"სახლი მართლაც უხუცესია, მესამე საუკუნეშია გადასული და ვცდილობ შევუნარჩუნო იდენტურობა ყველა სახით"- წინაპრების სახლი ძველ თბილისში, რომელსაც შთამომავლები დიდი მონდომებით უვლიან | Allnews.Ge

"სახლი მართლაც უხუცესია, მესამე საუკუნეშია გადასული და ვცდილობ შევუნარჩუნო იდენტურობა ყველა სახით"- წინაპრების სახლი ძველ თბილისში, რომელსაც შთამომავლები დიდი მონდომებით უვლიან

ჟურნალისტმა თამაზ სულაძემ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ლამაზ უბანში, წინაპრების დანატოვარ სახლში გვიმასპინძლა. ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სახლი XIX საუკუნის მიწურულს არის აგებული და ბატონი თამაზის ბებიას ეკუთვნოდა. შენობა, რომელმაც ასწლეულს გაუძლო და არაერთი ამბის მოწმეა, დღეს ძალიან ლამაზად გამოიყურება, რაც მისი მეპატრონის დამსახურებაა.

282700834-791232861784272-186628130250149455-n-1653721351.jpg

- ვცხოვრობ მთაწმინდაზე, ზურაბ ჟვანიას ქუჩაზე (ყოფილი ზუბალაშვილების) 22 ნომერში. ამ ძველ თბილისურ ეზოში დავიბადე და გავიზარდე. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სამშობლო ამ სახლიდან და ამ ეზოდან იწყება. პროფესიით ჟურნალისტი გახლავართ. 90-იან წლებში დავაარსე გაზეთი „ჯორჯიან თაიმსი“. შემდეგ თვითმმართველობის პირველი მოწვევის დეპუტატი გახლდით (1998-2002 წლები) და ამავე პერიოდში - ევროპის საბჭოს კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეც. 2005 წლიდან ვარ ტურიზმის სფეროში (კომპანიის დირექტორი, მენეჯერი, გიდი).

282804655-1538960456500317-6385404544811762981-n-1653721403.jpg

- როდის შეიძინეთ სახლი მთაწმინდაზე და რა ისტორია, მოგონებები გაკავშირებთ მასთან?

- სახლში, რომელშიც ვცხოვრობ, ჯერ კიდევ ბებიაჩემი, დედაჩემის დედა, ქეთევან ტყემალაძე-ჯაფარიძისა ცხოვრობდა. სახლი აშენებულია 1895 წელს და იმ პერიოდში, XIX საუკუნის მიწურულს, ჩვენი ქუჩა და თავად სახლის მდებარეობაც, საკმაოდ პრესტიჟულად ითვლებოდა. ქუჩას თავდაპირველად „სუდებნაია“ (სასამართლოს) ქუჩა ერქვა, რადგან აქ მდებარეობს თბილისის არქიტექტურის ერთ-ერთი თვალასაჩინო ნაგებობა უზენაესი სასამართლოს სახით. შემდეგ იყო, ათარბეგოვის სახელობის და ბოლოს ეწოდა ძმები ზუბალაშვილების სახელი. თუმცა, ქუჩის ნაწილს, რომელზეც მე ვცხოვრობ, რატომღაც ზურაბ ჟვანიას სახელი უწოდეს. მყავს მეუღლე რუსუდან სტურუა, ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი, ორი ქალიშვილი თინათინი (რომელიც თავის მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან ერთად ამჟამად ვაკეში ცხოვრობს) და ნუცა, რომელიც ჩვენთან ერთადაა. რაც შეეხება ისტორიებს, ისეთივეა, როგორიც ოდითგან ყველა ძველ თბილისურ ეზოში, რომელშიც მრავალი ეროვნებისა და სხვადასხვა კონფესიის ადამიანები ცხოვრობდნენ - ერთი დიდი ოჯახი, სადაც სიხარულიც და ტკივილიც ყველასთვის ერთი იყო!.

განაგრძეთ კითხვა

myquiz