ჩაცმის როგორი სტილი იქნება მოდური ამ სეზონზე | Allnews.Ge

ჩაცმის როგორი სტილი იქნება მოდური ამ სეზონზე

თბილისის ქუჩის მოდა ახალ ტენდენციებს ფეხს ადვილად უწყობს, შესაბამისად, ქართველი გოგონები ამ ზაფხულსაც სწორედ ისე ჩაიცვამენ, როგორც პარიზისა და მილანის მოდის სახლები გადაწყვეტენ.

გასულ სეზონზე თბილისში მოსეირნე გოგონებს Vetements-ისა და მისი შემქმნელის, დემნა გვასალიას ზეგავლენას შეამჩნევდით, რადგან ფართო ზედატანები, ნაკერის გარეშე გადაჭრილი ჯინსები და დიდი ზომის ქურთუკები ბევრ მათგანს ეცვა.

ვისი ზეგავლენის ქვეშ აღმოვჩნდებით ამ ზაფხულს?

მოდის გამოცემები გვეუბნებიან, რომ ფართო მკლავების მქონე ზედატანებს ჩავიცვამთ. ასეთი სტილის სამოსი შესაძლოა, დედის ან ბებიის ძველ გარდერობშიც გინახავთ. The Fashion Post წერს, რომ ასეთი სტილი რომანტიკული, სექსუალური და კრეატიულია და დევიდ კომა, წელს სწორედ ასეთ, გრძელი სახელოების და პრიალა ფაქტურისგან შეკერილ ზედატანებს გვთავაზობს. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს კიდევ ერთი ქართველი უკარნახებს, ამ ზაფხულს რა ჩავიცვათ.

კიდევ ერთი ცვლილება, ფერთა ურთიერთშეთავსებას ეხება. მოდის გამოცემების ინფორმაციით, ფეხსაცმლისა და ქამრის ან ზედატანის ფერების სპეციალურად შერჩევა, აუცილებლობას აღარ წარმოადგენს, რადგან ჭრელი და სხვადასხვა ფაქტურით შეკერილი სამოსი ძალიან ტრენდული იქნება. ეს ტენდენცია Prada-ს კოლექციებში უკვე შეინიშნება. ზოლიანი ზედატანები, შარვლები თუ კაბები, 2017 წლის ზაფხულში, ისევე როგორც შარშან, ტანსაცმლის თითქმის ყველა მაღაზიაში შეგვხვდებათ. Elle-ს ინფორმაციით, ასეთი სტილის სამოსი ისე გავრცელდება, რომ სანაპიროებზეც ზოლიან ქოლგებს შევეფარებით.

ამასთან, აღმოაჩენთ, რომ კუბიზმმა თქვენზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, რადგან ფერადი გეომეტრიული ფიგურებით გაწყობილ ტანსაცმელს ამ ზაფხულს ხშირად ჩაიცვამთ. კერძოდ, Chloe და Sonia Rykiel-მა თავიან გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებში ფერადი მართკუთხედებითა და კვადრატებით გაწყობილი სამოსი აქტიურად წარმოადგინეს, შესაბამისად, წელს ასეთი სტილიც ტრენდულად მიიჩნევა.

კიდევ ერთი სიახლე "შოკისმომგვრელი ვარდისფერია", რაშიც Vogue "გამომწვევ ვარდისფერს" გულისხმობს. გამოცემის ინფორმაციით, ვარდისფერი ძალიან ტრენდული იქნება, განსაკუთრებით, ზღვის სეზონზე. უპირატესობა კი კაბებს მიენიჭება.

თუ რამდენიმე წლის წინ, თქვენი გარდერობი ყვავილებიანი კაბებისა და პერანგებისგან შედგებოდა, თუმცა ახლა არცერთ მათგანს აღარ იცვამთ, დროა, ისინი კარადაში დააბრუნოთ, რადგან ამ სეზონზე მსგავსი ტანსაცმელი ისევ ტრენდული გახდება. ასეთ ფაქტურას თავიანთ კოლექციებში Michael Kors, Balenciaga და Chloe აქტიურად იყენებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე მსგავსი ტანსაცმელი აუცილებლად გავრცელდება. გარდა ამისა, გარდერობში შავი, თეთრ კოპლებიანი კაბებიც გექნებათ შემორჩენილი, რომელთა ჩაცმის დროც სწორედ ამ ზაფხულს დადგა. ზოლიანი კაბების ფორმას მნიშვნელობა არ აქვს.

90-იან წლების გარდა, მოდის სახლები 70-იან წლებშიც გვაბრუნებენ და სანამ სიცხე შეგვაწუხებს, უმკლავო სვიტერის ჩაცმას გვირჩევენ. Gucci-მ და Prada-მ ასეთი სტილი თავიანთ კოლექციაში უკვე წარმოადგინეს და გაყიდვაშიც გამოუშვეს. მოდის ბლოგერებს უმკლავო სვიტერი ძირითადად, ქვედაბოლოებზე აცვიათ და გვირჩევენ, ჩვენც ასე ჩავიცვათ.

ჩამოთვლილი ბრენდებისგან განსხვავებით, Christian Dior-ი და Alexander McQueen-ი შედარებით აკადემიურ სტილს გვთავაზობენ, რომელშიც შავი ფერი დომინირებს. მათ კოლექციებში თხელი და კოჭებამდე ჩამოშვებული კაბის შიგნით, შავი ტრუსი ნახევრად მოჩანს, გული კი ამოღებული ან დაფარულია.

თუ წვეულებაზე მიდიხართ, თუმცა აკადემიურად ჩაცმა არ გსურთ, Armani და Ninna Ricci მხიარულ ალტერნატივას გთავაზობთ. მათ მბზინვარე ფაქტურის კაბები სპეციალურად ასეთი ღონისძიებებისთვის შექმნეს და მოდის კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურეს.

თუმცა, ყველაზე ავტორიტეტული და ცნობილი მოდის ჟურნალი, Vogue გვირჩევს, რომ თავები არ შევიზღუდოთ და კონკრეტულ სტილზე არ შევჩერდეთ, რადგან მოდას შეზღუდვები არ უყვარს.

 

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz