რა მოხდება თუ "ქართული ოცნება" კონსტიტუციურ უმრავლოსობას მოიპოვებს? | Allnews.Ge

რა მოხდება თუ "ქართული ოცნება" კონსტიტუციურ უმრავლოსობას მოიპოვებს?

ის, რომ "ქართულ ოცნებას" ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, კითხვის ნიშნებს აღარ ტოვებს, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.

აქედან გამომდინარე, ძაბირაძის აზრით, პირველი ორი საკითხი, რომელსაც "ქართული ოცნება" კონსტიტუციის თვალსაზრისით განახორციელებს, იქნება პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა.

"როგორც მეორე ტურში გასულმა კანდიდატებმა აჩვენა, იქაც დაპირისპირება თითქმის მთლიანად "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის არის. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ პროცესები არც მეორე ტურში შეიცვლება და შეიძლება მივიღოთ უპრეცედენტო ვითარება ჩვენს ისტორიაში, როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს იგებს.

იმ სქემამ, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთობლივად წარმართეს წინასაარჩევნო პროცესში, ნამდვილად იმუშავა.

აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ "ქართულ ოცნებას" ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, კითხვის ნიშნებს აღარ ტოვებს. გამომდინარე აქედან, პირველი ორი საკითხი, რომელსაც "ქართული ოცნება" კონსტიტუციის თვალსაზრისით განახორციელებს, იქნება პარლამენტის გადმოტანა თბილისში და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით, ანუ პარლამენტის მიერ არჩევა. არ ვიცი, ქორწინების საკითხს შეიტანენ თუ არა კონსტიტუციაში, მაგრამ ეს ორი ნამდვილად დაანონსებულია", - განაცხადა ძაბირაძემ.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ მეორე ტურების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს.

მისივე თქმით, თუკი "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, "ხელისუფლებით ტკბობაში არ უნდა შევიდეს", ვინაიდან ეს მმართველი ძალისთვის ცუდ შედეგებს მოიტანს.

"არაფერს ისეთს განსაკუთრებულს არ უნდა ველოდოთ,

იმიტომ რომ ჩვენდა საბედნიეროდ, "ქართული ოცნება" არ არის იმ ტიპის ძალა, ყოველ შემთხვევაში მე იმედი მაქვს, რომ თავში აუვარდებათ და რაღაც სისულელეების კეთებას და კონსტიტუციის საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებას დაიწყებენ.

დღეის მდგომარეობით, "ქართული ოცნება" არ გავს ასეთ ძალას. მთავარია, რომ ახლა მოხდეს არჩევნების შედეგების გამყარება და ჩვენ არ მივიღოთ ან მოკლევადიანი, ან პერმანენტული კრიზისი 4 წლის განმავლობაში.

ამასთან, "ქართულ ოცნებას" უნდა ესმოდეს შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ ის მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ მას მაღალი სახალხო ლეგიტიმაცია აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაშიც მისთვის ამ ქვეყნის მოსახლეობის 30%-ზე მეტს არ მიუცია ხმა, დღეს ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, როდესაც არამხოლოდ "ქართული ოცნების" ლეგიტიმაცია, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" გაძლიერება მოხდა საბოლოო ჯამში. ჩათვალეთ, რომ დღეს თავისი ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი "ქართულმა ოცნებამ" უკვე დაკარგა. შესაბამისად, არ აქვს საქმე დალხენილად.

მას აქვს სუსტი საერთო სახალხო ლეგიტიმაცია და აბსოლუტურად ანტაგონისტურად, აგრესიულად განწყობილი პოლიტიკური ელიტა და ვითარების მორყევის, სტაბილურობის დასუსტების შანსები, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი, ჯერ კიდევ მაღალია. აქედან გამომდინარე, "ქართული ოცნება" თუ ამ საკონსტიტუციო უმრავლესობის ტკბობაში შევა, მე მგონი ისინი ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან", - განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის თქმით, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რა ტაქტიკას აირჩევს "ნაციონალური მოძრაობა".

"შეიძლება "ნაციონალური მოძრაობა" ფორსირებული რეჟიმით, ე.წ. სააკაშვილის გზით წავიდეს და უკვე დღეს შეეცადოს რაღაც კრიზისის ინიცირებას დანარჩენ პოლიტიკურ ელიტასთან ერთად, ან შეიძლება აირჩიოს უფრო გრძელი გზა და რაც უფრო მეტად გაერთობა ხელისუფლებით ტკბობაში "ქართული ოცნება", ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის "ნაციონალური მოძრაობის" შანსებს გრძელვადიან სცენარში, ანუ 2020 წლის არჩევნებზე, როდესაც სისხლიან 9 წელზე ლაპარაკი სრული აბსურდი იქნება და მეტი პოლიტიკური არგუმენტი "ქართულ ოცნებას" "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ არ გააჩნია", - განაცხადა ხუხაშვილმა.

myquiz