რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის აფეთქების მცდელობას გამოხმაურება მოჰყვა | Allnews.Ge

რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის აფეთქების მცდელობას გამოხმაურება მოჰყვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობას უხდის. მთავრობის მეთაურის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძალიან ეფექტურად იმუშავა.

"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ოპერაციაში მონაწილეობდა, ვინაიდან დიდი უბედურება იქნა თავიდან აცილებული. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დროული და ეფექტური ღონისძიებების ჩატარება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური, გამოძიების პროცესის მიმდინარეობიდან გამომდინარე, შემდგომი კომენტარებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

"ჩატარდება გამოძიება. ერთი შეიძლება ითქვას - ცხადია, რომ ძალიან დიდი საფრთხე იქნა თავიდან აცილებული, რისთვისაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობა ეკუთვნის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვიცე პრემიერ-მინისტრმა კახა კალაძემ თავის მხრივ იმედი გამოთქვა, რომ მალე დადგინდება ვის მიერ იყო დაგეგმილი აღნიშნული დივერსიული აქტი. ენერგეტიკის მინისტრმა უსაფრთხოების სამსახურს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სახელმწიფოსთვის და ხალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდობის შენარჩუნებაა.

"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო უსაფრთოების სამსახურს, მის ხელმძღვანელობას, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ეს ძალიან მძიმე დივერსიული აქტი აღკვეთა. ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და შესაბამისი სამსახურები, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ამისთვის. დარწმუნებული ვარ, გამოძიება გაგრძელდება და აუცილებლად დადგინდება, ვის მიერ იყო ეს დაგეგმილი", - განაცხადა კახა კალაძემ.

ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე მიიჩნევს, რომ სუს-ის მიერ გახსნილ საქმეს არასწორი კვალიფიკაცია აქვს მიცემული. როგორც ხარშილაძემ საქართველოში ტერაქტის აღკვეთის შესახებ სუს-ში გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა, ეს არა ტერაქტი, არამედ "უფრო დივერსიაა".

"პირველ რიგში, ეს არ არის ტერაქტი. ეს არასწორი კვალიფიკაციაა. ტერაქტს აქვს იდეოლოგიური შემადგენელი, სამოქალაქო პირების წინააღმდეგ არის მიმართული, მას რაიმე გზავნილი უნდა ჰქონდეს. ეს უფრო დივერსიაა. მეორე - გამოძიებიდან რამდენიმე საათის შემდეგ უკრაინაზე საუბარი, ჩემი აზრით, არის ძალიან იაფფასიანი პროპაგანდა", - განაცხადა ექსპერტმა.

როგორც ხარშილაძემ აღნიშნა, არავითარი ლოგიკა არ არის იმ მოსაზარებებში, რომ უკრაინაში ხშირად სიარული რამენაირად ნიშნავდეს დაჯგუფების იმ ქვეყნიდან მართვას.

"მე ვერანაიარდ ვერ ვხედავ ლოგიკას, რომ ხშირად სიარული რომელიმე ქვეყანაში შესაძლოა ნიშნავდეს იქიდან მართვას. ეს უკვე იმას კითხეთ, ვინც ასეთი ლოგიკით ცდილობს ჩამოყალიბოს ეს ფაქტები. არის ჩვეულებრივი დივერსია, თუ არის სინამდვილეში, ესეც გასარკვევია. რა მიზეზებია, ეს უნდა გაირკვეს. წინასწარი განცხადება კი არის პოლიტიკური პიარი და მეტი არაფერი", - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს საქართველოში ტერორისტული აქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ. ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე კი, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

myquiz