როდიდან ვეღარ შევძლებთ პოლიეთილენის პარკების გამოყენებას? | Allnews.Ge

როდიდან ვეღარ შევძლებთ პოლიეთილენის პარკების გამოყენებას?

ამჟამად საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 525 ცალი პოლიეთილენის პარკი მოიხმარება, როცა 2018 წლისთვის ევროკავშირში პოლიეთილენის პარკების გამოყენება ერთ სულ მოსახლეზე 90 ცალს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო 2025 წლისათვის 40 ცალს, - ამის შესახებ Allnews.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ალვერდ ჩანქსელიანმა განუცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტი, რომელიც დაბალი ფრაქციის პოლიეთილენის პარკების გამოყენებისა და რეალიზაციის აკრძალვას ეხება, პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. ამჟამად კანონპროექტში გარკვეული საკითხების დაზუსტება მიმდინარეობს.

"რაც შეეხება ამ დადგენილების შინაარსს, აქ შეიძლება ცვლილება ასეთი იყოს, პირველ ეტაპზე განიხილებოდა 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების აკრძალვა, ხოლო შემდეგ, დაახლოებით 6 თვის შემდეგ უკვე 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების აკრძალვის საკითხი უნდა დამდგარიყო, თუმცა შემდგომ ეტაპზე ჩვენ კიდევ დამატებით გვყავდა მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი. როგორც გამოიკვეთა, ევრორეგულაციების სტანდარტების შესაბამისად, 50 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკები მსუბუქ ფრაქციად ითვლება, ხოლო 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკები ძალიან მსუბუქ ფრაქციად.

ამიტომ ჩვენ განვიხილეთ 50 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების მთლიანად აკრძალვა. ეს პროექტი მზად არის და საკანონმდებლო საფუძვლის გაჩენას ელოდება," - განმარტა ალვერდ ჩანქსელიანმა.

ალვერდ ჩანქსელიანის ინფორმაციით, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, საქართველოც ბიოდეგრადირებად პარკებზე უნდა გადავიდეს.
მისი თქმით, საქართველოში პოლიეთილენის მოხმარება ევროპის ქვეყნებს მკვეთრად აღემატება. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კი, მაგალითად, დანიასა და ფინეთში წელიწადში ერთი მოქალაქის მიერ მხოლოდ 4 ცალი პოლიეთილენის პარკი მოიხმარება, ირლანდიაში კი წლის განმავლობაში 14 ცალი.

"ასევე იტალიაც უპირატესობას ბიოდეგრადირებად პარკებს ანიჭებს და ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ არაბიოდეგრადირებადი პარკები ბიოდეგრადირებადიც ჩავანაცვლოთ. პლასტიკის პარკების მავნეობა დადასტურებულია საერთაშორისო კვლევებით. ეს მასალები ასეული წლების განმავლობაში არ იშლება გარემოში, დიდი ხნის განმავლობაში რჩება ნიადაგში, თავისთავად ცხადია, ის მავნე ზეგავლენას ახდენს როგორც გარემოზე თუნდაც დაბინძურების თვალსაზრისით, ასევე უფრო დანაგვიანების თვალსაზრისით. პლასტიკის პარკები ძალიან დიდი რაოდენობით ხვდება ბუნებაში, ოკეანეში პლასტიკის მასალისგან კუნძულებია წარმოქმნილი. ყველაზე დიდი საფრთხე ექმნება ცხოველთა, სამყაროს არის სხვადასხვა მონაცემი, რომ წლის განმავლობაში ასეულობით მილიონი ცხოველი იღუპება, რადგანაც ისინი იკვებებიან პლასტიკის პარკებით," - აღნიშნა ალვერდ ჩანქსელიანმა.

პლასტმასისა და პოლიეთილენით დაბინძურების გამო, ცხოველები რომ იღუპებიან, ამას გამოცემა Forbes-ის რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციაც მოწმობს. კერძოდ, ვეშაპი, რომელმაც 29 კილოგრამი პლასტმასი გადაყლაპა, ესპანეთში, მურსიის სანაპიროზე დაღუპული იპოვნეს.

ვეშაპი 29 კილოგრამი პლასტმასის ნარჩენების გადაყლაპვის შედეგად დაიღუპა

როგორც გამოცემა იუწყება, კვლევის თანახმად, მსოფლიოს ოკეანეებში დაახლოებით 5 ტრილინი პლასტმასის ნარჩენი ტივტივებს.

myquiz