მეოთხე ქართული ანბანი, რომლის შესახებაც ცოტამ იცის – როდის და რატომ შეიქმნა „დედაბრული ხელი“ | Allnews.Ge

მეოთხე ქართული ანბანი, რომლის შესახებაც ცოტამ იცის – როდის და რატომ შეიქმნა „დედაბრული ხელი“

ყველამ იცის, რომ ქართულში სამი ანბანია - ასომთავრული, ნუსხახუცური და მხედრული. თუცმა, სინამდვილეში არსებობს კიდევ ერთი ქართული ანბანი, რომელიც არსებული ანბანების მოდიფიკაციას წარმოადგენს და მისი არსებობის შესახებ ძალიან ცოტას თუ სმენია.

დედაბრული ხელი - ქართული მხედრული დამწერლობის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გურიასა და აჭარაში ჩამოყალიბდა.

cms-image-000036739-1696754394.jpg

დედაბრული ხელის სახელწოდება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ იგი ძირითადად ქალებს შორის იყო გავრცელებული. დედაბრული ხელით შესრულებულია როგორც პირადი წერილები, აგრეთვე ისტორიული საბუთები და ხელნაწერი — კარაბადინი. არსებობს აგრეთვე დედაბრული ხელით შესრულებული წერილი თურქულ ენაზე.

ანბანში 32 ასოა, მოხაზულობა კუთხოვანია და ასოების მნიშვნელობაც ზოგ შემთხვევაში განსხვავებულია. სიტყვები არ არის ერთმანეთისგან დაშორებული და თანხმოვნებს შორის ხმოვნებს ვხვდებით.

დედაბრული ხელის პირველი ზოგადი დახასიათება, რომელიც ორსტრიქონიან ნიმუშთან ერთად გამოქვეყნდა 1878 წელს, ეკუთვნის დიმიტრი ბაქრაძეს. თავად ტერმინი „დედაბრული ხელი“ პიველად 1946 წელს გამოიყენა სიმონ ჯანაშიამ. 1949 წელს დედაბრული ხელი გამოიკვლია და მას ცალკე ნაშრომი უძღვნა თ. ხაჟომიამ.

mty5mti0x3bvc3rfmtu5ndiwmtu3nw-1696754416.jpeg

დედაბრული ხელისათვის დამახასიათებელია მხედრულ ასოთა კუთხოვანი მოყვანილობები. ცალკეულ შემთხვევებში მხედრულად ნაწერ ტექსტში ზედმეტად ჩართულია ნუსხური, უ, ი ან სხვა ასოები. ანის, განის, ენისა და სხვა ზოგიერთ ასოთა მოხაზულობა ემსგავსება XI საუკუნის ადრეულ მხედრულ მოხაზულობებს.

დედაბრული ხელით შესრულებული ძეგლები XIX საუკუნით თარიღდება; მეცნიერთა ნაწილი ადრეულ მხედრულთან მსგავსების გამო ვარაუდობს, რომ წერის ეს სახე გაცილებით ადრე უნდა ჩამოყალიბებულიყო.

11-1696754431.png

წიგნიდან: ქობულურ-აჭარულიდედაბრული ხელი; ავტ" მზია ხახუტაიშვილი

მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ხელის ჩამოყალიბება უკავშირდება მე-16 საუკუნის მეორე ნახევარიდან სამცხე-საათაბაგოში ოსმალობის დამყარებასა და მომდევნო საუკუნეებში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მუსულმანიზაციის ანუ „გათათრების“ პროცესს.

ქობულეთის მუზეუმში კინტრიშული კარაბადინის სახელით ცნობილი 7 მეტრის სიგრძის გრაგნილია დაცული. კარაბადინზე დატანილია წარმართული ლოცვები და სხვადასხვა სამკურნალო რეცეპტები დედაბრული ხელით.

22-1696754489.png

წიგნიდან: ქობულურ-აჭარულიდედაბრული ხელი; ავტ" მზია ხახუტაიშვილი

ასევე სოფელ ქობულეთში აღმოაჩინეს ქვა, რომელზეც დედაბრული ხელით შესრულებული წარწერაა დატანილი. მფლობელები ამბობენ, რომ იგი თავის დროზე სახლის ფასადს ამშვენებდა, რომელიც დროთა განმავლობაში დაზიანდა და ახლა თითქმის აღარ ჩანს მასზე წარწერა.

დღეს დედაბრული ხელით საქართველოში აღარავინ წერს, დედაბრულის მცოდნეები ისევე უცნაურად გაუჩინარდნენ, როგორც თავის დროზე გამოჩნდნენ. თუმცა მათ მიერ დატოვებული გზავნილების წაკითხვა და გაშიფვრა რამდენიმე ადამიანმა მაინც შეძლო.

წყაროები:

  • ს. ჯანაშია, გიორგი შარვაშიძე, თბილისი, 1946
  • თ. ხაჟომია, ქართული დამწერლობის ერთ-ერთი თავისებური სახე, „მიმომხილველი“, I, თბილისი, 1949, ტაბ. I-X
  • მზია ხახუტაიშვილი: ქობულურ-აჭარულიდედაბრული ხელი
myquiz