ფეხბურთი, საკვები და ავიაცია - რა შედეგები მოჰყვება მეზობლების მიერ ყატარის პოლიტიკურ ბლოკადას | Allnews.Ge

ფეხბურთი, საკვები და ავიაცია - რა შედეგები მოჰყვება მეზობლების მიერ ყატარის პოლიტიკურ ბლოკადას

საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ლიბიამ და იემენმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროების ავიაკომპანია Etihad Airways-მა დღეს დილიდან შეწყვიტა რეისები ყატარში, დოჰას მიმართულებით აღარ იფრენს ბიუჯეტური ავიაკომპანია FlyDubai, მათ მაგალითს შეიძლება ბაჰრეინის Gulf Air-მა და ეგვიპტურმა - Egyptair-მაც მიბაძონ.  ეს გადაწყვეტილება ქვეყანას, ცხადია, დიდ ფინანსურ ზარალს მოუტანს.  პირველ რიგში იმის გამო, რომ ყატარს ყოველდღიურად ათობით რეისის გაუქმება მოუწევს აბუ-დაბის, ერ-რიადის და კაიროს მიმართულებით, მეორე მხრივ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანას ბლოკადის გამო ფრენების მარშრუტის მნიშვნელოვანი კორექტირება მოუწევს. შედეგად ფრენის ხანგრძლივობა გაიზრდება, რაც საწვავზე დანახარჯების ზრდას, მგზავრობის ღირებულების ცვლილებას, საბოლოო ჯამში, კი მგზავრთა უკმაყოფილებას და მათ დაკარგვას გამოიწვევს.

 რა შედეგით შეიძლება დასრულდეს მეზობელი ქვეყნების გადაწყვეტილება ყატარის ეკონომიკისთვის და მათთვის ვინც ქვეყანაში ბიზნესს აწაროებს?

ყატარის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს უდაბნო იკავებს, რაც თავისთავად მეურნეობის განვითარების შესაძლებლობას არ იძლევა, ამის კომპენსაციას ქვეყანა იმპორტირებული პროდუქციის საშუალებით ახდენს, სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას კი საუდის არაბეთი ასრულებს, რადგან ყატარს ერთადერთი სახმელეთო საზღვარი სწორედ ამ ქვეყანასთან აქვს.

ყოველდღიურად ამ საზღვარს ასობით სატვირთო მანქანა კვეთს, ტვირთის დიდი ნაწილი კი სურსათის კატეგორიას გაეკუთვნება. საკვები პროდუქტების 40% ყატარში სწორედ ამ გზით შედის. საუდის არაბეთის მიერ საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ, ყატარის ხელისუფლებას ქვეყნის მომარაგება ან ზღვით ან ჰაერიდან მოუწევს. ექსპერტების განმარტებით, ეს დაუყოვნებლივ გამოიწვევს ინფლაციას, რაც შედეგად მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს, უკმაყოფილო მოსახლეობა კი აუცილებლად მოითხოვს, ან მმართველი გუნდის ცვლილებას, ან პოლიტიკური კურსის კორექტირებას".

მეზობელი ქვეყნების გადაწყვეტილება ყატარში მშენებლობასც შეაფერხებს, რადგან ქვეყანაში სამშენებლო მასალის დიდი ნაწილი ზღვის პარალელურად, ხმელეთიდანაც შედის. ბლოკადის პირობებში მასალის იმპორტი შემცირდება, ფასი კი გაიზრდება. თუ ბლოკადა დიდხანს გაგრძელდება ოფიციალური დოჰა ვერც 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოასწრებს მომზადებას.

საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა, საკუთარ მოსახლეობას ყატარის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვა, ხოლო ყატარის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მუწოდა. თუმცა, ოფიციალური დოჰა ნამდვილი კრიზისის წინაშე მაშინ დადგება, თუ იმავე გადაწყვეტილებას ეგვიპტეც მიიღებს. ქვეყანაში 180 ათასი ეგვიპტელი ცხოვრობს - მათ შორის მშენებლები, ექიმები, ინჟინრები და იურისტებიც არიან. მსგავსი კვალიფიციური მუშახელის დაკარგვით, ყატარში მომუშავე საერთაშორისო კომპანიები უპრეცედენტო დანაკლისის პირდაპირ აღმოჩნდებიან.

რაც შეეხება ყატარს...

მისი მოსახლეობა სულ რაღაც 2,7 მილიონ ადამიანს შეადგენს, თუმცა ამ ქვეყნის გავლენა არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მის მოკრძალებულ მასშტაბებთან შუსაბამობაში მოდის.

ყატარი მსოფლიოში ეროვნული ავიაკომპანია Qatar Airways-ით, საერთაშორისო ტელეკომპანია "ალ-ჯაზირათი" და სპორტის წყალობითაა ცნობილი. ასევე ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" აფინანსებს.

საუდის არაბეთთან და მის მოკავშირე ქვეყნებთან ურთიერთობის გაწყვეტა ყატარს ცალსახად პრობლემებს უქადის, ქვეყანაში სოციალური აფეთქება კი მხოლოდ დროის საკითხია.

myquiz