„მაღალაანთ აფთიაქის“ ნაშთები - საქართველოს ფარმაციის ისტორიის გამორჩეული ძეგლი, რომელიც განადგურების პირასაა | Allnews.Ge

„მაღალაანთ აფთიაქის“ ნაშთები - საქართველოს ფარმაციის ისტორიის გამორჩეული ძეგლი, რომელიც განადგურების პირასაა

ცოტამ თუ იცის, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში საქართველოში შემორჩენილი ერთ-ერთი უძველესი აფთიაქის ხილვაა შესაძლებელი. ნაგებობა, რომლის მსგავსსაც იშვიათად შეხვდებით, ორიგინალური არქიტექტურით გამოირჩევა. აფთიაქის ნაშთებთან არ არის განთავსებული საინფორმაციო დაფა, არ არის მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა და შესაბამისად, რთულია ისტორიულ ძეგლზე ინფორმაციის მიღება.

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნინო ბარნაბიშვილი, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ მოინახულა ეს ძეგლი Allnews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამ გამორჩეული აფთიაქის შესახებ გვესაუბრება.

img-20231119-wa0104-1700816727.jpg

-ზუსტად სად მდებარეობს აფთიაქის ნაშთები?

-აფთიაქი სოფელ წინარეხში, პაპუა მაღალაძის კოშკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მაღალაძის კოშკი წინარეხიდან ქვათახევისკენ მიმავალ გზაზევე მოჩანს...

387328701-358676956828659-6342261702004210628-n-1700816317.jpg

სოფელ წინარეხში ამ ადგილს „მაღალაანთ აფთიაქსაც“ უწოდებენ. საინტერესოა, რომ „მაღალაანთ აფთიაქისა“ და კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დღემდე იზრდება არაერთი გაველურებული სამკურნალო მცენარე. აფთიაქი ნაგებია თლილი ქვით. სიგრილის შესანარჩუნებლად კედლები (გარდა აღმოსავლეთისა) მიწაშია მოქცეული. ვარაუდობენ, რომ აფთიაქს 500-მდე თაღჩა ჰქონდა. დღესდღეობით თაღჩების ნაწილი ჩამოშლილია.

-როდის აღმოაჩინეს აფთიაქის ნაშთები?

-როგორც ცნობილია მაღალაანთ აფთიაქის ნაშთებს XX საუკუნეში მიაკვლიეს.

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ვახტანგ ბერიძე წერს: „აღმოსავლეთის მხრივ გალავანს კიდევ ერთი კოშკის ნანგრევი ეკვრის, გალავნის გარეთაც მთის კალთაზე, ჭინჭრითა და ბუჩქნარით დაფარულ ადგილას ძლივსღა შესამჩნევი რაღაც ნაგებობის კვალი ჩანს...“

ვ. ბერიძეს ეხმაურება სოკრატ სალუქვაძე, წამალთმცოდნე, N1 აფთიაქის დირექტორი, 1981 წ. „ძეგლის მეგობარში“ (N57) გამოქვეყნებულ სტატიაში. „ჩვენ სწორედ აქ, „ძლივსღა შესამჩნევ ნანგრევებში“ აღმოვაჩინეთ ქართული ფარმაციის ისტორიისთვის მეტად მნიშვნელოვანი შენობა. ვარძიაში არსებული აფთიაქის მსგავსი, ნახევარ სარდაფის ტიპის პრეპარატების შესანახი საწყობი-აფთიაქი... „

sokrat-salukvaze-sajaro-bibliotekidan-poto-1700816473.jpg

სოკრატ სალუქვაძე, ეროვნული ფოტომატიანე

magalazeebis-aptiaki-xx-saukunis-foto-1700816373.png

სოკრატ სალუქვაძის ამავე სტატიაში ვიგებთ, რომ ძეგლზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს: სამედიცინო დანიშნულების მეტალის მაშა, პინცეტი ანუ ძველქართულად „ბორწკალი, ბრინჯაოს ყალიბი, რომელიც 20 გრამამდე სითხეს იტევდა,..“

404917798-1018445099464353-2981802859993022-n-1700816412.jpg

Სოფელ წინარეხში Მაღალაანთ აფთიაქის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მეტალის მაშა და ბრინჯაოს ყალიბი - "ნიჟარები". Ფოტოს ავტორი: ე. Გიგილაშვილი

