რა შანსები აქვს განახლებულ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" საპარლამენტო არჩევნებზე | Allnews.Ge

რა შანსები აქვს განახლებულ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" საპარლამენტო არჩევნებზე

"მჯერა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ერთობა, განახლებული გუნდი, განახლებული ენერგია, კონკრეტული გეგმები და მკაფიო ხედვა" - ეს არის ციტატა გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლიდან, რომელიც მან პარტია "ქართული ოცნების" ყრილობაზე ახალი წევრების წარდგენის შემდეგ გააკეთა.

"ქვეყანაში დაბრუნდა შევარდნაძის დროინდელი კითხვა - გვეშველება რამე? და გეტყვით რომ აუცილებლად გვეშველება. ჩვენ ვართ ასეთი გუნდი,", - ეს სიტყვები კი "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველ ნომერს, დავით ბაქრაძეს ეკუთვნის, რომელმაც პარტიის ახალი წევრები დაასახელა.

ორივე პარტიის ახალ წევრებს არჩევნებზე გამარჯვებისა და პარლამენტში უმრავლესობით შესვლის იმედი აქვთ.

სოფიო კილაძე, პარტია "ქართული ოცნების" ახალი წევრი: ვფიქრობ, ჩვენს პარტიას აქვს ყველა რესურსი იმისთვის, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში ისევ უმრავლესობით მოვიდეს.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა, ჩვენს გუნდს ხალხის უმეტესი ნაწილის მხარდაჭერა აქვს, აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ "ქართული ოცნება" დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, თუმცა ამის აუცილებელი წინაპირობა 24 საათიან რეჟიმში მუშაობაა, რასაც ვაკეთებთ კიდეც. ვფიქრობ, მუშაობის ასეთი რეჟიმი და პირველ რიგში კი ხალხის ნდობა, აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე.

-ვინ შემოგთავაზათ პარტიაში გაწევრიანება?

-ერთადერთი, რაც შემიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით გითხრათ, არის ის, რომ ჩემი გაწევრიანების საკითხი არ ყოფილა 1 წუთის ან 1 დღის გადაწყვეტილება, მას თან ახლდა გარკვეული პროცესები.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ახალი გუნდი შეუერთდა ერთ საერთო გუნდს. "ქართული ოცნება" არის ერთი მთლიანი გუნდი და ამ გუნდის ნაწილი ვარ მეც მათ შორის.

-რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა, რამ განაპირობა?

-ვფიქრობ, ჩემი პოზიციიდან რომელიც ახლა მიჭირავს, უფრო მეტის გაკეთება შემიძლია ჩემი ქვეყნისთვის.

-პარტიაში კონკრეტულად რა მიმართულებით იმუშავებთ?

-გადაწყვეტილი ზუსტად არ არის, ამ საკითხზე ვიმუშავებთ, როგორც გუნდი გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, ჩემი პოზიციაც იქნება გათვალისწინებული, ისე ვიმოქმედებთ.

ოთარ კახიძე, "ნაციონალური მოძრაობის" ახალი წევრი: პარტიაში ვიმუშავებ სამართლებრივი მიმართულებით, იმ მიმართულებით რაც არის ჩემი კომპეტენცია. დროა, რაც არ მოგვწონს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკაში, შევცვალოთ საზოგადოებრივი ატქიურობით და ამის ერთ-ერთი ძირითადი გზა პოლიტიკაში მონაწილეობაა.

შევეცდებით არჩევნებზე ხმების ის რაოდენობა ავიღოთ, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლას, ამისთვის უნდა დავიწყოთ ინტენსიური საარჩევნო კამპანია და ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზოთ საკუთარი ხედვა თუ როგორ გამოვიყვანთ ქვეყანას შექმნილი მძიმე კრიზისიდან.

-გააგრძელებს თუ არა განახლებული "ნაცმოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის გზას, ჩაერთვება თუ არა ყოფილი პრეზიდენტი საარჩევნო პროცესში?

-მიხეილ სააკაშვილი არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი, ამჟამად ის უკრაინის მოქალაქე და ოდესის გუბერნატორია. მიხეილ სააკაშვილი არის რეგიონალური ლიდერი, რომელიც ამავე დროს ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი და თანამოაზრეა, თუმცა ის საარჩევნო პროცესში ჩართვას არ გეგმავს, ეს შეგიძლიათ მისივე ინტერვიუებში იხილოთ.

ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ყველა ჩვენს თანამოაზრესთან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთანაც, თუმცა საარჩევნო პროცესში ის არ არის ჩართული.

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას თქმით, ორივე პარტიას ამომრჩევლების დიდი ნაწილის ნდობა დაკარგული აქვს, რაც წინასაარჩევნოდ სახარბიელო მდგომარეობას არ ქმნის.

კორნელი კაკაჩია: ახლა იმის მცდელობაა, რომ "ქართულმა ოცნებამ", ისევე როგორც "ნაციონალურმა მოძრაობამ", რაღაცნაირად მოახერხონ და ე.წ. მიუმხრობელი, ჯერჯერობით გადაუწყვეტელი ამომრჩეველის ხმები მოიზიდონ.

მართალია, "ქართულ ოცნებას" ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვს, მაგრამ ეს რამდენად იქნება საკმარისი პარლამენტში უმრავლესობის მისაღებად ჯერ კიდევ გასარკვევია.

მოსახლეობაში გულაცრუებულ ამომრჩეველთა რაოდენობა საკმაოდ დიდია", - ამბობს კაკაჩია.

პოლიტოლოგის თქმით, ამ არჩევნებზე, ისევე როგორც წინა არჩევნებზე, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი მაინც მნიშვნელოვანი იქნება, "მიუხედავად იმისა, რომ ერთი ამბობს პოლიტკიდან ვარ წასულიო, მაგრამ ამბობს, რომ ამ საარჩევნოდ რეგიონებში ივლის და ხალხს შეხვდება, ისევე როგორც სააკაშვილი, რომელიც შეიძლება საქართველოს მოქალაქეც არ არის, მაგრამ უკრაინიდან ხელმძღვანელობს პარტიას".

თეა ბეჟიტაშვილი

 

myquiz