როგორ მუშაობს გორის ქარის ელექტროსადგური და შეძლებს თუ არა საქართველო "მწვანე ენერგიაზე" გადასვლას | Allnews.Ge

როგორ მუშაობს გორის ქარის ელექტროსადგური და შეძლებს თუ არა საქართველო "მწვანე ენერგიაზე" გადასვლას

გორში 20,7 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური, რომლის აგებაშიც 34 მილიონი დოლარი დაიხარჯა, ორ კვირაში მილიონ 700 000 კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. გამომუშავებული ენერგია ორი კვირის განმავლობაში საშუალოდ 17 000 ოჯახს ეყოფა. ვინაიდან საშუალოდ საქართველოში თითოეული ოჯახი დაახლოებით 200 კილოვატს მოიხმარს.

ამჟამად ელექტროსადგური სატესტო რეჟიმში მუშაობს და მისი ექსპლუატაციაში შესვლა დეკემბრის მეორე ნახევრიდან იგეგმება. ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია 88 მლნ კვტ/საათია. ის ექვსი აგრეგატისგან შედგება და თითოეული მათგანის სიმძლავრე 3,45 მგვტ-ს შეადგენს.

ქარის ელექტროსადგური ე.წ "მწვანე ენერგიად" მიიჩნევა, რომელიც ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობას დადებითად წაადგება.

Allnews.ge დაინტერესდა, რამდენად წარმატებული პროექტია გორში ქარის ელექტროსადგურების აგება და აქვს თუ არა საქართველოს განახლებად ენერგიაზე გადასვლის პოტენციალი.

"ქართლის ქარის ელექტროსადგურის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, თორნიკე ყაზარაშვილის განმარტებით, ელექტროსადგურების ტესტირებამ პოზიტიური შედეგები აჩვენა და 20კვტ-იანი ელექტროსადგურისთვის 100კვტ-იანი ელექტროსადგურის დამატების პროექტზე მუშაობენ:

"კვლევა რომ დასრულდება, ყველაფერი ფინანსებსა და სახელმწიფოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, რადგან უნდა გაირკვეს, დაფინანსება სახელმწიფო იქნება თუ რომელიმე ინვესტორის შემოსვლას დაველოდებით," - განმარტავს ის.

თორნიკე ყაზარაშვილის თქმით, ქვეყანას მთლიანად ქარის ენერგიაზე ვერ გადავიყვანთ, თუმცა, 1 200 მეგავატიანი პროექტის განხორციელება შესაძლებელია. საქართველოს ენერგეტიკის სიმძლავრე მთლიანად დაახლოებით 3 900 მეგავატია, "აქედან გამომდინარე, 1 200 მეგავატიანი პროექტი, დღევანდელი გადმოსახედიდან დიდ წილს უდრის," - აღნიშნავს ის და ყურადღებას ქარის ელექტროსადგურების ეკოლოგიურ მხარეზე ამახვილებს:

"ქარის ელექტროსადგურებს გარემოზე ყველაზე ნაკლები ზეგავლენა აქვს, მას დიდი ტერიტორიები არ სჭირდება," - აღნიშნავს ის და დასძენს, რომ ქარის ელექტროსადგურები, ჰაერის დაბინძურების პრობლემის აღმოფხვრაში გარკვეულ წვლილს შეიტანს.

ენერგეტიკოს ანზორ ჭითანავას აზრით, გორში ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა კარგი წამოწყებაა და განახლებადი ენერგიის წყარო საქართველოში დიდი დოზით უნდა შეიქმნას, - "ქარის ელექტროსადგურები ზოგავს როგორც ხე-ტყეს, ისე გაზს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გამოათავისუფლებს ძალიან დიდი რაოდენობით დატვირთვისაგან იმ მინერალურ საწვავს, რომელიც ნახშირორჟანგის გამოყოფასთანაა დაკავშირებული," - განმარტავს ის.

ენერგეტიკოსის თქმით, ქარის ელექტროსადგურის აშენებამდე, ტერიტორიის პოტენციალი და რისკები კარგად უნდა შეფასდეს, - "ქარის ელექტროსადგურებს უარყოფითი მხარე მაშინ აქვს, როცა მას არასწორად შერჩეულ ტერიტორიაზე აშენებენ, მაგალითად, იქ სადაც გავრცელებულია მეფუტკრეობა. ასევე შესასწავლია, ხმაური და რადიაცია მოსახლეობამდე რამდენად აღწევს," - განმარტავს ის.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია და ჩატარებული კვლევების შედეგად ქარის ელექტროსადგურების პერსპექტიული მშენებლობის რამდენიმე მოედანი გამოიკვეთა:

1. ფოთი - 50 მგვტ-იანი სადგური, რომელიც წელიწადში 110 მლნ კვტ/სთ-ს გამოიმუშავებს;

2. ჭოროხი - 50 მგვტ-იანი სადგური, რომელიც წელიწადში 120 მლნ კვტ/სთ-ს გამოიმუშავებს;

3. ქუთაისი - 100 მგვტ-იანი ელექტროსადგური, რომელიც წელიწადში 200 მლნ. კვტ/სთ-ს გამოიმუშავებს;

4. მთა საბუეთი N1 – 150 მგვტ-იანი ელექტროსადგური, 450 მლნ კვტ/საათი-ს წლიური გამომუშავებით;

5. მთა საბუეთი N2 – 600 მგვტ-იანი სადგური, 2 000 მლნ. კვტ/საათის გამომუშავებით;

6. გორი-კასპი - 200 მეგავატიანი სიმძლავრის ელექტროსადგური, რომელიც წელიწადში 500 მლნ. კვტ.საათს გამოიმუშავებს;

7. ქარავანი - 200 მგვტ-იანი სიმძლავრის სადგური, წლის განმავლობაში 500 მლნ. კვტ/საათის გამომუშავებით,

8. სამგორი - 50 მეგავატიანი ელექტროსადგური, რომელიც წლის განმავლობაში 130 მლნ. კვტ/სთ-ს გამოიმუშავებს;

9. რუსთავი - 50 მგვტ-იანი სიმძლავრის ელექტროსადგური, რომელიც წელიწადში 150 მლნ. კვტ/სთ-ის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ ქარის ენერგეტიკას ამჟამად ყველაზე კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული ტექნოლოგია გააჩნია. მეცნიერთა შეფასებით, ქარის ელექტროსადგურების წილი მსოფლიო ენერგეტიკაში 2025 წლისთვის 10%-ს მიაღწევს.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz