საქართველოს კულტურის მინისტრს უკრაინელი კოლეგის სახელით რუსული ტელეარხიდან დაურეკეს და "ევროვიზიის" კონკურსში მხარდაჭერა სთხოვეს | Allnews.Ge

საქართველოს კულტურის მინისტრს უკრაინელი კოლეგის სახელით რუსული ტელეარხიდან დაურეკეს და "ევროვიზიის" კონკურსში მხარდაჭერა სთხოვეს

საქართველოს კულტურის მინისტრს უკრაინელი კოლეგის სახელით რუსული ტელეარხიდან დაურეკეს და "ევროვიზიის" კონკურსში მხარდაჭერა სთხოვეს.

გუშინ, რუსული Россия-ს ეთერში, "ევროვიზიის" შესახებ გადაცემაში გაუშვეს სატელეფონო საუბარი მიხეილ გიორგაძესთან.

არხის წარმომადგენელი, რომელიც მას უკრაინის კულტურის მინისტრის სახელით ესაუბრება, მიხეილ გიორგაძეს სთხოვს, საქართველომ მხარი დაუჭიროს უკრაინელ კონკურსანტს.

"ტრადიციულად საქართველოს მხრიდან მხარდაჭერა საკმაოდ ინტენსიურია, მაგრამ მე დამატებით დაველაპარაკები "პირველი არხის" უფროსს და ვკითხავ, როგორ შეიძლება, კიდევ უფრო გავაღვივოთ ეს მხარდაჭერა და ვთხოვ, ეს გააკეთოს. ის ჩემი კარგი მეგობარია, ასე რომ, პრობლემა არ იქნება", - აცხადებს საპასუხოდ მიხეილ გიორგაძე.

ამასთან, ტელეკომპანიის წარმომადგენელი გიორგაძეს სთხოვს, საქართველომ რუსეთსაც კარგი ქულები დაუწეროს, რათა შეთანხმებაში არ დაადანაშაულონ. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიამ იგივე ექსპერიმენტი ჩაატარა მოლდოვას კულტურის მინისტრთანაც და მისგანაც უკრაინის მხარდაჭერის პირობა მიიღო.

"ევროვიზიის" გამარჯვებული უკრაინელი ჯამალა გახდა

საქართველოს კულტურის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ეს სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა.

"ეს სატელეფონო საუბარი შედგა ნამდვილად და მინისტრი დარწმუნებული იყო, რომ ელაპარაკებოდა მის უკრაინელ კოლეგას. თუმცა მინისტრსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს შორის არანაირი საუბარი ამ საკითხზე არ ყოფილა. თვითონ სატელეფონო საუბარიც იყო პოლიტკორექტულობის ფარგლებში, იმიტომ, რომ არანაირი პირობის დადებას ადგილი არ ჰქონია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ქეთი ებანოიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ეგონა მიხეილ გიორგაძეს, რომ თავის უკრაინელ კოლეგას ესაუბრებოდა და იყო თუ არა ეს პროტოკოლის შეცდომა, ებანოიძისთვის უცნობია და აცხადებს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც მინისტრები პირადად ეკონტაქტებიან ერთმანეთს.

შეგახსენებთ, რომ "ევროვიზია 2016"-ის გამარჯვებული უკრაინელი კონკურსანტი ჯამალა გახდა, რომელსაც საქართველომ მაქსიმალური, 12 ქულა მიანიჭა.

myquiz