2018 წლიდან დახურულ შენობებში შესაძლოა, ჩილიმისა და ელექტრო სიგარეტის მოხმარებაც აიკრძალოს | Allnews.Ge

2018 წლიდან დახურულ შენობებში შესაძლოა, ჩილიმისა და ელექტრო სიგარეტის მოხმარებაც აიკრძალოს

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის თანახმად, 2018 წლიდან დახურულ შენობებში თამბაქოს, ჩილიმისა და ელექტროსიგარეტის მოხმარება აიკრძალება, -ამის შესახებ Allnews.ge-ს უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ განუცხადა.

გუგული მაღრაძის თქმით, ელექტროსიგარეტი და ჩილიმი ადამიანს თამბაქოსთან შედარებით ზიანს ნაკლებად აყენებს, თუმცა, მათი გამონაბოლქვი გარშემომყოფებისთვის მაინც მავნებელია.

უსაფრთხოა თუ არა ჯანმრთელობისთვის ელექტრო სიგარეტი

"ჩილიმს ისეთი არომატიზატორები აქვს, რომლებიც ადამიანზე მავნე ზემოქმედებას ახდენენ, ამიტომ გამონაკლისებს ვერ დავუშვებთ. იკრძალება ელექტრონული სიგარეტიც, რადგან ის როგორც მწეველისთვის, ისე გარშემომყოფებისთვის მავნებელია. ჩილიმთან დაკავშირებით, შესაძლოა, რომელიმე რესტორანმა განაცხადოს, რომ ის ჩილიმ-ბარიცაა და რესტორანიც, სხვა მსგავსი დაწესებულებები ამ შემთხვევაში განსხვავებულ პირობებში აღმოჩნდებიან. ყველა თანაბარ მდგომარეობაში უნდა ჩავაყენოთ და მოწევა დახურულ შენობებში ყველგან ავკრძალოთ, გარდა პენიტენციალური და ფსიქიატრიული დაწესებულებებისა, სადაც თამბაქოს მოხმარების შესახებ გადაწყვეტილებას თვითონ დაწესებულების ხელმძღვანელი მიიღებს, იქ თამბაქოს მოხმარებას ჩვენ ვერ ავკრძალავთ,"- განმარტავს გუგული მაღრაძე.

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი, თამბაქოსთან დაკავშირებული აქსესუარების რეკლამასაც მოიცავს.

"მაგალითად, ტელევიზიებში პორტსიგარების, ლამაზი საფერფლეების რეკლამა არ უნდა იყოს, რათა არასრუწლოვნებში თამბაქოს გასინჯვის სურვილი არ აღძრას,"- აღნიშნავს პარლამენტის წევრი.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან ძალაში კანონის ის მუხლები შევა, რომლებიც დახურულ შენობაში თამბაქოს მოხმარებას კრძალავს, რეკლამის შესახებ აკრძალვების ძირითადი ნაწილი 2019 წლიდან ამოქმედდება, ხოლო 2020 წლიდან თამბაქოს მოხმარება სტადიონებზეც აიკრძალება.

 

მარიამ მენაბდიშილი

myquiz