გერმანული კოლონია საქართველოში - რა ისტორიას ინახავს თბილისთან ახლოს მდებარე სოფელი | Allnews.Ge

გერმანული კოლონია საქართველოში - რა ისტორიას ინახავს თბილისთან ახლოს მდებარე სოფელი

თბილისიდან სულ რაღაც 29 კილომეტრში ძველი გერმანული დასახლებაა. ახლა იქ გერმანელები აღარ ცხოვრობენ.

თუმცა, გერმანული სტილის სახლები, გერმანელი ოჯახების უძველესი ნივთები, მარანი, აბანო და ლუთერანული ეკლესიაც კი ამ სოფელში დღემდე შემორჩენილია. ეს თეთრი წყაროს რაიონის სოფელი ასურეთია.

ასურეთში გერმანელები თითქმის ორი საუკუნის წინ, 1817 წელს, რუსმა ოკუპანტებმა ჩაასახლეს და გერმანული კოლონია შექმნეს. გერმანელებმა სოფელს ელიზაბეტალი დაარქვეს და გაუვალი ტყე აყვავებულ სოფლად აქციეს.

გერმანელებს ამ სოფელში საუკუნეზე მეტი უცხოვრიათ, 1941 წელს კი მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, ისინი ერთ ღამეში სტალინის ბრძანებით გადაუსახლებიათ. იმავე წელს, აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩამოასახლეს ზემო რაჭის, კერძოდ, ონისა და ამბროლაურის მოსახლეობა და გერმანელების დატოვებულ სახლებში გადაანაწილეს. მას შემდეგ სოფელი ასურეთი რაჭველების სოფელია.

ასურეთის მცხოვრები და ALLNEWS.GE-ს მასპინძელი, მანანა წულუკიძე ამბობს, რომ მისი წინაპრებიც რაჭიდან ასურეთში 1941 წელს გადასულან საცხოვრებლად:

"საბჭოთა რეჟიმი ოჯახებს ეუბნებოდა, თუ თქვენ გადახვალთ საცხოვრებლად ასურეთში, მაშინ თქვენს შვილებს ომში არ წავიყვანთო. ამიტომაც წამოსულან ჩემი წინაპრები აქ. თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, დაპირების მიუხედავად ომში მაინც მიჰყავდათ მამაკაცები.

როგორც მსმენია, ბევრ რაჭველს აქაური კლიმატური პირობები ვერ აუტანია და უკან დაბრუნებულა. თუმცა, მათი დიდი ნაწილი საბოლოოდ აქ დამკვიდრდა. ამასთან, ახალდაბადებული ბავშვები მთის ჰავის შემდეგ აქაურ ჰავას ვერ ეგუებოდნენ, რის გამოც იღუპებოდნენ".

რაჭიდან ჩამოსული მოსახლეობის დიდ ნაწილს გერმანული სახლებისთვის ხელი არ უხლია.

მათმა ნაწილმა ისინი შეაკეთა, თუმცა, გერმანული სტილი და იერსახე ყველა საცხოვრებელ სახლს დღემდე შენარჩუნებული აქვს.

ამასთან ყველა სახლში გერმანელების მიერ დატოვებული ერთი ნივთი მაინც მოიპოვება. მათ შორის არის საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი, წიგნები, ნახატიც კი და ყველასთვის ცნობილი საკერავი მანქანა "ზინგერი".

ALLNEWS.GE -სთან საუბრისას, ერთ-ერთი ადგილობრივი, ლერი აღნიშნავს, რომ გერმანელებს ირიგაციის სისტემა, გზები და სხვა ინფრასტრუქტურა კაპიტალურად ჰქონდათ აშენებული.

"მაშინ ისეთი ტექნოლოგიები არ იყო, როგორც ახლა, მაგრამ გერმანელებს ორი საუკუნის წინ გზა ფილა ქვებით ჰქონდათ მოპირკეთებული. ასევე ქუჩებს მოუყვებოდა წყლის არხები. რომელიც ასევე სულ ქვით იყო გაკეთებული".

ამასთან, სოფელში შემორჩენილია უძველესი აბანო, რომელიც ახლა კერძო საკუთრებაშია.

როგორც ასურეთის დღევანდელი მცხოვრებლები ამბობენ, აბანო იყო კაპიტალურად აშენებული, არაერთი განყოფილებითა და გოგირდის წყლით, რომელიც 80-იან წლებშიც კი ფუნქცნიორებდა.

სოფელში შემორჩენილია ასევე 1871 წელს აშენებული ლუთერანული ეკლესიის შენობაც, რომელიც ნაწილობრივ განადგურებულია.

სოფლის ბოლოში კი გერმანელთა სასაფლაო მდებარეობს.

ადგილობრივების თქმით, გერმანელების საფლავებისთვის ხელი ამ დრომდე არავის უხლია. თუმცა, ისინი მოუვლელია და ეკალ-ბარდით არის დაფარული. წლების წინ საფლავის ქვების ნაწილი აქტივისტებს შეუგროვებიათ და ერთი პატარა სიმბოლური მოედანი გაუკეთებიათ, შემდეგ კი ქვებზე წარწერებიც განაახლეს.

გერმანელმა კოლონისტებმა ასურეთში ცხოვრების პერიოდში ქართველებს ახალი ვაზის ჯიშიც დაუტოვეს, სახელად შალა. ამ სახეობის ყურძენი ასურეთში დღესაც პოპულარულია.

"გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთი გერმანელი, რომლის გვარიც იყო შალი, მიმდებარე ტერიტორიებზე დადიოდა და ვაზის ჯიშებს აგროვებდა, შემდეგ აფესვიანებდა და აკვირდებოდა. მას ერთ-ერთი ყურძნის ჯიში მოეწონა და გააშენა. ასე შემოგვრჩა შალის ჯიშის ყურძენი, რომლის სახელიც მის გვარს უკავშირდება", - ამბობს მანანა წულუკიძე.

ძველ გერმანულ სახლებში შემორჩენილია სარდაფებიც, სადაც ღვინოს ინახავდნენ. ადგილობრივები ამბობენ, გერმანელებმა თავიანთი ცოდნის, გამოცდილების, უნარებისა და თავის მხრივ საქართველოს მდიდარი რესურსების წყალობით, სოფელი ააყვავეს. გადმოცემის თანახმად, იმ დროისთვის ეს ტერიტორია ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე მდიდარი იყო რაიონში და აღმოსავლეთ საქართველოში.

სოფელ ასურეთს დღესაც დიდი რესურსი აქვს. მისი ისტორიიდან გამომდინარე, აქ შესაძლებელია ტურისტების დიდი ნაკადის მოზიდვა.

asuretieklesia-1629459085.jpg

P.S. 2020 წლის ივლისში სოფელ ასურეთში მდებარე შვაბების ქუჩა განახლდა და საზეიმოდ გაიხსნა. შვაბების ქუჩაზე XIX საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების მქონე ეკლესიას (კირხეს), სამ საცხოვრებელ სახლსა და ძველ გერმანულ სასაფლაოს რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა მოეწყო გარე განათება, პირვანდელი იერსახით აღდგა ღობეები და ჭიშკრები.

asuretisaxlebi-1629459085.jpg

asureti-1629459085.jpg

ჩატარდა საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები, აშენდა გამწმენდი ნაგებობა. გერმანული სოფლის რეაბილიტაციას ჯამში 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.

თამთა ჯიჯავაძე

myquiz