"სასჯელაღსრულების დაწესებულების მსგავსი ოთახებია" - რატომ აბრუნებენ ისრაელის საზღვრიდან საქართველოს მოქალაქეებს | Allnews.Ge

"სასჯელაღსრულების დაწესებულების მსგავსი ოთახებია" - რატომ აბრუნებენ ისრაელის საზღვრიდან საქართველოს მოქალაქეებს

საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, რომელთაც ისრაელში ტურისტული ვიზიტი, სამუშაო შეხვედრა ან რაიმე სხვა აქტივობა ჰქონდათ დაგეგმილი და მესაზღვეებმა უკან მოაბრუნეს.

მოქალაქეების თქმით, მათ ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდათ, თუმცა მესაზღვრეებმა არაფერი აუხსნეს და რამდენიმე დღე ჯერ საემიგრაციო დაწესებულებაში გაატარებინეს, შემდეგ კი საქართველოში დააბრუნეს.

ლევანი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ისრაელში ტურისტული ვიზიტით ჩაფრინდა და უკან გამოაბრუნეს. მისი თქმით, მესაზღვრეეებმა მხოლოდ ის უთხრეს, რომ ისრაელისთვის არასასურველი სტუმარი იყო და "ქართველებს არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ისრაელში დაესვენათ".

"არაფერს არ გიხსნიან, აეროპორტიდან პირდაპირ საემიგრაციო სამსახურში გადაყავხარ.

ჩვეულებრივი სასჯელაღსრულების დაწესებულების მსგავსი ოთახებია და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პირები სხედან. პირველ სართულზე კაცები ვიყავით, მეორე სართულზე ქალები და ბავშვები.

წყლისა და საკების მიწოდების დრო განსაზღვრულია, ჩაკეტილი ხარ, გარეთ არ გიშვებენ, საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებს როდესაც მოუნდებოდათ, მაშინ გვაქცევდნენ ყურადღებას. გარეთ საერთოდ არ გვიშვებდნენ, ხმაურით ყველაფერს რომ ვანგრევდით, მაშინ შემოდიოდნენ"-იხსენებს ის.

ისრაელის საზღვრიდან მოქალაქეების უკან გამობრუნება და საემიგრაციო დაწესებულებაში გადაყვანა რომ გახშირებულია, ამას საქართველოს კონსული ისრაელში, ალექსანდრე ჯიშკარიანიც ადასტურებს. მისი თქმით, ეს უსაფრთხოების ნორმების დაცვის გამო ხდება.

"ეს არის ისრაელის მხარის სუვერენული უფლება.

რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას არ აქვს უფლება, უკარნახოს ქვეყანას, რომელიმე მოქალაქე შეუშვას თუ არა. ეს არის ისრაელის გადაწყვეტილება, რასაც ისინი ასაბუთებენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ისრაელს განსაკუთრებული როლი და ადგილი აქვს რეგიონში. შესაბამისად, უსაფრთხოებისა და საპასპორტო კონტროლი, რომელსაც არამარტო საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც გადიან, მკაცრია.

წინა წლის მონაცემებით, უარის თქმის მაჩვენებლები არამხოლოდ საქართველოს, არამედ ბევრი სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიმართ არის გაზრდილი. როდესაც საქართველო-ისრაელს შორის სავიზო რეჟიმი ჯერ კიდევ მოქმედებდა, საქართველოდან ისრაელში მგზავრთა რაოდენობა 3 000-მდე იყო, ხოლო 2014 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც უვიზო რეჟიმი ამოქმედდა, ნაკადი 20 000 მოქალაქემდე გაიზარდა. მგზავრების ნაკადის მაჩვენებელი არის გაზრდილი, შესაბამისად, უარის თქმის მაჩვენებლებიც გაზრდილია,"-აღნიშნავს კონსული.

რაც შეეხება დროებით განთავსების დაწესებულებებში არსებულ პირობებსა და მოქალაქეების აღნიშნულ შენობაში რამდენიმე დღის განმავლობაში იზოლირებას, ალექსანდრე ჯიშკარიანის თქმით, ის ვერ დაადასტურებს, რომ იქ ცხოვრებისთვის შეუსაბამო ვითარებაა.

"ისრაელის მხარე კონკრეტულ შემთხვევებში ჩვენთან ღიად თანამშრომლობს და ინფორმაციას გვაწვდის.

