ირღვევა თუ არა კანონი მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობით? | Allnews.Ge

ირღვევა თუ არა კანონი მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობით?

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ექსპრეზიდენტი, ამჟამად უკრაინის მოქალაქე და ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ხშირად ავრცელებს ვიდეო მიმართვებსა და დაპირებებს, რომლებსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში შეასრულებს.

Allnews.ge დაინტერესდა, აქვს თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლება.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მეექვსე თავის, 45-ე მუხლის 4-ე პუნქტის მიხედვით, რომელშიც განხილულია, ვის არ შეუძლია წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება, მითითებულია, რომ "უცხო ქვეყნის მოქალაქესა და ორგანიზაციას" წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

მიხეილ სააკაშვილი - 8 ოქტომბრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად გავუშვებთ სახელმწიფოს ხარჯზე სასწავლებლად

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, კანონში ასეთი კანონის ჩანაწერის არსებობის დროს, უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვასთან დაკავშირებული კითხვების გაჩენა, ლეგიტიმურია.

"ჩვენ უნდა გავიხსენოთ 2012 წლის არჩევნებიც, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გამო კონსტიტუციაც კი შეიცვალა, რათა მას არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ჰქონოდა. ამ რეალობის გათვალისწინებით მესმის, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის დამფუძნებელია, თუმცა ის დღეს აღარ არის საქართველოს მოქალაქე და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ექსპრეზიდენტის აგიტაციაში ჩართვა კანონის ნორმებთან შესაბამისობაში არ მოდის და ამაზე რეაგირება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა მოახდინოს," - განმარტა იურისტმა.

იურისტ ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არათუ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის, არამედ ნებისმიერ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის მიღების უფლება ეზღუდებათ.

"თუ არაფორმალურ ლიდერებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ამის ნათელი მაგალითი თავად მიხეილ სააკაშვილია, იმიტომ რომ სხვა სუვერენული სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ერევა, მართავს "ნაციონალურ მოძრაობას."

მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილს არჩევნები წაგებული აქვს

"სააკაშვილი კანონს ცალსახად არღვევს, როდესაც "სკაიპის" ან ვიდეომიმართვების საშუალებით წინასაარჩევნო დაპირებებს აჟღერებს და ამომრჩეველს მიმართავს, რისი სასჯელიც მხოლოდ 2 000 ლარიანი ჯარიმაა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა გამოწეროს,"- ბოჟაძემ ასევე დასძინა, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აღნიშნული ჯარიმის გადახდა მისი არაფორმალური ლიდერის წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვად უღირს.

საარჩევნო კოდექსში არსებულ ჩანაწერთან დაკავშირებით კომენტარს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" არ აკეთებენ. პარტიის წარმომადგენლის, სალომე სიგუას თქმით, ლიდერები დღევანდელი აქციის გამო დაკავებულები არიან.

"ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, გუშინ მომხდარი აფეთქებისა და დღევანდელი აქციის გარდა"- განუცხდა Allnew.ge-ს სიგუამ.

რაც შეეხება "ცესკოს" პოზიციას, უწყების წარმომადგენლის, ქეთევან დანგაძის თქმით, კომისიაში აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება მხოლოდ საჩივრის შესვლის შემთხვევაში ხდება.

"ფაქტზე რეაგირება მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციას ოფიციალურად მომართავენ. აქედან გამომდინარე, ზოგად განცხადებებს ვერ გავაკეთებთ,"- განაცხადა მან.

მიხეილ სააკაშვილი აჭარლებისთვის მიმართვას ავრცელებს

აღსანიშნავია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღებისთვის საჩივარი მხოლოდ ერთხელ განიხილეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ "აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას" (უსკო) დაავალა, განეხილა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ბათუმში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას გაკეთებულ ვიდეომიმართვას ეხებოდა, თუმცა "უსკომ" აღნიშნული სარჩელი არ დააკმაყოფილა.

რა ემუქრება მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz