"დედაქალაქში ჩამოდიან ღამის მერები" - კახა კალაძე | Allnews.Ge

"დედაქალაქში ჩამოდიან ღამის მერები" - კახა კალაძე

10 ნოემბერს, აღმაშენებლის გამზირზე, პუშკინის სკვერსა და "დედაენის ბაღში", 150-მდე ქართველი მუსიკოსი კონცერტს გამართავს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს ღონისძიებები ხორციელდება ქუჩის მუსიკის პროექტის ფარგლებში.

"მუსიკოსები თბილისის სხვადასხვა ქუჩებზე 15:00 საათიდან 22:00 საათამდე, ერთდროულად დაუკრავენ და საზოგადოებას თავის შემოქმედებას გააცნობენ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის მხარდაჭერა და თანადგომა. ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა ქუჩის მუსიკოსებში. ამ ადამიანებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა თავისი ნიჭის გამოვლენის და ეს დამოკიდებულება, დახმარება და თანადგომა მერიის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისში, ასევე იმართება პირველი საერთაშორისო ღამის ეკონომიკის ფორუმი.

"დედაქალაქში ჩამოდიან ღამის მერები, ურბანული განვითარების ექსპერტები. წელს ამ ღონისძიების ფარგლებში 9 ქვეყანაა წარმოდგენილი. პარალელურად, კლუბები, საკონცერტო დარბაზები და რესტორნები ჩაერთვებიან ფორუმის დღეებში. აღნიშნული ღონისძიება დედაქალაქში 21 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბერის ჩათვლით ჩატარდება. ახალს ვერაფერს გამოვიგონებთ, მაგრამ გვინდა, რომ საუკეთესო ქვეყნების მაგალითები გადმოვიტანოთ. სხვადასხვა ქვეყნებიდან გვეყოლებიან სტუმრები და ვისაუბრებთ, თუ რა არის გასაკეთებელი ამ მიმართულების განსავითარებლად", - განაცხადა კალაძემ.

myquiz