რომელ კერძებს უკვეთავენ უცხოელები საქართველოში ყველაზე ხშირად | Allnews.Ge

რომელ კერძებს უკვეთავენ უცხოელები საქართველოში ყველაზე ხშირად

საქართველოში ჩამოსული ტურისტები რესტორანში ვიზიტისას ძირითადად, ქართულ კერძებს ანიჭებენ უპირატესობას. ამიტომაც განსაკუთრებით პოპულარული მათთვის სწორედ ნაციონალური სამზარეულოს მქონე რესტორნებია. Allnews.ge რამდენიმე კვების ობიექტს დაუკავშირდა, რათა გაგვერკვია, ძირითადად, რომელ კერძებსა და სასმელს უკვეთავენ ტურისტები ქართულ რესტორნებში.

როგორც აღმოჩნდა ყველაზე პოპულარული უცხოელ სტუმრებში აჭარული ხაჭაპურია, რადგან რესტორნების ადმინისტრაციების განმარტებით, ეს ნაციონალური კერძი თითქმის ყველა შეკვეთაში ფიგურირებს.

ასევე, ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნავენ, რომ პოპულარულია ტრადიციულად, ქოთანში მომზადებული ლობიო და მწვადი, რაც ყველა სუფრაზე აუცილებლად ხვდება, - "მწვადი ლიდერია, ყველას სურს, ასევე უყვართ წვნიანები, მაგალითად, ჩაქაფული, ხარჩო და ჩიხირთმა," - განმარტავენ ადმინისტრაციაში.

მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული კერძი

ამასთან, ალბათ არ არის გასაკვირი, რომ უცხოელებში კიდევ ერთი ყველაზე პოპულარული ქართული კერძი ხინკალია. ხინკალთან ერთად ტურისტები ხშირად ჭაჭასაც აგემოვნებენ, რომლის გამოხდის ტექნოლოგიის ნახვა შემდეგ თავადაც სურთ, ამიტომაც თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორანი მათ არამხოლოდ პროცესზე დასწრების, არამედ არყის გამოხდის პროცესში მონაწილეობის საშუალებასაც აძლევს:

"ძალიან მოსწონთ, როდესაც ხედავენ რომ ჭაჭა ნატურალურია და მინარევებისა და შხამქიმიკატების გარეშე იხდება, შესაბამისად, თბილსაც აგემოვნებენ. დიდი პოპულარობით სარგებლობს კულინარიული მასტერკლასები, მაგალითად, ნიგვზიანი ბადრიჯნისა და ფხალის, ხინკლისა და ხაჭაპურის მომზადება.

აღნიშნული მასტერკლასებისთვის ჩვენ რესტორნის ეზოში სპეციალური ადგილიც კი გამოვყავით, სადაც მაგალითად, შემოდგომაზე, ტურისტებს ჩურჩხელების ამოვლება შეუძლიათ, ინტერესი კი ძალიან დიდია,"- განმარტავს რესტორნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ ჭაჭის არაყთან ერთად, ტურისტები თეთრ და წითელ ღვინოს, მაგალითად, ქინძმარაულს, რქაწითელსა და ხვანჭკარასაც მიირთმევენ, რომელთა შერჩევაც კერძის მიხედვით ხდება.

ასევე, პოპულარულია საფერავი. ერთ-ერთი ობიექტში აღნიშნავენ, რომ კაცები ძირითადად, მსუბუქ, ხოლო ქალები ტკბილ ღვინოს მიირთმევენ, - "რაც შეეხება ყველს, ძირითადად, სულგუნს მიირთმევენ, თუმცა ყველის ასორტსაც ხშირად აგემოვნებენ ხოლმე. ასევე, შეკვეთებში ორაგულისა და საქონლის ხორცისგან მომზადებული კერძებიც ძალიან პოპულარულია," - განმარტავენ ერთ-ერთ პოპულარულ რესტორანში.

რესტორნების უმეტესობა აღნიშნავს, რომ უცხოელი მომხმარებლების სიმცირეს არასდროს განიცდიან და ტრადიციულ კერძებთან ერთად, ისინი ხშირად ქართულ ლუდსაც მიირთმევენ ხოლმე.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz