"ოსკარის" ნომინაციებში გამარჯვებულები | Allnews.Ge

"ოსკარის" ნომინაციებში გამარჯვებულები

ლოს ანჯელესში "ოსკარის" ყოველწლიური დაჯილდოების რიგით 89-ე ცერემონიალი გაიმართა. წლის საუკეთესო ფილმის ჯილდო "მთვარის შუქმა" მიიღო.

წლევანდელ ცერემონიალზე გარკვეული უხერხული სიტუაცია შეიქმნა. დაჯილდოების წამყვანმა წლის ფილმად თავდაპირველად "ლა ლა ლენდი" დაასახელა, თუმცა მას შემდეგ რაც აღნიშნული ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი სცენაზე ავიდა და "ოსკარი" გადაეცა, ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას აცნობეს, რომ "მოხდა გაუგებრობა" და წლის ფილმი "შეცდომით წაიკითხეს". ამის შემდეგ აჩვენეს კონვერტი, სადაც მითითებული იყო, რომ წლის საუკეთესო ფილმისთვის "ოსკარი" რეალურად არა "ლა ლა ლენდის", არამედ "მთვარის შუქს" გადაეცა.

მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის "ოსკარი" ქეისი აფლეკს გადაეცა, რომელმაც ჯილდო მიიღო ფილმში "მანჩესტერი ზღვასთან" შესრულებული როლისთვის.

რაც შეეხება ქალ მსახიობებს, აღნიშნულ კატეგორიაში გამარჯვება "ლა ლა ლენდის" მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა ემა სთოუნმა მოიპოვა. ამავე ფილმმა მიიღო "ოსკარი" საუკეთესო მუსიკისა და სიმღერისთვის. საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში გაიმარჯვა "ლა ლა ლენდის" რეჟისორმა დემიენ შაზელმა. ჯამში, "ლა ლა ლენდმა" "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე 14 ნომინაციიდან 6 ჯილდო მოიპოვა.

მეორეხარისხოვანი როლის შერულებისთვის "ოსკარი" მიიღეს მამაკაცებს შორის - მაჰარშელა ალიმ, ფილმისთვის "მთვარის შუქი", ხოლო ქალებს შორის, ვაიოლა დევისმა ფილმისთვის "წინაღობანი".

ადაპტირებული და ორიგინალური სცენარების კატეგორიებში გაიმარჯვეს ფილმებმა "მთვარის შუქი" და "მანჩესტერი ზღვასთან".

წლის ანიმაციური ფილმის კატეგორიაში კი "ზოოტოპიამ" გაიმარჯვა. წლის უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში კი "ოსკარი" მოიპოვა ირანელი რეჟისორის, ასგჰად ფარადის ფილმმა "მეზღვაური".

myquiz