უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს! - ამ სახელწოდებით სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა | Allnews.Ge

უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს! - ამ სახელწოდებით სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა

უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს! - ამ სახელწოდებით ინტერნეტში ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა.

პეტიციის ავტორები აღნიშნავენ, რომ თუკი ხელისუფლება და თბილისის მთავრობა საზოგადოებას აიძულებს, არჩევანი გააკეთოს ადამიანის ფეხქვეშ გათელილ უფლებასა და ნაძვის ხეს შორის, ისინი ირჩევენ ადამიანს.

"რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერმა, კარლო (კახა) კალაძემ, 16 წლის, სადისტურად მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს და სპეცრაზმის მიერ მოკლული 20 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს, რუსთაველის გამზირიდან პროტესტის გადატანა "სხვა" ადგილას მოსთხოვა, საახალწლო ნაძვის ხისა და საახალწლო განათებების დამონტაჟების "აუცილებლობის" მიზეზით. ჩვენ უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე, თუკი ხელისუფლება და თბილისის მთავრობა გვაიძულებს, არჩევანი გავაკეთოთ ადამიანის ფეხქვეშ გათელილ უფლებასა და ნაძვის ხეს შორის, ჩვენ ვირჩევთ ადამიანს, უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე!", - აღნიშნულია პეტიციის ტექსტში. ამ დროისათვის პეტიციას 2 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის შენობის წინ აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ის და ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირიდან წამსვლელები არ არიან.

"დღევანდელი დღის გეგმა არის ის, რაც გასული 2 თვის განმავლობაში - აქციები გაგრძელდება. ჩვენ აქედან არსად წამსვლელები არ ვართ. მივმართეთ ხალხს, რომ შემოგვიერთდნენ",- განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მაჩალიკაშვილმა.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე სრული სიმშვიდეა. ადგილზე გაშლილია 16 კარავი. აქედან 3 კარავი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დატოვეს.

myquiz