ვინ ისარგებლა საქართველოში ლარის გაუფასურებით | Allnews.Ge

ვინ ისარგებლა საქართველოში ლარის გაუფასურებით

ეროვნული ვალუტა პოზიციებს იმყარებს: თუ რამდენიმე თვის წინ 1 დოლარის ღირებულება 2,5 ლარი იყო, დღეს უკვე 2,2334 ლარია.

შესაბამისად, სკეპტიკოსთა პროგნოზი, რომ 1 აშშ დოლარი სულ მალე 3 ლარი გახდებოდა, არ გამართლდა. ამ სიტუაციაში ჩნდება კითხვა - ვინ ისარგებლა ლარის მკვეთრი გაუფასურებით, შემდეგში კი - მისი უეცარი გამყარებით? ექსპერტები ერთ რამეში თანხმდებიან - მოიგო იმან, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა და სრულ ინფორმაციას ფლობდა.

ავთო სილაგაძე - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: "როდესაც კურსი არასტაბილურია და მისი გაუფასურება ნახტომისებურად მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში ვერც ქვეყანა სარგებლობს და ვერც მოსახლეობა. თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც ბიზნესი, რომლისთვისაც არამყარი სიტუაცია იქმნება. ლარის სწრაფი გაუფასურება მხოლოდ იმათთვის იყო მომგებიანი, ვინც ამ პროცესზე ინფორმაციას ფლობდა, ამავე დროს, მყარი ვალუტა ჰქონდა და ყოველგვარ ხარჯს ლარში იხდიდა. ბიზნესისთვის არც სწრაფი გამყარებაა სასარგებლო და არც სწრაფი გაუფასურება. აქვე შეიძლება ითქვას, რომ ლარის ამჟამინდელი გამყარება დადებითი მოვლენაა, რადგან ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვს. ჯერჯერობით ეს ჩვენს ეკონომიკაზე განსაკუთრებულ გავლენას ვერ ახდენს, მაგრამ თუ ეს პროცესი ზომიერად, მიზანმიმართულად წარიმართება და ფასებზეც აისახება, მაშინ უკვე თამამად ვიტყვით, რომ ეს კარგია".

"თავისუფალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურება მართული პროცესი იყო, რადგან ქვეყანაში ამ მასშტაბის გაუფასურების წინაპირობები არ არსებობდა.

"ამ პროცესით ისარგებლა იმან, ვინც იცოდა რა მოხდებოდა. შეიძლება ეს იყო ეროვნული ბანკი, მთავრობა, ან კომერციული ბანკები ანუ ვისაც ჰქონდა ინფორმაცია ლარის კურსის დაცემასა და შემდგომში - მის გამყარებაზე. მთავრობა და ეროვნული ბანკი ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდნენ კურსის ფორმირებაში, მაგრამ მარტო გიორგი ქადაგიძე კი არა, ქვეყნის ცენტრალური ბანკის საბჭო იღებდა მცდარ გადაწყვეტილებებს, რაც ლარის კურსზეც მოქმედებდა. ეს იყო მიზანმიმართული, მცდარი პოლიტიკა. ახლაც იგივე ხდება, ოღონდ, საპირისპირო მიმართულებით. ჩემი აზრით, ეკონომიკური პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, რომ ლარის კურსს პოლიტიკური გადაწყვეტილებები აღარ განსაზღვრავდეს", - აღნიშნავს პაატა შეშელიძე.

მისი თქმით, ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ლარის კურსის დაცემით ექსპორტიორებმა ისარგებლეს, მაგრამ მთლად ასეც არ არის: მოგება ნახა ექსპორტიორთა იმ ნაწილმა, რომელიც ჩახედული იყო ამ პროცესში.

"რა თქმა უნდა, სავალუტო ჯიხურებმაც ისარგებლეს და კიდეც უნდა ესარგებლათ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. უბრალოდ, მთავრობას და ეროვნულ ბანკს გამჭვირვალე პოლიტიკა უნდა ჰქონდეს, რომ საქართველოში ერთი ადამიანი მეორის ხარჯზე არ მდიდრდებოდეს. ეს არის პრობლემა, თორემ ვიღაც რომ გამდიდრდება, ეს ცუდი სულაც არ არის", - ამბობს "თავისუფალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი.

შეკითხვაზე, რით აიხსნება ლარის გამყარება, პაატა შეშელიძემ გვიპასუხა - "უბრალოდ, პოლიტიკა შეიცვალა და კურსიც გამყარებისკენ მიდის. სამწუხაროა, მაგრამ ერთი რამ უნდა ვაღიაროთ: ლარის კურსი ადამიანების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული". იხილეთ გაგრძელება

myquiz