ნატო-საქართველო - რას ველოდით და რა მივიღეთ ვარშავის სამიტიდან | Allnews.Ge

ნატო-საქართველო - რას ველოდით და რა მივიღეთ ვარშავის სამიტიდან

საქართველო ნატოს რიგით ოცდამეშვიდე სამიტიდან, კვლავ, მაპისა და კონკრეტული სამომავლო პერსპექტივის გარეშე დაბრუნდა.

კითხვაზე, რა ჩამოიტანა საქართველომ ალიანსის ვარშავის სამიტიდან, ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პასუხობს, რომ პოლონეთის დედაქალაქიდან საქართველო მიდის მეტად გაძლიერებული, როგორც თავდაცვისუნარიანობის გაღრმავების თვალსაზრისით, ასევე საქართველოს თემატიკის, პრობლემატიკისა და მნიშვნელოვანი საკითხების სამიზნე აუდიტორიამდე მიტანის კუთხითაც.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამიტის შემდეგ მიღებულ კომუნიკეში საქართველო თითქმის ყველა მნიშვნელოვან ასპექტშია მოხსენებული, რაც მას სხვა წლებში მიღებული კომუნიკეებისგან განასხვავებს და ქვეყნისთვის წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვარშავიდან ნატოს წევრი ქვეყნების თანადგომა "ჩამოიტანა". მაგრამ ნიშნავს, თუ არა ეს თანადგომა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის მხარდაჭერას?!

ამერიკის შეერთებული შტატების ჯარის პოლკოვნიკისა და ევრაზიულ საკითხთა ექსპერტის რობერტ ჰამილტონის განმარტებით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრები ქმედითი ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად დაჟინებით იმეორებენ, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად აირჩიოს მოკავშირე.

"თუ ყველა ქვეყანას რეალურად აქვს უფლება გაწევრიანდეს ნებისმიერ მისთვის სასურველ ბლოკში, საქართველო უკვე იქნებოდა ნატოს წევრი, რადგან მან გააკეთა ყველაფერი და უფრო მეტიც, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა და, ამ ეტაპზე, საქართველო უფრო მეტად არის მზად წევრობისთვის, ვიდრე ყველა დანარჩენი ქვეყანა, იმ დროს, როდესაც ისინი ნატოში მიიწვეს."-განმარტა რობერტ ჰამილტონმა.

მიუხედავად ამისა, ალიანსის წევრი ქვეყნები საქართველოს მომზადების პროცესს მაინც განაგრძობენ.

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს ძალისხმევა მიმართულია საქართველოს პროგრესის ხელშეწყობისკენ წევრობისთვის მზადების გზაზე.

"ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას აღმოსავლეთით. საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, რათა კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა ჩვენი ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსთვის"- ამბობს სტოლტენბერგი.

ნატოს წევრი ქვეყნები დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი შეუქცევადია.

"საქართველომ ბევრს მიაღწია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის სამაგალითო გახდა. მნიშვნელოვანია დაწყებული რეფორმების გაგრძელება"- ამბობს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ რინკევიჩი.

ამასთანავე, წევრმა ქვეყნებმა დაადასტურეს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი რჩებიან.

"საქართველო გახდება ნატოს წევრი"- ასე ჟღერდა ის გადაწყვეტილება, რომელიც ბუქარესტის სამიტის კომუნიკეში ჩაიწერა, თუმცა მას შემდეგ 6 წელი გავიდა და საქართველოს მცდელობის მიუხედავად წევრობის სამოქმედო გეგმაც ვერ მივიღეთ.

ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი განმარტავს, რომ მაპი დაფიქსირებულია, როგორც აუცილებელი ეტაპი ჩვენს სრულფასოვან წევრობამდე.

სჭირდება თუ არა საქართველო რეალურად მაპი?

მარგველაშვილის თქმით, საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტი და ის ინსტრუმენტები, რომლებიც საქართველომ მიიღო ძალიან მაღალ ხარისხზე მოამზადებს რეფორმებს და გაზრდის ალიანსთან თავსებადობას.

რობერტ ჰამილტონი მიიჩნევს, რომ ნატომ საქართველოსთვის მაპის მინიჭების ეტაპი უნდა გამოტოვოს, რადგან საქართველომ წევრობის სამოქმედო გეგმის ყველა მოთხოვნა უკვე შეასრულა და ეს მხოლოდ დროის გაჭიანურება იქნება.

რატომ აჭიანურებს ნატო საქართველოს საკუთარ რიგებში მიღებას?

აშშ-ის ევრაზიულ საკითხთა ექსპერტის თქმით, პასუხი ცალსახაა და საქართველოს ჩრდილოელ მეზობელზე მიუთითებს.

"ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს საქართველოს მოწვევით რუსეთის რისხვის დამსახურება არ სურთ, რუსეთი კი ამით სარგებლობს და ეწევა პროპაგანდას საქართველოს დასარწმუნებლად, რომ ის ევროპაში, სინამდვილეში, არავის სჭირდება და რომ რუსეთსა და საქართველოს უფრო მეტი საერთო აქვთ ღირებულებითი სისტემიდან გამომდინარე, ვიდრე ევროპასთან - განმარტავს რობერტ ჰამილტონი.

ექსპერტის თქმით, დასავლურმა ქვეყნებმა აღნიშნული ცრურწმენა უნდა დაარღვიან და საქართველო ალიანსში მოიწვიო ისე, რომ თან რეგიონში სტაბილურობა შეინარჩუნონ.

არის თუ არა აღნიშნული ამოცანის შესრულება რეალური, იმ პირობებში, როდესაც რუსეთი ნატოს მხრიდან დიდ საფრთხეს გრძნობს, ალიანსის გაფართოვებას ეწინააღმდეგება და მზად არის შეიარაღებული თავდასხმა განახორციელოს, იმ შემთხვევაში, თუ თბილისი ოფიციალურ მიწვევას მიიღებს ?

რობერტ ჰამილტონის განმარტებით, ამოცანა საკმაოდ რთულია.

ექსპერტი მიიჩნევს, ნატომ საქართველოს ინტეგრაციის პროცესში მაპის მინიჭების ეტაპი უნდა გამოტოვოს. ჰამილტონის თქმით, საქართველოს მიწვევიდან მის რეალურ გაწევრიანებამდე ძალიან მცირე შუალედი უნდა იყოს, რათა რუსეთმა არ ისარგებლოს და იქამდე, სანამ ნატო საქართველოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას სრულად აიღებს, შეიარაღებული თავდასხმა არ განახორციელოს.

ჰამილტონის მითითებით, მცირე შუალედის მიუხედავად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოება საკუთარ თავზე უნდა აიღოს და რუსეთის ინტერვენცია არ დაუშვას.

რობერტ ჰამილტონის თქმით, რუსეთი თავისი ბუნებიდან გამომდინარე უფრო პრაქტიკულ პოლიტიკას ეწევა, მისი აგრესიული პოლიტიკის მაპროვოცირებელი კი ხშირ შემთხვევაში ამერიკის ლიბერალური პოლიტიკა ხდება, როგორც ეს 2008 წელს საქართველო - რუსთის ომის, უკრაინაში ინტერვენციისა და, თუნდაც, სირიის შემთხვევაში მოხდა - დასავლეთმა რუსეთს მხოლოდ სანქციებით უპასუხა.

შეძლებს თუ არა ნატო თავისი ურყევი პოლიტიკის დაცვასა და საქართველოსთვის ბუქარესტის სამიტზე მიცემული პირობის ასრულებას 2017 წელს ბრიუსელში გამოჩნდება.

myquiz