R Kelly-ს რელიგიური კულტის შექმნასა და არასრულწლოვნებთან სექსუალურ კავშირში ადანაშაულებენ | Allnews.Ge

R Kelly-ს რელიგიური კულტის შექმნასა და არასრულწლოვნებთან სექსუალურ კავშირში ადანაშაულებენ

R Kelly (რობერტ კელი) ამერიკელი რ"ნ"ბ მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი და პროფესიონალი კალათბურთელია. R Kelly არაერთხელ დაუდანაშაულებიათ არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური გარყვნილი ქმედებების ჩადენაში. ერთ-ერთი ასეთი საქმის მონაწილე ქალმა, რომელთანაც R Kelly-მ წინასასამართლო შეთანხმებას მიაღწია, გადაწყვიტა მოეყოლა, თუ როგორ ათრობდა, შემდეგ კი სექსუალურ კავშირს ამყარებდა მასთან მომღერალი, როდესაც ის მხოლოდ 16 წლის იყო.

მთელი კარიერის მანძილზე R Kelly-ს არასრულწლოვნებთან კავშირში ბრალს არაერთხელ სდებდნენ. 2002 წელს, ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტმა მიიღო ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ადამიანი რომელიც R Kelly-ს ჰგავდა, არასრულწლოვან გოგონაზე შარდავს, შემდეგ კი მასთან სექსით კავდება.

ჟურნალისტმა ფირი პოლიციას გადასცა. მომღერალი ამტკიცებდა, რომ ვიდეოჩანაწერში ის არ ფიგურირებს, მაგრამ ექვსი წლის შემდეგ საქმე სასამართლომდე მაინც მივიდა. R Kelly-ს საბავშვო პორნოგრაფიის დამზადება ბრალდებოდა და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდა, მაგრამ ნაფიცმა მსაჯულებმა ის გაამართლეს. მათი აზრით, მუსიკოსის ბრალი 100 პროცენტით დადასტურებული არ იყო. დიდწილად ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ ვიდეოჩანაწერში აღბეჭდილი გოგონა არ იყო იდენტიფიცირებული - არც მას, არც მის ოჯახს სასამართლოსთვის არ მიუმართავთ, ხოლო მისი ნაცნობების ირიბი ჩვენებები ნაფიცი მსაჯულებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა.

სასამართლო პროცესს ყურადღებით ადევნებდა თვალს 15 წლის ჯერონდა ჯონსონი. ის აღმერთებდა კელის, ესწრებოდა ყველა სასამართლო სხდომას და ინტერვიუებსაც იძლეოდა - როგორც მუსიკოსის მთავარი მომხრე. პროცესის დასრულების შემდეგ მან MTV-სთან საუბარში განაცხადა, რომ ახლა მის კუმირს პედოფილს ვერავინ უწოდებს. ინტერვიუში გოგონა ამბობდა, რომ 18 წლისაა, თუმცა სინამდვილეში 15-ის იყო და ტყუოდა, რათა სასამართლო დარბაზში მოხვედრილიყო.

სასამართლო პროცესიდან ერთი წლის შემდეგ, კელის წარმომადგენლებმა ჯერონდა წვეულებაზე დაპატიჟეს. ისინი დამეგობრდნენ და მას შემდეგ გოგონა არაერთხელ მისულა მუსიკოსის სახლში. კელი მას ათრობდა და სექსუალურ კავშირს ამყარებდა, თანაც ამ ყველაფერს ვიდეოზე იღებდა. ჯერონდა ამბობს, რომ კელი მისი პირველი მამაკაცი იყო და რომ მუსიკოსმა მისი ნამდვილი ასაკი იცოდა, მაგრამ სთხოვდა "ეთქვა ყველასთვის, რომ 19 წლისაა, და მოქცეულიყო ისე, თითქოს 25 წლის იყო".

ჯერონდა მთელ დღეებს მუსიკოსის სახლში ატარებდა. კელი მას ტელეფონით სარგებლობას უკრძალავდა, საპირფარეშოში და სააბაზანოში მხოლოდ მისი ნებართვით უშვებდა და აჭმევდა მაშინ, როცა თვითონ მოისურვებდა. თუ გოგონა წესებს დაარღვევდა, კელი მას ლანძღავდა და სცემდა. 2010 წელს მათი ურთიერთობა შეწყდა, მას შემდეგ რაც ერთ-ერთი კამათის დროს მუსიკოსმა ჯერონდა სცემა და მისი დახრჩობა სცადა. ჯერონდა ადვოკატ სიუზან ლოგანსს დაუკავშირდა, რომელიც მანამდე არაერთხელ იცავდა იმ გოგონების უფლებებს, რომლებიც R Kelly-ს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ. ყოველ ჯერზე ასეთი საქმეები კომპენსაციის გადახდითა და საქმის დეტალების გაუთქმელობის შესახებ შეთანხმებით სრულდებოდა.

ასე მოხდა ჯერონდა ჯონსონის შემთხვევაშიც. მან კომპენსაცია მიიღო და ხელი ასეთ დოკუმენტს მოაწერა:

"მე არავინ დამიცვა, როდესაც ის ამ ყველაფერს ჩადიოდა. მან უბრალოდ მომატყუა და ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ჩარლზ მენსონს. R Kelly როგორმე უნდა გავაჩეროთ", - ამბობს ჯერონდა.

ამ ყველაფრის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. ჯერონდამ შეთანხმება დაარღვია და Buzzfeed-ს თავისი ისტორია დაწვრილებით უამბო. მან საკუთარი სიმართლის დამადასტურებელი დოკუმენტური დასაბუთებაც წარმოადგინა. ამის მიზეზი კელის მისამართით ახალი ბრალდებები გახდა იმ გოგონების ნათესავების მხრიდან, რომელთანაც ერთად მუსიკოსი საკუთარ სახლში ცხოვრობს. 2017 წლის ივლისში Buzzfeed-მა ამ თემაზე საკუთარი გამოძიება ჩაატარა.

გამოძიების მიხედვით, ახლა კელისთან მინიმუმ 6 გოგონა ცხოვრობს. ისინი ჩაკეტილები არიან, ვინმესთან კონტაქტი ეკრძალებათ, მუსიკოსი ეუბნება მათ, თუ როდის უნდა წავიდნენ საპირფარეშოში ან მიიღონ შხაპი, რა ჩაიცვან და როდის ჭამონ.

როგორც Buzzfeed-ი მუსიკოსის გარემოცვაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, გოგონები მუსიკოსის ჩიკაგოში და ატლანტაში მდებარე სახლებში ცხოვრობენ. ბოლო დრომდე მათთან ერთად 31 წლის ქალი ცხოვრობდა, რომელიც "ახალბედებს" კელისთან საწოლში მოქცევას ასწავლიდა. მუსიკოსის გარემოცვიდან ყველაზე ახალგაზრდა გოგონა 18 წლისაა. კელი ითხოვს, რომ გოგონებმა მას "მამიკო" დაუძახონ, სხვების მიმართ კეთილგანწყობის გამოხატვას უკრძალავს და ამ აკრძალვის დარღვევისთვის სცემს გოგონებს.

Buzzfeed-ის წყაროები ამბობენ, რომ R Kelly-მ საკუთარი თავის გარშემო პრაქტიკულად რელიგიური კულტი შექმნა და ამ გოგონების ცხოვრებას მთლიანად აკონტროლებს.

თვითონ მუსიკოსი ამ ინფორმაციას უარყოფს და ჟურნალისტებთან საუბარზე უარს ამბობს. არანაირი ბრალი მისთვის ჯერ არ წარუდგენიათ.

myquiz