როგორ უზრუნველვყოთ ბავშვთა საგზაო უსაფრთხოება | Allnews.Ge

როგორ უზრუნველვყოთ ბავშვთა საგზაო უსაფრთხოება

ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისში საგზაო შემთხვევების შედეგად 2500-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, 70-ზე მეტი კი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა განუცხადა.

ტრანსპორტისა და გზებს ასოციაციამ ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების შესახებ პროექტის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას თბილისის მერიის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ მშობლებსა და მძღოლებში ჩატარებული კვლევები წარადგინა, ასევე ექსპერტების მოსაზრებები და რეკომენდაციები შეიმუშავა სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, რათა ბავშვთა საგზაო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.

დავით მესხიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვი კატასტროფულად გაიზარდა. ყოველწლიურად 600-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევაა, 10 ათასამდე ტრავმირებული ადამიანია.

მხოლოდ ბოლო ორ დღეში 7 ადამიანი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალაქ რუსთავში და ურეკში.

"მიგვაჩნია, რომ მდგომარეობა არის კატასტროფული და აქტიურობას საჭიროებს. ჩვენ შევისწავლეთ დედაქალაქში ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობა. აქაც შედეგი გვაქვს ძალიან მძიმე, ბოლო სამი წლის განმავლობაში 2500-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, ხოლო 70-ზე მეტი გარდაიცვალა. ეს მაჩვენებელი საშუალო ევროპულ მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები, თუ რა უნდა განხორციელდეს",- განაცხადა მესხიშვილმა.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია რეკომენდაციით მიმართავს ხელისუფლებას, სკოლებში, საბავშვო ბაგა-ბაღებში დაინერგოს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა ბავშვებისათვის, ასევე დაწესდეს ადმინისტრაციული სანქციები იმ ქვეითად მოსიარულე პირების მიმართ, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები საავტომობილო გზის სახიფათო ადგილებზე გადაჰყავთ. ასევე ორგანიზაცია ითხოვს ბავშვებისათვის სპეციალური სავარძლების დაკანონებას, რათა ამ სავარძლების გარეშე ბავშვების გადაყვანა ტრანსპორტში არ ხდებოდეს. ასევე მერიას რეკომენდაციას აძლევს შექმნას სასკოლო ზონები სკოლების გარშემო, სადაც საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები იქნება მიღებული.

კვლევასთან დაკავშირებით, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის რეკომენდაციებთან და ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების სამსახურის წარმომადგენელმა მიხეილ ბუზალაძემ.მისივე თქმით, სამინისტრო აქტიურად არის ჩართული საგზაო უსაფრთხოების განვითარებაში. ეს არის განახლებადი პროცესი, მიმდინარეობს ახალი სტრატეგიის შემუშავება, სადაც სამოქმედო გეგმა და პროგრამა გაწერილია მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით. სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს აქციურად ითვალისწინებს", - განაცხადა მიხეილ ბუზალაძემ.

შეხვედრაზე იმყოფებოდა ასევე თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მუმლაძე. მისი თქმით, ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების შესახებ პროექტი მათი დაფინანსებით განხორციელდა.

მისივე თქმით, ამ მიზნით მერიამ გამოაცხადა კონკურსი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად გამოეხმაურნენ.

მომავალი წლის მეორე კვარტალში თბილისის მერია ანალოგიური კონკურსის გამოცხადებას კვლავ გეგმავს.

myquiz