბრუნების შემდეგ კი ჩემი მამა–პაპის წინაშე ვალი მოვიხადე და ჯუთაში დავბრუნდი", – იხსენებს გიგლა არაბული.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ და თავად გიგლა არაბულმა სასტუმროს "ჯუთის სახლი", იგივე Jutahouse უწოდეს.

სასტუმროს ერთ ჯერზე დაახლოებით 30 სტუმრის მიღება შეუძლია, თუმცა მისი ტერიტორია წლიდან წლამდე ფართოვდება, – "ვფიქრობ, რომ ადამიანის ნახელავისა და ბუნების არაჩვეულებრივი შერწყმა გამოგივივიდა. დამსვენებლები, რომლებიც სასტუმროს ნახულობენ, ყოველთვის მოხიბლულები არიან. მის წინ მდინარე სრულად ავითვისეთ, ზოგან ფანჩატურები ჩავდგით, რომლებიც აქ დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. თავდაპირველად, როდესაც ამას ვაკეთებდი, კომერციულ მოგებაზე არ ვფიქრობდი, უბრალოდ ჩემს საყვარელ სოფელში დაბრუნება მინდოდა, თუმცა მოგვიანებით Jutahouse პოპულარული გახდა, რამაც ჯუთას გამოცოცხლებასაც შეუწყო ხელი", – აღნიშნავს ბიზნესმენი.

გიგლა არაბულის თქმით, ივლის–აგვისტოში სასტუმროს ძალიან ბევრი დამსვენებელი ჰყავს, როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან.

"ტურისტები ჩვენთან როგორც აღმოსავლური ქვეყნებიდან, ისე ისრაელიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და ტაილანდიდანაც ჩამოდიან, შედეგაც სასტუმრო აქ დასაქმებული პერსონალისა და სხვა ხარჯებს ანაზღაურებს, თუმცა ოქტომბრის დასაწყისიდან მაისის ბოლომდე ჩვენ უგზოობისა და ზვავსაშიშროების გამო არ ვმუშაობთ. ზოგადად, გზის არქონა დიდი პრობლემაა, ერთხელ ტურისტებმა გვითხრეს, ევროკავშირის წევრობა რომ გსურთ, გზის გაკეთება ელემენტარულია, ასეთი მოუწესრიგებელი არ უნდა გქონდეთო", – დასძენს გიგლა არაბული.

81 წლის ბიზნესმენის წამოწყებამ ჯუთას შემოსავლები გაუჩინა. კერძოდ, ადგილობრივი მცხოვრებლები ტურისტებს ცხენებით ასეირნებენ, რაზეც მოთხოვნა, გიგლა არაბულის თქმით, საკმაოდ დიდია, – "ამ სოფელს ხელისუფლებამ ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოს, რადგან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. ჯუთადან წასულმა პირებმა აქ საოჯახო ტიპის სასტუმროებისა და სახლების მშენებლობა დაიწყეს, რადგან დაინახეს, რომ, სეზონზე ათასობით ტურისტი ჩამოდის. სოფელში 50–60 წლის წინ წასული ხალხის შვილებმაც კი დაიწყეს სახლების მშენებლობა და მოწყობა. მე კიდევ ბევრი რამის გაკეთება მინდა, რადგან არის მონაკვეთები, რომელთა გაჭრის შემდეგაც იქ ცხენით მისვლაც შესაძლებელია, თუმცა უკვე 81 წლის ვარ და არ ვიცი, ამისთვის დრო რამდენად მეყოფა", – აღნიშნა გიგლა არაბულმა.

ბიზნესმენი სეზონზე თავად ჯუთაში ცხოვრობს, სასტუმროს მართავს, თოვლის მოსვლამდე კი სოფელს ტოვებს,– "ქალაქში გამოვიზამთრებ ხოლმე და შემდეგ უკან ვბრუნდები, აქეთ მომიწევს გული", – დასძენს ის.

გიგლა არაბულს იმედი აქვს, ჯუთაში საგზაო ინფრასტურქტურა განვითარდება და ხალხი კიდევ უფრო აქტიურად დაიწყებს ბიზნესის კეთებას. თავად ბიზნესმენი საქმიანობის შეწყვეტას არ აპირებს და სამომავლო გეგმებიც აქვს. Jutahouse-ს საზოგადოებისთვის გაცნობაში კი დედაქალაქიდან ქალიშვილი ეხმარება, რომელიც სასტუმროს მართვაში აქტიურადაა ჩართული.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz