"ბირჟა მაფიას" წევრებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ | Allnews.Ge

"ბირჟა მაფიას" წევრებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

პოლიციამ ჰიპ ჰოპ პროექტის "ბირჟა მაფიას" წევრები Young Mic (მიშკა მგალობლიშვილი) და Kay G (გიორგი ქებურია) დააკავა. საქმესთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელსაც Allnews.ge უცვლელად გთავაზობთ.

"შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-2 და მე-3 განყოფილებების თანამშრომლებმა ორი პირი - 1989 წელს დაბადებული მ.მ. და 1996 წელს დაბადებული გ.ქ. ნარკოდანაშაულისათვის თბილისში დააკავეს.

სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება "მდმა", ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი "მდმა" ამოიღეს. გ.ქ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით)"-ნათქვამია განცხადებაში.

Allnews.ge იურისტ გოგა ხატიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განგვიმარტა, რომ 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი ანუ ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

მოცემულ მომენტში საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მას "საიას" იურისტები მონიტორინგს უწევენ.

მიშკა მგალობლიშვილის ახლობლები "ბირჟა მაფიის" წევრების დაკავებას მათ უკანასკნელ კლიპს უკავშირებენ, რომლის ნაწილობრივი დაბლარვა და შემდეგ აღება, გავრცელებული ინფორმაციით, შსს-მ მოითხოვა. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დავუკავშირდით, სადაც განაცხადეს, რომ კლიპთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ.

კლიპი youtube-ზე 4 ივნისს არის ატვირთული და ამ დროისთვის 131 ათასზე მეტი ნახვა აქვს. როგორც ცნობილია, ჰიპ ჰოპ პროექტის "ბირჟა მაფიას" სიმღერის ტექსტები ძირითადად იუმორისტული ხასიათის იყო.

მიშკა მგალობლიშვილი უკანასკნელ პერიოდში ტელეკომაპანია "მაესტროსთან" თანამშრომლობდა. მას "დილა მაესტროზე" ერთ-ერთი რუბრიკა "კენწერო" მიჰყავდა.

 

"ბირჟა მაფიას" წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

myquiz