ეგვიპტური ლაინერის გაუჩინარების მიზეზი შესაძლოა ტერორისტული აქტი იყოს | Allnews.Ge

ეგვიპტური ლაინერის გაუჩინარების მიზეზი შესაძლოა ტერორისტული აქტი იყოს

ფრანგული სპეცსამსახურები არ გამორიცხავენ, რომ სამგზავრო ლაინერის გაუჩინარების მიზეზი ტერორისტული აქტი იყოს. ამის შესახებ დასავლური მედია წერს.

თავის მხრივ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, მანუელ ვალსი აცხადებს, რომ "ხელისუფლება არც ერთ ვერსიას არ გამორიცხავს".

საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი არსებულ სიტუაციაზე ეგვიპტელ კოლეგას აბდელ ფათაჰ ალ-სისის გაესაუბრა. ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ თვითმფრინავის გაუჩინარების გარემოებებს ერთად გამოიძიებენ.

ეგვიპტური ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა

ამასთან, დასავლური მედია გაუჩინარებული ლაინერის ბორტზე მყოფი მგზავრების ეროვნების შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

ტელეკომპანია "ბიბისის" ინფორმაციით, ბორტზე იმყოფებიან: ეგვიპტის 30, საფრანგეთის - 11, დიდი ბრიტანეთის - 1, ბელგიის - 1, ერაყის -2, ქუვეითის -1, საუდის არაბეთის -1, სუდანის -1, ჩადის -1, პორტუგალიის -1, ალჟირის -1 და კანადის 1 მოქალაქე.

უკვე 5 საათია, რაც ლაინერ A320 -თან კავშირი დაკარგულია. "ბიბისი" წერს, რომ მგზავრების ოჯახის წევრები ამ წუთებში კაიროს აეროპორტში იმყოფებიან, ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ იქვე მივიდა ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი შარიფ ისმაილიც.

ავიაკომპანია EgyptAir-ის კუთვნილი თვითმფრინავი რადარებიდან პარიზიდან კაიროში ფრენის დროს გაქრა. ლაინერის ბორტზე 66 ადამიანი, მათ შორის 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდნენ. ლაინერი პარიზიდან 18 მაისის საღამოს გაფრინდა, დღეს დილით კი მისი გაუჩინარების შესახებ გახდა ცნობილი.

myquiz