საყურადღებოა კიდევ ერთი ცნობა, რომელსაც წიგნში - „წამალთმცოდნის მეცნიერული მოსაზრებანი, ანუ ვინ არის სოკრატ სალუქვაძე“ მივაკვლიეთ: „XX საუკუნის 70-იან წლების მიწურულში, კასპის რაიონ სოფელ წინარეხში ჩვენს მიერ აღმოჩენილი იქნა 500 თაღჩიანი მაღალაძეების აფთიაქის ნაშთები. ამ უცნაური არქიტექტურული ნაგებობის პრაგმატული ფუნქციის განსაზღვრისას ვისარგებლეთ პალეოგრაფიული საბუთით და დავადგინეთ, რომ მაღალაძეთა საგვარეულოს წარმომადგენელს, კალიგრაფს მახარებელ ოქროპირის ძე მაღალაძეს, მკურნალ ზაზა ასპანიძე-ფანასკერტელის მითითებათა საფუძველზე შეუდგენია 1368 გვერდიანი სამკურნალო წიგნი კარაბადინი ანუ ფამაკოპეა. ძირითადი არგუმენტი ის გახლავთ, რომ აფთიაქი და ფარმაკოპეა მაღალაძეთა საგვარეულოს დაუკავშირდა. ეს ხელნაწერი - კარაბადინი - ფარმაკოპეა ზაზაასპანიძე-ფანასკერტელის შთამომავალთა საკუთრება გამხდარა...“

როგორც ირკვევა ძეგლის შესწავლაში (1979-81 წწ.) სოკრატ სალუქვაძეს დარგის სპეციალისტების გარდა აქტიურად ეხმარებოდნენ ადგილობრივებიც - სოფელ წინარეხში მცხოვრები ძმები რობინზონ და ტრისტან უჭუჭიშვილები.

-რომელი საუკუნით თარიღდება „მაღალაანთ აფთიაქი“?

წიგნში - „წამალთმცოდნის მეცნიერული მოსაზრებანი, ანუ ვინ არის სოკრატ სალუქვაძე“ აფთიაქს XV საუკუნით ათარიღებენ („წამლის სასახლე-აფთიაქი და ხელნაწერი XV საუკუნით თარიღდება...“). თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა წერილობით წყაროში აგების თარიღი სხვადასხვაგვარადაა მითითებული. ვფიქრობ ძეგლის დასათარიღებლად საფუძვლიანი კვლევებია ჩასატარებელი.

- საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ სად არის აღმოჩენილი უძველესი აფთიაქის ნაშთები?

- წინარეხის გარდა აფთიაქთა ნაშთები აღმოჩენილია: უფლისციხეში, ვარძიაში, ნიჩბისში...

img-20231118-151638-1700816821.jpg

-დღესდღეობით როგორი მდგომარეობაა ძეგლზე?

აფთიაქის შემორჩენილ ნაწილებს ძლიერ აზიანებს ახლომახლო გაზრდილი ხის ფესვები.

ვფიქირობ, საქართველოში შემორჩენილ აფთიაქთაგან ეს ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული ნაგებობაა. აუცილებელია ამ ადგილის საფუძვლიანი შესწავლა და ძეგლზე შესაბამისი სამუშაოების ჩატარება.

საუბარს სოკრატ სალუქვაძის სიტყვებით დავასრულებ: „ეს ნაგებობა საქართველოს ფარმაციის ისტორიისათვის და წამალთმცოდნეობისათვის მეტად მნიშვნელოვანი ნაგებობა გახლავთ, რომელიც გულდასმით შესწავლას მოითხოვს...“

ბექა ბერიაშვილი

გამოყენებული ლიტერატურა:

  • სალუქვაძე ს. მაღალაანთ ტაძრის საიდუმლოება //ძეგლის მეგობარი. - 1981. - N57. - გვ.54-59. - მაღალაანთ საყდრის მოკლე ისტორია, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი აფთიაქის აღწერილობა.
  • ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის „მოამბის“ XVI ბ ტომი. გვ. 195.
  • ბ.რაჭელიშვილი, დ. ცინცაძე, გ. დეკანოსიძე. „წამალთმცოდნის მეცნიერული მოსაზრებანი, ანუ ვინ არის სოკრატ სალუქვაძე“. თბილისი 2008.
  • წინარეხი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5.-თბ., 1990.- გვ.212-219
myquiz