კედლის საფერფლეები ქუჩებში და მწოლიარე შუქნიშანი - 10 საინტერესო იდეა, რომელიც მოქალაქეებმა თბილისის მერს წარუდგინეს | Allnews.Ge

კედლის საფერფლეები ქუჩებში და მწოლიარე შუქნიშანი - 10 საინტერესო იდეა, რომელიც მოქალაქეებმა თბილისის მერს წარუდგინეს

თბილისის მერს დედაქალაქის მოსახლეობამ უკვე ათობით იდეით მიმართა. იდეები ძირითადად სატრანსპორტო, საგზაო ინფრასტრუქტურას და კულტურულ და ახალგაზრდულ საკითხებს ეხება.

გთავაზობთ 10 ყველაზე ორიგინალურ და საინტერესო იდეას, რაც ვებგვერდზე idea.tbilisi.gov.ge დარეგისტრირდა.

კედლის საფერფლეები ქუჩებში

"ვინაიდან ქალაქის ქუჩებში არის სიგარეტის ნამწვით დანაგვიანების პრობლემა, რომელმაც შეიძლება ხანძრის საშიშროებაც წარმოქმნას, გთავაზობთ კედლის საფერფლეების განთავსებას ქალაქის ტროტუარებზე და სხვადასხვა ადგილას. კედლის საფერფლეების დამზადება მოხდება ადგილობრივად. მისი განთავსება შესაძლებელია განათების ბოძებზეც. ამით დიდწილად თავიდან იქნება აცილებული ქუჩების დანაგვიანება და ხანძრის საშიშროებაც".

მწოლიარე შუქნიშანი

"მწოლიარე შუქნიშანი არის თანამედროვე "დაავადებისთვის" - მობილურით ინტენსიურად მომხმარებელი ქვეითებისთვის, რომლებიც მობილურში თავჩარგულები მოძრაობენ ქუჩაში. ეს შუქნიშნები მონტაჟდება ტროტუარზე, გადასასვლელის თავსა და ბოლოში, რათა მობილურით მოსიარულე ქვეითის ყურადღება მიიპყროს".

მეორადი ტანსაცმლის გადასამუშავებელი საწარმო

"გაცვეთილი, გახუნებული ტანსაცმლის, ქსოვილის ნარჩენების გადასამუშავებელი სოციალური საწარმო. მოხდება მეორადი ტანსაცმლის მოგროვება, დაიდგმება ურნები სამკერვალოებში ნარჩენებისთვის, ასევე ქალაქში, კორპუსებთან, გადამუშავდება და ახალი ქსოვილი იწარმოება".

წყლის სანაგვე ყუთები მტკვარში

"გთავაზობთ ინოვაციურ პროექტს, რომელიც გულისხმობს წყლის სანაგვე ყუთების განთავსებას მტკვარში ,მეტეხის მიმდებარე ტერიტორიაზე და სხვა ადგილებში ...წყლის სანაგვე ყუთები გამოიგონეს ავსტრალიაში და დღემდე ყველა ევროპის ქვეყნის ქალაქების მდინარეებში არის განთავსებული და წარმატებით ფუნქციონირებს, სიტუაციდან გამომდინარე, დამეთახმებით, რომ მდ.მტკვარში პრობლემას წარმოადგენს ნარჩენები და კარგი იქნება ამ საშუალებით ნაწილობრივ თუ მოგვარდება ეს პრობლემა".

თერმო სმარტ სკამი

"გვაქვს იდეა, რომელსაც არ აქვს მსოფლიო ანალოგი, განვათავსოთ თბილისის სარეკრეაციო ზონებში, პარკებში თერმოსკამები რომელსაც ექნება გამათბობლის ფუნქცია, თანამოქალაქეებს და ტურისტებს ზამთრის ცივ დღეებში შეეძლებათ დასხდნენ და გათბნენ სკამზე. ფოტოზე არსებული სკამი არ არის საბოლოო სახით დამუშავებული".

ჰამაკ-პარკი ლისზე

"გთავაზობთ ლისის ტბის ტერიტორიაზე ჰამაკ-პარკის მოწყობის იდეას, რომელსაც დამატებით ექნება ურბანული ბიბლიოთეკა, დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ, წაიკითხონ წიგნი და დაისვენონ ჰამაკში".

მობილური აპლიკაცია პარკინგისთვის

"გთავაზობთ ჩვენს ინოვაციურ იდეას, რომელსაც არ აქვს მსოფლიო ანალოგი. იდეა გულისხმობს მობილური აპლიკაციის შექმნას, რისი გადმოწერითაც თანამოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ნახონ მათვის საინტერესო არსებული პარკინგის თავისუფალი ადგილების რაოდენობა ... აპლიკაცია გააადვილებს პარკირების პრობლემას ქალაქში.. gps-google map-მოხდება მოლაპარაკება და მონაცემების ლაივში გადამოწმება შესაძლებელი იქნება ახლად შექმნილი აპლიკაციის მეშვეობით".

ფერადი კორპუსები თბილისში

"თბილისის ფონზე უსახურად გამოიყურება ძველად აშენებული კორპუსები, კარგი იქნებოდ, თუ შევალამაზებდით და შევღებავდით ფერად ფერებში და ბევრად უფრო ლამაზი სანახავი იქნებოდა".

სენსორული გარეგანათება

"მოგეხსენებათ, დღეს მთელი მსოფლიო დგას გლობალური დათბობის მიერ გამოწვეული პრობლემების წინაშე, რომლის ერთ-ერთი ძირითადი წარმომქმნელია ელ. ენერგიის დიდი რაოდენობით მოხმარება. ამ პრობლემას რა თქმა უნდა ჩვენ ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამაში. თუ ისეთ უბნებში, სადაც არ არის ხშირი მოძრაობა, გარე განათების სისტემას დავუმატებთ სენსორულ ფუნქციას და დროის გარკვეულ ჭრილში შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის დაზოგვა, რაც დიდი ხარჯებისგან თავის არიდების კარგი საშუალებაა. ანუ წარმოიდგინეთ სადარბაზოების პრინციპი, იმ უბანში სადაც მოძრაობა არ იქნება, გარე განათება ავტომატურად გაითიშება, სანამ არ მოხდება მოძრაობის სენსორის ამოქმედება".

ბაზრობა მხოლოდ ქართული პროდუქტისთვის

"საქართველოში არ არსებობს ერთიანი სივრცე, სადაც ქართველ სტარტაპებს საშუალება ექნებათ საკუთარი პროდუქციის გამოფენა–გაყიდვის. ჩემი იდეაა, გამოვყოთ სპეციალური ადგილი, სადაც გაიყიდება მხოლოდ ქართული პროდუქცია. ეს შეიძლება იყოს რომელიმე პარკი, სადაც ბაზრობა მოეწყობა; მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელიც სავაჭრო ცენტრად იქცევა ან რაიმე ძველი შენობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც გახდება ე.წ. "კონცეპტ სთორი". ეს უნდა იყოს სივრცე, სადაც დამწყები მეწარმეები გაყიდიან ყველაფერს, ქართულს. იმუშავებენ მთელი კვირის განმავლობაში; გათავისუფლებულები იქნებიან გადასახადისგან. ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა პროგრამების დახმარებით ბევრი მცირე ბიზნესი დაიწყო. მათ ხელშეწყობა სჭირდებათ. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ტურისტების რაოდენობა დიდია, ასეთი ადგილის მოწყობა ხელს შეუწყობს დამწყებ ბიზნესმენებს რომ მარტივად გაყიდონ პროდუქტი. მნიშვნელოვანია სავაჭრო სივრცის ისე მოწყობა, რომ მაქსიმალურად წარმოჩინდეს ქართული კულტურა".

შეგახსენებთ, "შენი იდეა ქალაქის მერს" პროექტის ფარგლებში თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი იდეები კახა კალაძეს წარუდგინონ. იდეა ვებგვერდზე idea.tbilisi.gov.ge უნდა დაარეგისტრირონ, 2500 ხმის დაგროვების შემთხვევაში კი დედაქალაქის მერია მას განიხილავს. ხმის მიცემა თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ. ხმის მიცემის დრო იდეის ვებგვერდზე დარეგისტრირებიდან 2 თვეა. ამ დრომდე 10 იდეამ დააგროვა 2500 ხმა, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერიამ მათი განხილვა დაიწყო. მათ შორისაა ცხოველთა გამოსაკვები დანადგარები და ბოთლიყლაპია აპარატები.

myquiz