ვინ არის და რას საქმიანობდა მამუკა მდინარაძე "ქართულ ოცნებამდე" | Allnews.Ge

ვინ არის და რას საქმიანობდა მამუკა მდინარაძე "ქართულ ოცნებამდე"

პროფესიით იურისტი მამუკა მდინარაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გახდა.

მდინარაძე მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც მედიის ყურადღების ცენტრში მუდმივად ჩნდება, თუმცა, პოლიტიკოსობამდე ის საზოგადოებისთვის ცნობილი პირი ისედაც იყო.

მამუკა მდინარაძე 1978 წლის 24 ნოემბერს თბილისში დაიბადა. 1995 წელს თერჯოლის N1 საშუალო სკოლა,  2000 წელს კი "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

2015 წელს, პოლიტიკურ საქმიანობამდე იგი  საადვოკატო კომპანია "მდინარაძე და პარტნიორი ადვოკატების" დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი იყო. ამავე წელს, მდინარაძეს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

ნაკლებგახმაურებული დეტალები ნიკა გვარამიაზე

2014 წელს, მამუკა მდინარაძე "საქართველოს იურისტთა ასოციაციის" გამგეობის წევრი გახდა. ამავე წელს ის "საქართველოს პარაოლიმპიური ფონდის" პრეზიდენტი იყო.

ამავე წლის დეკემბრამდე იურიდიული კომპანია "ლიგალ კონსალტინგ გრუპის" ადვოკატი და სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი იყო. 2014 წელს მამუკა მდინარაძე "ადვოკატთა ალიანსის" თავმჯდომარე გახდა და სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებულ მოვლენებში აქტიურად ჩაერთო. რეფორმასთან დაკავშირებით, ის კრიტიკული განცხადებებითაც გამოირჩეოდა.

2014 წელს, მდინარაძემ "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის" ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დოქტორანტურა დაამთავრა.

ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი, 2009-2014 წლებში "სამართლის მონიტორინგის ცენტრის" ხელმძღვანელი იყო. 2007-2014 წლებში კი სპს "თბილისის იურიდიული ცენტრის" მმართველი პარტნიორი და ერთ-ერთი ადვოკატი იყო.

რაც შეეხება უფრო ადრეულ წლებს, 2005 წელს, იგი სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი და ადვოკატი იყო, ხოლო 2001-2004 წლებში საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლად მუშაობდა.

ამავდროულად, პროფესიით იურისტი, მამუკა მდინარაძე, აკადემიურ საქმიანობასაც ეწეოდა და 1999-2006 წლებში, ლექციებს "დ. გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში" კითხულობდა.

რაც შეხება მის კაპიტალს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, თბილისში, "ჯიქიას ქუჩაზე" 80 000 ლარის ღირებულების 74 კვ.მ ფართობის ბინას ფლობს.

ძვირფასი ნივთების სახით, იგი გუდიაშვილის ერთ ფერწერულ ტილოს ფლობს, რომელიც 16 000$-დაა შეფასებული. მის მფლობელობაშია, ასევე ბაღდავაძის 3 ფერწერული ნამუშევარი, რომელთა ღირებულება 15 000$; 12 000$ და 8 000$-ია.

მამუკა მდინარაძის დანაზოგი 33 000 ლარს შეადგენს, ავტომანქანის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი კი 9 500$-ია.

გასულ წელს, მამუკა მდინარაძემ, მეგობრისგან საჩუქრად 1 000 და 1 500 ლარად შეფასებული ორი ფერწერული ტილო მიიღო.

მამუკა მდინარაძეს მეუღლე, ნათია კუნჭულია და ორი შვილი, გურამ და კატო მდინარაძეები ჰყავს. მეორე შვილი, კატო, უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს 2016 წლის ოქტომბერში შეეძინა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერსა და ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შორის, სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. ნიკა გვარამიამ, მდინარაძეს ბრალი არაკომპეტენტურობასა და სუს-ის აგენტობაში დასდო, რაზეც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ სიმშვიდისკენ მოუწოდა.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz