მე-9 მოწვევის პარლამენტის ახალი სახეები | Allnews.Ge

მე-9 მოწვევის პარლამენტის ახალი სახეები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკურმა პარტიებმა ამომრჩევლებს ახალი სახეები წარუდგინეს.

ცესკოს მონაცემების მიხედვით, პარლამენტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 3 პარტიით დაკომპლექტდება, რომელთა შორისაც 77 მანდატი ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" – 44 მანდატი, "ნაციონალური მოძრაობა" – 27 მანდატი, "პატრიოტთა ალიანსი" – 6 მანდატი.

აღნიშნულ პარტიებში არაერთი ახალი სახეა, რომლებიც პოლიტიკაში წელს გამოჩნდნენ. "ქართული ოცნების" რიგებში, პროპორციული სიის მეოთხე ნომრად თამარ ჩუგოშვილი დასახელდა, რომელიც 2010-12 წლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი სახე, სოფიო ქაცარავაა. მანამდე ის ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი და ამავე საელჩოს პრესასთან ურთიერთობის მენეჯერი იყო.

სიის მეათე ნომერი, ირინა ფრუიძე, ახლა უკვე პარლამენტის წევრია. ფრუიძე პროფესიით ფსიქოლოგი და ექიმია, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი კი 2016 წლის მაისიდან გახდა.

სამართალმცოდნე კახაბერ კუჭავა, რომელიც სიის მეთერთმეტე ნომერია, ბოლო 5 წელია კერძო სექტორში სამთო-მოპოვებითი მიმართულებით საქმიანობს და კომპანია Caucasus Minerals-ის დამფუძნებელია.

"ქართული ოცნების" პროპორციული სიის 26-ე ნომრად ისკო დასენი დასახელდა.

2012 წლამდე იგი საქართველოს მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, 2013 წელს მიკრო-საფინანსო ორგანიზაცია "ლიდერკრედიტის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა, 2014 წლიდან კი საქართველოში მოლდოვას რესპუბლიკის საპატიო კონსულად დაინიშნა. დასენი ახლა უკვე პარლამენტის წევრია.

დიმიტრი სამხარაძე, "ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში მოხვედრამდე, იურიდიული დახმარების სამსახურის მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის მენეჯერის თანამდებობას იკავებდა. სამხარაძე პარტიის პროპორციული სიის 27-ე წევრია.

სიის 29-ე წევრი, ბიზნესმენი შოთა შალელაშვილი გახდა, რომელიც მანამდე "ბანკი ქართუს" სამართლებრივი რეგულირების განყოფილების უფროსი იყო. 2014 წელს, ბიძინა ივანიშვილი მისთვის ბანკის მიყიდვას გეგმავდა.

"ქართული ოცნების" პროპორციული სიის 43-ე ნომრად კი ჟურნალისტი ენძელა მაჭავარიანი დასახელდა. მანამდე ჟურნალისტი სამების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი იყო, ბოლო პერდიოში კი კომპანია GDS-ის ჟურნალისტი გახლდათ.

ახალი სახეები ამომრჩეველს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც" წარუდგინა.

მათ შორისაა პროპორციული სიის მეორე ნომერი, სანდრა ელისაბედ რულოვსი, რომელიც ამავდროულად ზუგდიდის 66-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი გახდება, საქართველოს პარლამენტშიც ამავე სტატუსით შევა, ხოლო თუ აღნიშნულ ოლქში გამარჯვებას ვერ მოიპოვებს, პარლამენტის წევრი პროპორციული სიით გახდება.

"ნაციონალური მოძრაობის" პროპორციული სიის მესამე ნომრად "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ყოფილი ხელმძღვანელი ელენე ხოშტარია დასახელდა, რომელიც ამავდროულად ვაკის ნომერ მეორე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია და გამარჯვების მოსაპოვებლად მეორე ტურში იბრძოლებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ხოშტარია 2007 წელს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილეც იყო.

