იკრძალება თუ არა მოწევა სპექტაკლებში "თამბაქოს კონტროლის შესახებ" ახალი კანონით? - გუგული მაღრაძის განმარტება | Allnews.Ge

იკრძალება თუ არა მოწევა სპექტაკლებში "თამბაქოს კონტროლის შესახებ" ახალი კანონით? - გუგული მაღრაძის განმარტება

"თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის" მიხედვით, 1 მაისიდან შენობებში სიგარეტის მოწევა აიკრძალა, თუმცა, როგორც კანონის ინიციატორმა გუგული მაღრაძემ Allnews.ge-ს განუცხადა, თეატრალურ წარმოდგენებთან დაკავშირებით, გარკვეული გამონაკლისები დაიშვება.

როგორც მაღრაძემ განმარტა, თუ სიგარეტი სპექტაკლის შემოქმედებითი მხარისთვის საჭიროა, ამ შემთხვევაში აკრძალვა არ მოხდება.

"პროგრამა რომ დარიგდება, სავარაუდოდ, პროგრამაში იქნება, რომ სპექტაკლი შეიცავს მოწევის სცენებს, გაფრთხილებთ, რომ მოწევა დამღუპველია ჯანმრთელობისთვის და ა.შ. სპექტაკლში არ უნდა იყოს ნაფაზის დარტყმა და გაბოლება. რაც შეეხება ზოგადად მოკიდებულ სიგარეტს, შეიძლება ამაზე ვიღაცამ იჩივლოს და რეჟისორმა უნდა დაასაბუთოს, რომ ეს მას მხატვრული სახის გახსნისთვის სჭირდება. მაგალითად, უცენზურო სიტყვებს რომ იყენებენ, ამაზეც შეიძლება ჩივილი, მაგრამ რეჟისორი ამბობს, რომ ჩემი გმირის დახასიათებისთვის ეს აუცილებელია",- განმარტა გუგული მაღრაძემ.

გუგული მაღრაძის თქმით, სიგარეტის მოწევა დარბაზში მჯდომი არასრულწლოვანი მაყურებლისთვის მისაბაძი მაგალითი არ უნდა იყოს.

"ვთქვათ არასრულწლოვანი ზის დარბაზში და უყურებს, რომ კარგი, დადებითი გმირი ეწევა სიგარეტს. შეიძლება, მას ეს მოეწონოს. ჩვენ შევიმუშავებთ ინსტრუქციას და თეატრებს ვეტყვით, რომ სპექტაკლებში, რომლებშიც სიგარეტის მოწევის სცენებია, ასეთი გაფრთხილება - "გაფრთხილებთ, რომ მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის" უნდა იყოს" - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

სპექტაკლებში თამბაქოს მოხმარების სცენებთან დაკავშირებით Allnews.ge რუსთაველის თეატრსაც დაუკავშირდა. როგორც თეატრის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ისინი კანონის გათვალისწინებით იმოქმედებენ.

თავისუფალი და გრიბოედოვის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელი, ავთო ვარსიმაშვილი კი ვარაუდობს, რომ სპექტაკლებში თამბაქოს მოხმარება იმ პრინციპით მოხდება, როგორც ევროპაში, სადაც სიგარეტს სცენაზე ეწევიან.

"არის ორი ვარიანტი, ერთი ვარიანტია, როცა ისინი ეწევიან ელექტრონულ სიგარეტებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სპექტაკლი ითხოვს, რომ ნამდვილ სიგარეტს ეწეოდნენ, მაშინ მეხანძრეები კულისებში ჩასაქრობი ბალონებით დგანან და ვფიქრობ, რომ ჩვენთანაც ისე მოხდება, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია და არ დავამტკიცებთ იმას, რომ ჩვენ უფრო დიდი ევროპელები ვართ, ვიდრე ფრანგები ან გერმანელები", -აღნიშნა ავთო ვარსიმაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია უკვე დადგმულ და მიმდინარე სპექტაკლებში მოუწევთ თუ არა რეჟისორებს მოწევის სცენების შეცვლა. ხოლო, სამომავლოდ ახალი სპექტაკლების დადგმისას, მათ ახალი რეგულაციის გათვალისწინება მოუწევთ.

myquiz