"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა | Allnews.Ge

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. პარტიის წარმომადგენლებმა, განცხადებები ყრილობისა და პარტიულ დაპირისპირებაში მიხეილ სააკაშვილის როლზე გააკეთეს.

გივი თარგამაძე "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა პოლიტსაბჭო დაშალა.

"შეუცვლელი ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი იქამდე მივიდა, რომ მის წარმოდგენაში ეგზისტენციალური დიდგორი 20 იანვარს, სპორტის სასახლეში, საკუთარ, თუნდაც ყოფილ თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება," - წერს პარტიის წევრი.

"ასეთ საოცარ რეალობაში გავიღვიძეთ.

გუშინ პარტიის სამდივნოს სხდომაზე, იმის პასუხად, რომ წინა პოლიტსაბჭოზე გამარჯვებულებს საკრალური 7 ათასის გარდა ყრილობის ჩატარების არც ერთი წესი ბოლომდე გაწერილი არ აქვთ და ასე მოქმედება შეუძლებელია, საჭიროა პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი სხდომის ჩატარება და ყველაფრის დაზუსტება, პასუხად მივიღეთ, რომ პოლიტსაბჭო მათი (ანუ მისი) გაგებით აღარ არსებობს და აწი ყველაფერს გადაწყვეტს ყრილობის საორგანიზაციო კომისია," - წერს გივი თარგამაძე.

მისივე თქმით, ლიდერს ნებისმიერი ცივილიზებული წესისაც ასევე ეშინია და სურს მხოლოდ ყრილობა-ბალაგანი, ერთგვარი ხურალი, რომელზეც არც ერთი საკითხის არსს არ ექნება მნიშვნელობა და ექსტაზში მყოფთა შეძახილების ფონზე ყველაფერი, რაც სურს, ყოველგვარი პოზიციების შეჯერებისა და ხმების დათვლის გარეშე ისე დამტკიცდება, როგორც სურს.

გივი თარგამაძის კომენტარის საპასუხოდ, პარტიის წევრმა, დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არსებობას ამთავრებს.

"ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო ვამბობ, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც ის არსებობდა და ქვეყნის მოდერნიზაციის მცდელობასთან ასოცირდებოდა, ეს "ნაციონალური მოძრაობა" დაშლილად მიმაჩნია. ეს ჩემი აზრია და არავისთან შეთანხმებული არ არის, რომ ის, რაც "ნაციონალური მოძრაობისგან" დარჩება, ადამიანები, ვინც ყრილობას ამზადებენ და რა ფორმითაც ჩაატარებენ, უბრალოდ არ მგონია, რომ დაკავშირებულები არიან ბიძინა ივანიშვილთან და არც იმას ვფიქრობ, რომ ეს ძალა, ქვეყანაში ყველაზე პროგრესული იქნება," - განმარტავს დავით დარჩიაშვილი Allnews.ge-სთან საუბარში და დასძენს, რომ პარტიაში დაწყებული დაპირისპირება სწორედ ოდესის ყოფილ გუბერნატორს უკავშირდება.

უნდა აღინიშნოს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფის შემთხვევაში, პარტიიდან წასულმა ლიდერებმა, შესაძლოა, "ევროპულ საქართველოში" გადაინაცვლონ.

პარტია "ევროპული საქართველოს" დამფუძნებელი და ამჟამინდელი თავმჯდომარე ნუგზარ წერეთელია.

ის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის გიგი წერეთლის მამაა. თავად გიგი წერეთლის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" გაყოფის საკითხი ამჟამად არ განიხილება.

"თუკი დააკვირდებით, მუდმივად კეთდება განცხადებების იმის შესახებ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" არავინ მიდის, არავინ არავის ემიჯნება და ასე შემდეგ. რეალურად ვითარება დაძაბულია. ყრილობამ რომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რაც ჩემთვის მიუღებელია, შეიძლება მეც ვიფიქრო, საერთოდ მინდა თუ არა პარტიაში ყოფნა. დღესდღეობით ახალ პარტიაზე არავინ საუბრობს," - განმარტავს გიგი წერეთელი.

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებას, ოთარ კახიძეც მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს.

მისი თქმით, ექს-პრეზიდენტს მეგობრები ხშირად ურჩევენ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს, თუმცა ის იმ არგუმენტებს აფიქსირებს, რომელიც სწორად და მიზანშეწონილად მიაჩნია. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამის გამო რადიკალებმა სამიზნედ აირჩიეს. ოთარ კახიძის თქმით, პარტიის შიგნით მიმდინარე დაპირისპირებაში ახალაიების ფლანგსა და ბაქრაძე-ბოკერიას ფლანგს შორის, სამწუხაროდ, მიშამ პირველ ჯგუფზე გააკეთა ფსონი.

ეს ჯგუფი ელექტორალურად უპერსპექტივოა და უსიტყვო მორჩილებისა და მიშას "უპირობო ლიდერად" აღიარების ფონზე იყენებენ მის ავტორიტეტს, ხოლო მიშა, თავის მხრივ, მათ იყენებს "ყოფილ თანამებრძოლთა" პარტიიდან განკვეთის მიზნით. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია და იგი არავის უჭირავს, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ არის ასეთი პრინციპული მიშასთვის ამ პოსტის "შენახვა," - წერს ის საკუთარ სოციალურ ქსელში.

პარტიის ერთ-ერთი წევრი, დავით კირკიტაძე კი განსხვავებულ პოზიციაზეა და აცხადებს, რომ ყრილობა ჩაივლის იმ სულისკვეთებით, რაც თითოეულ მხარდამჭერს უნდა და არა ისე, როგორც ერთი ვიწრო ჯგუფის სურვილია.

"მე-7 ყრილობა 20 იანვარს ჩაივლის იმ სულისკვეთებით, რაც თითოეულ ჩვენს თანამოაზრეს- მხარდამჭერს აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით," - აცხადებს ის.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" განხეთქილება 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიწყო, როდესაც მეორე ტურში მონაწილებასთან დაკავშირებით, პარტიის წევრების აზრი ორად გაიყო.

ერთი ნაწილი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, ფიქრობდა, რომ არჩევნები გაყალბდა და შესაბამისად, პარტიას მეორე ტურში მონაწილეობა არ უნდა მიეღო, მეორე მხარის აზრით კი, არჩევნებზე უარის თქმით, ისინი საკუთარ ამომჩეველს გაანაწყენებდნენ.

დაპირისპირება დღემდე გრძელდება და ჯერჯერობით უცნობია, პარტია არსებობას რა ფორმით განაგრძობს.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz