თბილისის მერიამ საცობების მართვის 5-პუნქტიანი სქემა შეიმუშავა | Allnews.Ge

თბილისის მერიამ საცობების მართვის 5-პუნქტიანი სქემა შეიმუშავა

თბილისის მერიაში საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია დასრულდა.

პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ არსებული მდგომარეობის, ტრანსპორტის გენერალური გეგმისა და ურბანული მობილობის სტრატეგიის, ასევე საცობების მართვის 5-პუნქტიანი სქემის შესახებ ისაუბრა. როგორც ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, თბილისში საცობების წარმოქმნის სამი ძირითადი მიზეზი არსებობს, ეს არის ყოველწლიურად ავტოტრანსპორტის საშუალებების რიცხვის ზრდა, რომელიც 2010 წელთან შედარებით გაორმაგებულია. ლექვინაძის თქმით, ყოველდღიურად თბილისში დაახლოებით 500 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება.

საცობების შექმნის მეორე პრობლემად ლექვინაძემ დაასახელა მერიის მიერ დაგეგმილი საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მნიშვნელოვანია და ძირითადად ზაფხულის პერიოდში ხორციელდება და ასევე მცირე შეფერხების დროს მძღოლების მოუწესრიგებელი მოძრაობა, რაც ასევე იწვევს საცობებს.

"მერიას შემუშავებული აქვს საცობების მართვის 5-პუნქტიანი სქემა, რომელიც პასუხობს ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. ეს ხუთი მიმართულება მოიცავს ინფრასტრუქტურის მოწყობას, კერძოდ, იგი ითვალისწინებს ახალი გზების მშენებლობას და არსებულის რეაბილიტაციას, შეკეთებას, რათა მეტი გამტარუნარიანობა და მობილობა უზრუნველყოს.

მეორე მიმართულება გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, მეტროს, ავტობუსისა და საბაგირო ხაზების მიმართულებით გარკვეული სიახლეები უკვე განხორციელებულია. მესამე მიმართულება ეს არის რეგულაციები. ამ მხრივ ჩვენ განვახორციელეთ დასუფთავებისა და სადისტრიბუციო კომპანიების მანქანებისათვის გარკვეული რეგულაციები, ასევე ვფიქრობთ, თბილისში შემომავალ ტრანზიტულ მიმართულებებზე გარკვეული ტიპის ცვლილებები განვახორციელოთ.

თბილისის მერი საცობების მიზეზებზე საუბრობს

ასევე გვინდა ავამოქმედოთ ისეთი რეგულაციები, რომელიც მერიის კომპეტენცია არ არის, თუმცა ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ რეგულაციების შემოღებას. მეოთხე მიმართულება ტექნოლოგიური მიმართულებაა და მეხუთე - ცნობიერების ამაღლების მიმართულება", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

როგორც მერიაში აცხადებენ, დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის ხუთპუნქტიანი სქემა ეყრდნობა თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიის ძირითად პრინციპებს, რომელიც შექმნილია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ.

myquiz