პარტიის კიდევ ერთი ახალი სახე პროპორციული სიის მეშვიდე ნომერი ოთარ კახიძეა, რომელიც 50-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

2012 წლის დეკემბრიდან ის არასამთავრობო ორგანიზაცია "პოლიტიკის ანალიზის ცენტრის" ხელმძღვანელი იყო, ამავე წლის პირველ ოქტომბრამდე კი იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსი გახლდათ.

კახიძე, დეპუტატობამდე ყოფილი პრემიერ და შს მინისტრის ივანე მერაბიშვილის ადვოკატი იყო.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი წევრი და პროპორციული სიის მერვე ნომერი სალომე სამადაშვილი დეპუტატობამდე არასამთავრობო ორგანიზაცია "სტრატეგიული კომუნიკაციისა და დემოკრატიის ცენტრსა" და საკონსულტაციო ფირმის ashvili International Consultants ხელმძღვანელობდა, რომელიც თავად დააარსა.

2016 წლის 5 მაისიდან სამადაშვილი საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა.

სიის მეათე ნომერი და ახლა უკვე დეპუტატი სერგი კაპანაძე 2011-12 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, შემდეგ "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დამფუძნებელი და დირექტორი გახდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კაპანაძე 2011-15 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, ასევე მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" სიის მეცამეტე ნომრად ზუგდიდის მ. კოსტავას სახელობის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ლელა ქებურია დაასახელა.

მანამდე, ქებურია 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო, 2015 წლიდან კი ენმ-ის ზუგდიდის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე გახდა.

რაც შეეხება "საქართველოს პარტიორთა ალიანსს" საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში, პროპორციული სიით, პარტიის 6 წევრი მოხვდა.

სიის პირველი ნომერი მედია-კავშირი "ობიექტივის" ხელმძღვანელი და "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილია, რომელსაც 2012 წელს ცნობილი ციხის კადრების გასაჯაროება უკავშირდება.

სიის მეორე ნომერი, ადა მარშანია 1983-87 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს კონსულტანტი იყო, 1987 წლიდან კი სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

აღსანიშნავია, რომ 1992-2008 წლებში მარშანია საქართველოს მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და საქართველოს სახალხო ფრონტის გამგეობის წევრთა რიგებშიც ირიცხებოდა. გარდა ამისა, ადა მარშანია ფრაქცია "ლეიბორისტების" თავმჯდომარის მოადგილის პოზიციასაც იკავებდა.

"პატრიოტთა ალიანსის" სიის მესამე ნომერი ნატო ჩხეიძე, ბლოკ "საქართველოს აღორძინების" წევრი იყო. ის ტელეკომპანია "იბერიისა" და "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელია. ნატო ჩხეიძე ამჟამად საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა.

სიის მეოთხე და მეხუთე წევრები გელა მიქაძე და გიორგი ლომაია არიან, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები "პატრიოტთა ალიანსის" საქმიანობაში.

მეექვსე ნომერი და ახლა უკვე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ემზარ კვიციანია. ემზარ კვიციანი კოდორის ხეობაში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის რწმუნებული იყო. მან ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსულ ხელისუფლებას დამოურჩილებლობა გამოუცხადა და დაახლოებით 200 თანამოაზრესთან ერთად კოდორის ხეობას აფარებდა თავს, თუმცა სპეცოპერაციის შედეგად სპეცრაზმმა მათი განიარაღება შეძლო, თავად კვიციანი კი გაიქცა.

2014 წლის 28 თებერვალს საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კვიაციანი აეროპორტშივე დააკავეს, თუმცა, 2015 წლის 28 იანვარს საპრეცესო შეთანხმების შემდეგ გაათავისუფლეს. ამავე წლის მარტში, კვიციანი "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრი გახდა.

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი აღნიშნული დეპუტატებით უკვე დაკომპლექტდა და უახლოეს მომავალში ფუნქციონირებასაც დაიწყებს, რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატების მანდატების გადანაწილებას, საქართველოს მასშტაბით არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში უნდა გაიმართოს, საიდანაც 18 თბილისის, 32 კი რეგიონების ოლქია.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz