ბათუმის ბულვარის ნაწილი გადათხრილია - ტურისტული სეზონის გახსნამდე 2 კვირა დარჩა | Allnews.Ge

ბათუმის ბულვარის ნაწილი გადათხრილია - ტურისტული სეზონის გახსნამდე 2 კვირა დარჩა

1-ელ ივნისს აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველ ძველ ბულვარში კი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. კერძოდ, მიმდინარეობს სასეირნო ხეივნების მოპირკეთების სამუშაოები, გადათხრილ ბილიკებზე ფილებს აგებენ.

ტემპერატურის მატებასთან ერთად, ქალაქში დამსვენებლების რიცხვიც უკვე იზრდება. უცხოელი ტურისტები ბულვარში სეირნობის დროს დისკომფორტზე საუბრობენ, ადგილობრივები კი მთავრობას სამუშაოების დროულად დამთავრებისკენ მოუწოდებენ.

31 წლის ქსენია ალექსეევნა რუსეთიდან:

"მე და ჩემი მეუღლე მცირეწლოვან შვილთან ერთად საქართველოს პირველად ვსტუმრობთ. ინტერნეტით მოვიძიე ინფორმაცია, თუ რას ვნახავდი ბათუმში. ყველაზე მეტად ბათუმის ბულვარზე, ბოტანიკურ ბაღსა და აჭარულ სამზარეულოზე წერდნენ . ექვსი დღეა აქ ვართ და ბულვართან დაკავშირებით იმედები გაგვიცრუვდა. გადათხრილია ძალიან დიდი ტერიტორია და ყველას ვურჩევდი საღამოს აქ სეირნობისგან თავი შეიკავონ".

26 წლის მაქსიმი უკრაინიდან:

"ბათუმი ძალიან ლამაზია, ამინდიც ხელს უწყობს კარგ განწყობას. მიუხედავად იმისა, რომ ბულვარში სეირნობის დროს არის გარკვეული დისკომფორტი, ეს არ უშლის ხელს კარგ შთაბეჭდილებებს. აქ ყველაფერი ძალიან ლამაზია, მასპინძლების კეთილგანწყობა ყველა ნაბიჯზე იგრძნობა".

მანანა კენჭაძე - ადგილობრივი მცხოვრები:

"ბავშვი ვერ გამომიყვანია სასეირნოდ, მტვერშია გახვეული ბულვარი და თუ კარგად არ დააკვირდები სად ადგამ ფეხს, შეიძლება კისერიც მოიტეხო. გასული წლიდან მოყოლებული არ დაადგა საშველი ამ სამუშაოების დასრულებას. არაფრის თავი ამათ არ აქვთ, დაიწყებენ საქმეს და დამთავრებას ბოლო აღარ აქვს. საუბრობენ, თითქოს თვის ბოლომდე დაასრულებენ სამუშაოებს, მაგრამ ნახავთ რაც იქნება დასრულებული. მე არ მყავს დამსვენებლები, მაგრამ ვხედავ ამდენი უცხოელი დადის და ნეტა რა შთაბეჭდილება უნდა წაიღონ მათ სამშბლოში ორმოებში ფეხსაცმელს რომ ჩატოვებენ".

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია სამუშაოების შეფერხებაზე საუბრობს, თუმცა ვალდებულებას იღებს, რომ 31 მაისამდე ძველ ბულვარში ყველა სახის სამუშაოები დასრულდება.

ბათუმის ბულვარის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ირაკლი კოტია აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულებას მოსახლეობის პროტესტმაც შეუშალა ხელი თუმცა, მისივე მტკიცებით, ტურისტული სეზონის დაწყების თარიღთან დაკავშირებით მოწესრიგებული იქნება ბულვარი და მზად იქნება ტურისტების დასახვედრად:

"სამი სასეირნო ბილიკის მოპირკეთება თავიდან სხვაგვარად იყო დაგეგმილი. შუა ბილიკის სხვა მიმართულებით გაკეთება იგეგმებოდა, ახლა კი მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე აქაც სასეირნო ზონა კეთდება და ფილებით უნდა მოეწყოს. ცოტათი გაიწელა სამუშაოები, მაგრამ ვალდებულებას ვიღებთ 31 მაისს დასრულდეს ყველა სახის სამუშაოები", - აღნიშნა ირაკლი კოტიამ.

პრობლემებია ახალ ბულვარშიც, თუმცა ძველი ბულვარისგან განსხვავებით, აქ საუბარია არსებული ინფრასტრუქტურის მოუვლელობაზე. სასეირნო ბილიკები სარეველებით არის დაფარული, ფანტანები კი გამორთულია. ველობილიკები წაშლილია, ხოლო ველოპარკი მოშლილი. ამფითეატრი ქარმა დაანგრია, დასასუფთავებელია მდინარეებიც.

76 წლის ბეგლარ შავაძე:

"მთაში ვეღარ დავდივარ და სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად ახალ ბულვარში გამოვდივარ, აქვე ვცხოვრობ. წინა მთავრობის დროს გაკეთდა ახალი ბულვარი და მას შემდეგ ხელიც არავის შეუვლია, არავის უზრუნია აქ არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნებაზე. ათი დღე იქნება მოდიან და მუშაობენ, ბალახი გათიბეს, ალაგებენ. ზაფხულობით აქ ბევრი ხალხია და ალბათ ემზადებიან მათი კომფორტისთვის".

ბულვარის ადმინისტრაცია ახალ ბულვარში გეგმიური სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულებას 20 მაისამდე გეგმავს, ხოლო სეზონის გახსნამდე ყველა სახის სამუშაო უნდა დაასრულოს. ბულვარის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ახალ ბულვარში მიმდინარე სამუშაოები ტურისტების კომფორტს ხელს არ შეუშლის:

"ველობილიკის შეღებვა დაწყებულია, ამფითაეტრის გადახურვას რაც შეეხება, თავის დროზე ტენტი გაიხა და მისი დემონტაჟი განვახორციელეთ. სამი ინსტანცია მოვიგეთ სასამართლოში და ველოდებით კომპანიის მხრიდან ამფითეატრის აღდგენას. ახალ ბულვარში მიმდინარეობს ხე-მცენარეებისა და ნარგავების შეცვლა. ბულვარის ტერიტორიაზე განლაგებულ ფილებზე არსებულ სიმწვანეზე გეტყვით, რომ ეს თავის დროზე ესპანელებმა დააპროექტეს და ასე უნდა იყოს. იმას არ ვგულისხმობ, რომ არ უნდა გაიკრიჭოს, მაგრამ გეგმიურად ხორციელდება ამის გაკრეჭვა.

რაც შეეხება არხებს, დაგეგმილი იყო მათი მოპირკეთება, დროიდან გამომდინარე არის ხარვეზები, უნდა განხორციელებულიყო 20 მაისისთვის, დავაშრეთ ეს არხები, მაგრამ სავარაუდოდ ქარმა შემოიტანა ნაგავი და ამან ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია. ამ არხების გაწმენდა ცოტა მოგვიანებით განხორციელდება, რაც არ შეუშლის ხელს ტურისტების კომფორტს", - აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში.

ახალი ბულვარის მიმდებარე სანაპირო სამი წლის წინ შტორმმა დააზიანა.

სასეირნო ბილიკი დაზიანებულია, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება კი საფრთხეს წარმოადგენს. ამ ნაწილის რეაბილიტაციას ჯერჯერობით არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ გეგმავს.

ნინო ხოზრევანიძე

myquiz