უნდა აღინიშნოს, რომ უხეშად მოპყრობისა და უმიზეზოდ არ შეშვების ფაქტები, ჯერჯერობით არ დადასტურებულა. ყოველ ასეთ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე გვეუბნება, რომ მას არც კი გაესაუბრნენ, ამას რაღაც საფუძველი აქვს. შეიძლება მის ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვა უკვე არსებობდა, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახური დამატებით გასაუბრებას არ ჩაატარებს და აქ დისკრიმინაციული მიდგომა საქართველოს მოქალაქეების მიმართ არ ხდება.

რაც შეეხება სადეპორტაციო ცენტრს, მესმის, რომ ეს არ არის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის დაწესებულება.

ეს არის სადეპორტაციო ცენტრი და რეჟიმული დაწესებულება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს შეზღუდული აქვთ თუნდაც სიგარეტის მოსაწევად გასვლა, გასეირნება. არის დაწესებული დროები საკვებისა და წყლის მისაღებად, მაგრამ ერთი რამეს მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენ აღნიშნულ სადეპორტაციო ცენტრის ხელმძღვანელებთან კონტაქტზე ვიმყოფებით და საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც აღნიშნული ტიპის დაწესებულებაში ხვდება, იღებს მისთვის განკუთვნილ მომსახურებას"-განმარტავს ის.

საქართველოში "ისრაელის სახლის" დამფუძნებელი, იციკ მოშე შესაბამის უწყებებს მიმართავს, 100 დღის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა შეწყდეს.

"მე არ მინდა კარგი წარსული ამ ფრაზელოგიამ დააზიანოს. გვჯერა, რომ ინიციატივებს, რომელსაც მომავალ კვირას დავაყენებთ, ექნება შედეგი. ორივე ქვეყნის მთავრობას უნდა მივმართოთ, პირველ ეტაპზე, დროებით 100 დღით შეწყვიტონ უვიზო მიმოსვლა საქართელო-ისრაელს შორის. ამ 100 დღეში უნდა შეიქმნას ორმხრივი კომისია, რომელიც იმუშავებს საკითხების მოგვარებაზე.

ისრაელის სახელმწიფომ უნდა გამოყოს სამუშაო კვოტა საქართველოდან ჩასული მოქალაქეებისთვის.

ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ტურისტულმა კომპანიებმა არ ივაჭრონ ადამიანებით და არ ამოიტყუონ. ტურისტულმა კომპანიებმა უნდა იმუშაონ მხოლოდ ტურიზმზე,"-განაცხადა ისრაელის წარმომადგენელმა.

საქართველოს მოქალაქეების ისრაელის საზღვირად მობრუნების თაობაზე Allnews.ge ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს, თინათინ გოგუაძესაც გაესაუბრა. მისი თქმით, ისრაელის საზღვრიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორაცია გახშირებულია და ამის შესახებ ქვეყანაში ჩასვლის მსურველებს ისინი წინასწარ აფრთხილებენ, რადგან გამობრუნების შემთხვევაში, გაწეული ხარჯები მგზავრებს არ უნაზღაურდებათ.

"როდესაც საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო მიმოსვლა დაიწყო, იქ საკმაოდ დიდი ნაკადი წავიდა და დარჩა.

საზღვრიდან უკან მობრუნების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის, რადგანაც ისრაელში წამსვლელი საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ჩადის ტურისტული მიზნით, მაგრამ შემდეგ რჩება და არალეგალი მაცხოვრებელი ხდება, საემიგრაციო სამსახური ამ ყველაფერს მკაცრად აკონტროლებს. ამის გამო, ზარალდებიან ის მოქალაქეები, რომლებიც მართლა ტურისტული მარშრუტით მიდიან, მაგრამ გამკაცრებული კონტროლის გამო უკან აბრუნებენ. არის შემთხვევები, როცა სასაზღვრო პოლიციის მიერ მათდამი მოპყრობა არ ჯდება ეთიკის ნომრებში,"-განმარტავს თინათინ გოგუაძე.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის საზღვრიდან საქართველოს მოქალაქეების გახშირებულ უკან მობრუნებასთან დაკავშირებით, ისრაელში საქართველოს კონსულის თქმით, ქართული მხარე აქტიურად მუშაობს და ყველა მოქალაქის განცხადებასა თუ შემთხევას, აქტიურად განიხილავს. როგორ დასრულდება ქართულ-ებრაულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები, ჯერჯერობით, უცნობია.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz