რა დაგიჯდებათ თბილისიდან ბათუმამდე სხვადასხვა ტრანსპორტით მგზავრობა | Allnews.Ge

რა დაგიჯდებათ თბილისიდან ბათუმამდე სხვადასხვა ტრანსპორტით მგზავრობა

საზღვაო სეზონი უკვე გაიხსნა, ბათუმის მიმართულებით კი სულ უფრო მეტი ადამიანი მიემგზავრება. შესაბამისად უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებული აქტუალობა მგზავრობის ხარჯებმა შეიძინა, თანაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სატრანსპორტო კომპანიებმა მგზავრების რაოდენობის მატებასთან ერთად, ფასების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს.

თუ აქამდე ბათუმში გამგზავრებისას მატარებლის "პლაცკარტის" ბილეთის ფასი 19 ლარი ჯდებოდა, ახლა დამსვენებლებს 24 ლარის გადახდა მოუწევთ და ეს მატარებელში ყველაზე იაფფასიანი ადგილებია, რადგან პირველი კლასით მგზავრობა 60 ლარი ღირს, ბიზნესკლასი კი 99 ლარი დაგიჯდებათ.

მატარებელს არც "მეტროს" ავტობუსები ჩამორჩა და ჩვეული 25 ლარის ნაცვლად 10 ივლისის შემდეგ ტრანსპორტი მგზავრებს 30 ლარად მოემსახურება.

როგორც აღმოჩნდა ჯერჯერობით ბათუმში ჩასვლა ყველაზე ხელმისაწვდომი მიკროავტობუსი არის, თუ ავტოსადგურ "ოკრიბას" მიერ მოწოდებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, მიკროავტობუსი ბათუმამდე 20 ლარად წაგიყვანთ.

თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უარს იტყვით და საკუთარი მანქანით გაემგზავრებით გაითვალისწინეთ, რომ დაბალმოცულობიანი ძრავის შემთხვევაში საშუალოდ 2-ლარიან საწვავს თუ ჩაასხამთ ბათუმამდე დაახლოებით 50 ლარის საწვავი დაგჭირდებათ, მაღალმოცულობიანი ძრავის შემთხვევაში კი დაახლოებით 100 ლარის ბენზინის ჩასხმა მოგიწევთ.

თუ ავტომობილი ბუნებრივ აირზეა, მაშინ მგზავრობის ღირებულება 30-დან 60-ლარამდე შეიძლება მერყეობდეს.

არის კიდევ ერთი ტრანსპორტი - თვითმფრინავი. თუ სიმაღლის შიში არ გაქვთ, ლამაზი ხედებით ტკბობა გსურთ და მგზავრობისთვის 150 ლარზე მეტი გაქვთ გადადებული, შეგიძლიათ ივლისში სწორედ ამ ტრანპოსრტით ისარგებლოთ. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბილეთის ღირებულება შემდეგ თვეებში იმატებს, ზოგ დღეებში კი 600 ლარსაც აჭარბებს.

მათ კი ვისაც თავგადასავლები იზიდავს, მე პირადად ავტოსტოპით მგზავრობას ვურჩევ. მართალია გადაჯდომა ბევრჯერ მოგიწევთ, მაგრამ სანაცვლოდ შესაძლოა ბევრ საინტერესო ადამიანს წააწყდეთ, კარგი ისტორიები მოისმინოთ და გამოცდილება შეიძინოთ.

myquiz