ონლაინ კაზინოების რეგულირების დასავლური პრაქტიკა | Allnews.Ge

ონლაინ კაზინოების რეგულირების დასავლური პრაქტიკა

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროს ფინანსურ დირექტორს კომპანიის კუთვნილი თანხების მითვისებისთვის სასამართლომ 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც "კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი სასტუმროს ფინანსურმა დირექტორმა კომპანიის კუთვნილი 81 ათასი ლარი, რომელიც თანამშრომლების ხელფასებისთვის იყო განკუთვნილი, ერთ ღამეში ონლაინაზარტული თამაშისას წააგო. როგორც სასტუმროს ხელმძღვანელი გვიყვება, ფინანსურ დირექტორს, რომლის ხელფასიც თვეში 6 ათას ლარს შეადგენდა, კომპანიის საბანკო ანგარიშის "დიჯიპასი" გადასცა, რათა მას თანხა თანამშრომლებისთვის სახელფასო ანგარიშებზე ჩაერიცხა.

მეორე დღეს კი ფინანსურმა დირექტორმა სასტუმროს ხელმძღვანელს თავად დაურეკა და გამოუტყდა, რომ თანამშრომლების ხელფასისთვის განკუთვნილი თანხა ონლაინპოკერში არაბ მოწინააღმდეგესთან ერთ ღამეში მთლიანად წააგო. კომპანიის დირექტორის თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მათი ფინანსური დირექტორი თამაშდამოკიდებული იყო და ამ შემთხვევამდე ონლაინაზარტულ თამაშებში მთელი ქონება წაგებული ჰქონდა.

შესაბამისად, კომპანიას მხოლოდ ერთი სამართლებრივი ბერკეტი დარჩა, რომ სასამართლოსთვის მიემართა, მართლმსაჯულებამ კი 31 წლის ახალგაზრდა კაცს, რომელსაც პედაგოგი დედის, მეუღლისა და ორი მცირეწლოვანი შვილის გარდა, აღარავინ და აღარაფერი დარჩა, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თამაშდამოკიდებულებამ და ერთმა საბედისწერო ღამემ მთლიანად შეცვალა არა მხოლოდ ამ ადამიანის, არამედ მისი ოჯახის წევრების ცხოვრება, კომპანიაში კი, სხვათა შორის, სინანულით ამბობენ, რომ მის ნაცვლად პროფესიონალი კადრის შოვნა ძალიან გაუჭირდათ.

აკრძალვების დასავლური პრაქტიკა

ხელისუფლებას უყვარს სხვა ქვეყნის მაგალითების მოყვანა, ამიტომ გვინდა შევახსენოთ, როგორ რეგულირდება ონლაინ/აზარტული თამაშების რეკლამა საზღვარგარეთ. აზარტული თამაშობების რეკლამა ევროპის უმეტეს ქვეყანაში შეზღუდვებით ხორციელდება. ევროკავშირში შემავალ ქვეყნებს უფლება აქვთ, აზარტული თამაშების რეკლამის წესები საკუთარი კანონმდებლობის მიხედვით განსაზღვრონ. მაგალითად, ლატვიის "აზარტული თამაშების შესახებ" კანონის თანახმად, აკრძალულია აზარტული თამაშების რეკლამირება სათამაშო დაწესებულებების გარეთ.

ლიტვაში აკრძალულია აზარტული თამაშების რეკლამა, გარდა უშუალოდ თამაშების ორგანიზატორი ფირმის, სამორინეს, ბინგოს სალონების და სხვა სათამაშო დაწესებულებების ტერიტორიისა. ესტონეთშიც იმავენაირად, აზარტული თამაშებისა და აზარტული თამაშების გასამართი ადგილების რეკლამა აკრძალულია. დაშვებულია რეკლამა უშუალოდ აზარტული თამაშების გასამართ ადგილებში და რეკლამა არ შეიძლება შეიცავდეს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მოწოდებას.

ბულგარეთში აკრძალულია აზარტული თამაშების პირდაპირი რეკლამა, განსაკუთრებით, თუ ის მიმართულია არასრულწლოვნებისადმი.

ჰოლანდიაში "რეკლამის შესახებ" კანონის" თანახმად, აზარტული თამაშების რეკლამა არ არის აკრძალული. თუმცა არსებობს შეზღუდვები, მაგალითად, აზარტული თამაში უნდა იყოს განხილული როგორც გართობის ერთ-ერთი საშუალება, სადაც პირი ყოველგვარი გადაჭარბებული მოლოდინების გარეშე მიდის სათამაშოდ; რეკლამა არ უნდა ტოვებდეს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ სამორინეში ან სლოტაპარატით თამაშს არ შეიძლება ჰქონდეს თამაშის მონაწილისთვის არასასურველი შედეგი; რეკლამის შინაარსი არ უნდა აცდუნებდეს მაყურებელს, რომ აზარტულ თამაშებში მოგების შედეგად, შესაძლებელი იქნება მისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება; რეკლამა არ შეიძლება მიმართული იყოს არასრულწლოვანი პირებისადმი.

აზარტული თამაშები დიდ ბრიტანეთში რეგულირდება რეკლამის შესახებ კომიტეტისა და სამაუწყებლო კომიტეტის აქტებით (CAP/BCAP ცოდეს). აზარტული თამაშების რეკლამა სამაუწყებლო მედიით აკრძალულია, გარდა ინტერაქტიული და დამატებითი სატელევიზიო მომსახურების სერვისებისა (ტელეტექსტი). სატელევიზიო რეკლამა დაშვებულია მხოლოდ ლატარიებისთვის, მათ შორის ეროვნული ლატარიისთვის. წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz