თბილისის მერია საცობების თავიდან ასარიდებლად მძღოლებს სპეციალურ აპლიკაციას სთავაზობს | Allnews.Ge

თბილისის მერია საცობების თავიდან ასარიდებლად მძღოლებს სპეციალურ აპლიკაციას სთავაზობს

საცობი თბილისში - პრობლემა, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობის უმეტესობას აწუხებს. რას აპირებს მერია? - ამ კითხვით თბილისის მერის მოადგილეს, ირაკლი ლექვინაძეს მივმართეთ.

როგორც Allnews.ge-ს, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, საცობებთან დაკავშირებით პრობლემის მოსაგვარებლად მერიას 5 მიმართულებიანი გეგმა აქვს.

"ეს 5 მიმართულებიანი გეგმა გამომდინარეობს იმ სტრატეგიული დოკუმენტიდან, რომელიც მიმდინარე წელს მოიწონა თბილისის მთავრობამ და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერითაა შექმნილი. ეს არის 2 წლიანი აქტივობების და მოქმედებების გეგმა.

პირველი მიმართულებაა ინფრასტრუქტურა, რომელიც გულისხმობს ახალ გზებს და ახალ კვანძებს.

მეორე მიმართულებაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოიცავს ავტობუსებს, სადაც დაწყებული გვაქვს ჩანაცვლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, მარტის ბოლომდე 143 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვა. ამ მიმართულებაში ასევე შედის მეტრო, რომლის ინვესტირება 2016 წელს დავიწყეთ მოძრავი შემადგენლობის განახლებით და 2017 წელს დაახლოებით, 30-ზე მეტი ვაგონის მოდერნიზაცია და მეტრო სადგურების რეაბილიტაცია მოხდება. აქვე შედის საბაგირო ხაზებიც. კუს ტბის მიმართულებით გავაკეთეთ ხაზი და გვაქვს გეგმა, რომელიც რამდენიმე მსგავს ახალ ხაზსს მოიცავს.

მესამე მიმართულებაა ადგილობრივი რეგულაციები, რომელიც ეხება დასუფთავებისა და დისტრიბუციის მანქანებს. ასევე მივესალმებით და მხარს ვუჭერთ იმ საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიას, რომელიც ეხება მარჯვენასაჭიან ავტომობილებს და ტექდათვალიერებას. რეგულაციებში შედის ტაქსებიც, უფრო კონკრეტულად ინფორმაციას, საზოგადოებას კონცეფციის დამუშავების შემდეგ ვაცნობებთ", - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

მისივე თქმით, შეიქმნება საცობის აპლიკაცია მძღოლებისთვის.

"მეოთხეა ტექნოლოგიური მიმართულება, რომელიც გულისხმობს ახალ შუქნიშნებს, ასევე შეიქმნება საცობის აპლიკაცია. კერძოდ, მობილურ ტელეფონში იქნება აპლიკაცია, რომლის მიხედვითაც მძღოლი ნახავს თუ რა მიმართულებით არის გადატვირთული მოძრაობა და დაგეგმავს ალტერნატიულ მარშუტს.

გვინდა, ეს აპლიკაცია მოქმედებაში იანვრის ბოლოს გავუშვათ.

მეხუთე მიმართულებაა საინფორმაციო კამპანიები, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ვახორციელებთ. ამ 5 მიმართულებიანი გეგმის ნაწილი მოქმედებაშია, ნაწილი დასრულებულია, ნაწილი კი 2017 წელს დაიწყება", - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz