ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური - პირველი ჰესი საქართველოში, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის | Allnews.Ge

ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური - პირველი ჰესი საქართველოში, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის

მიუხედავად იმისა, რომ ბორჯომის პარკს ყოველდღიურად არაერთი ადამიანი სტუმრობს ცოტამ თუ იცის, რომ თავის დროზე (1898-99 წწ.) აქ რუსეთის იმპერიაში, პეტერბურგისა და ახალი ათონის ჰიდროელექტროსადგურების შემდეგ, მდ. ბორჯომულაზე ფრიდრიხ მოლდენჰაუერის მიერ ერთ-ერთი პირველი ჰიდროელექტროსადგური აიგო. ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში 1899 წლის 15 იანვარს შევიდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რუსეთის იმპერიაში აგებული ჰიდროელექტროსადგურებიდან სწორედ ბორჯომის ჰიდროელექტროსადგურში გამოიყენეს პირველად აშშ-ში შექმნილი ე.წ. „პელტონის ძრავა“.

162296111-3919206361464372-513459948065350046-n-1679244674.jpg

შენობის პროექტი არქიტექტორ ვ. შენგარდტს ეკუთვნის. ჰიდროელექტროსადგურის ერთსართულიანი შენობის ფასადებზე მკაფიოდ ჩანს აგურისა და თლილი ქვების მონაცვლეობა. ფასადი მაღალი ფრონტონებით სრულდება (ასეთი სულ ორია). შენობის ორივე მხარეს განთავსებულია დამხმარე შენობა-ნაგებობები. შემონახულ ცნობებზე დაყრდნობით ვიგებთ რომ უწინ ინტერიერში მოხატულობაც გვხვდებოდა.

162409411-3919207084797633-608838780101788106-n-1679244710.jpg

1950 წ. ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება შეწყვიტა.

1960-70 წწ. მას შემდეგ, რაც ბორჯომის ელექტრომომარაგების სისტემა საქართველოს ელექტროსისტემის ცენტრალიზებულ ქსელში ჩაერთო ეტაპობრივად დაკარგა პრაქტიკული მნიშვნელობა. მალევე, 1970-75 წწ. ფუნქციაშეცვლილ შენობაში საბჭოთა დიდების მუზეუმი განთავსდა. 1975 წლიდან კი საერთოდ უფუნქციოდ დარჩა.

1990-იანი წლებში, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური სიტუაცია ბორჯომში არსებულ შენობებზეც აისახა. უფუნქციოდ დარჩენილი ჰიდროელექტროსადგურის შენობაცა და დამხმარე შენობა-ნაგებობებიც გაძარცვეს. უპატრონოდ დატოვებული მთლიანად გაძარცვული შენობის ნაწილი მალევე დაინგრა, „გადარჩენილი“ ნაწილი კი ძლიერ დაზიანდა.

11-1679245181.png

დღესდღეობით პარკის ტერიტორიაზე ამ ისტორიული შენობის სამუშაოები მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჰიდროელექტროსადგურის მთავარ შენობასა და დამხმარე შენობა-ნაგებობებში ჰიდროელექროსადგურის მუზეუმის განთავსება და კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება (მოეწყობა: მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტოსადგური, საექსპოზიციო სივრცეები და სხვ.).

22-1679245320.png

პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ენერგეტიკის განვითარების ფონდის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.

დღესდღეობით, ჰიდროელექტროსადგურის ისტორიულ კომპლექსზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები და მის სამუზეუმო სივრცედ გარდაქმნის პროცესი აქტიურ ფაზაშია შესული და მალე დასრულდება.

ავტორი: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნინო ბარნაბიშვილი

myquiz