რამდენია თბილისის თეატრების მსახიობების საშუალო ანაზღაურება | Allnews.Ge

რამდენია თბილისის თეატრების მსახიობების საშუალო ანაზღაურება

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის თეატრების მსახიობების საშუალო თვიური ანაზღაურება 973 ლარს შეადგენს.

მაგალითად, რუსთაველის თეატრის მსახიობის საშუალო ანაზღაურება 1 328 ლარი, მარჯანიშვილის თეატრის - 1 078, გრიბოედოვის თეატრის -883, ხოლო თუმანიშვილის თეატრის 1 034 ლარია.

იმის გასარკვევად, თუ კონკრეტულად რამდენი აქვთ მსახიობებს ხელფასები აღნიშნულ თეატრებში და როგორ ხდება სახელმწიფოს მიერ მათი დაფინანსება, Allnews.ge რამდენიმე თეატრის ადმინისტრაციას დაუკავშირდა.

თუმანიშვილის თეატრის ინფორმაციით, მსახიობის საშუალო ხელფასი 400-500 ლარს შეადგენს და დანამატები იმის მიხედვით ერიცხება, თუ რამდენ სპექტაქკლში ითამაშებს.

"სამინისტროს დაფინანსების 95% მსახიობების ხელფასებში იხარჯება,

სპექტაკლების დადგმისა და რეკვიზიტებისთვის თანხებს თავად ვიძიებთ. ბილეთებისგან მიღებული შემოსავალი საერთო ხაზინაში ირიცხება და თეატრს ხმარდება, იქნება ეს კომუნალური გადასახადები, ჰიგიენური საშუალებები და ა.შ." - განმარტავენ თუმანიშვილის თეატრში.

რამდენია კულტურის მინისტრის წლიური ანაზღაურება

გრიბოედოვის თეატრში კი აღნიშნეს, რომ მსახიობების ყოველთვიური ანაზღაურება 500-დან 1000-ლარამდე მერყეობს და შესრულებული როლების მიხედვით განისაზღვრება.

რაც შეეხება რუსთაველის თეატრს, 2017 წელს, მისმა ბიუჯეტმა 2 826 000 ლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსახიობის შრომის საშუალო ანაზღაურება 1 328 ლარს შეადგენს. უფრო კონკრეტულად, თეატრში მსახიობის შრომის მაქსიმალური ანაზღაურება 2050, ხოლო მინიმალური - 600 ლარს უტოლდება.

აღნიშნული თემა აქტუალური გიორგი ყიფშიძის ინტერვიუს შემდეგ გახდა, რომელშიც ის მამამისის, ზურა ყიფშიძის ფინანსური პრობლემების გამო საუბრობდა. მსახიობების დაბალ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, გიორგი ყიფშიძემ მიმართვაც გაავრცელა და თეატრის მსახიობებს გაფიცვისკენ მოუწოდა.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz