ლაშქრობის სეზონი იწყება - როგორ მოვემზადოთ სალაშქროდ | Allnews.Ge

ლაშქრობის სეზონი იწყება - როგორ მოვემზადოთ სალაშქროდ

უამრავი ადამიანისთვის საქართველოში ლაშქრობა უკვე ცხოვრების წესად იქცა. ზოგისთვის ეს ბუნებასთან ურთიერთობის, დასვენებისა და განტვირთვის საშუალებაა, ზოგისთვის კი ლაშქრობა ჯერ კიდევ "უცხო ხილია". "მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის" ხელმძღვანელი ხვთისო ტურძელაძე ALLNEWS.GE-ს ლაშქრობის სპეციფიკაზე, მის დადებით თუ უარყოფით მხარეებსა და იმ აუცილებელ წესებზე ესაუბრა, რომელთა გათვალისწინებაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც პირველი ლაშქრობისთვის ემზადება.

"ჩვენ არასწორი წარმოდგენები და სტერეოტიპები გვაქვს ლაშქრობასთან დაკავშირებით. ლაშქრობა არ არის აუცილებლად მთაში სიარული. მთაში სიარული ეს არის ალპინიზმი. ლაშქრობა, ანუ "ჰაიკინგი" ამერიკიდან წამოვიდა, შემდეგ ევროპაში გავრცელდა, კი საქართველოში თავისი წესებით დაიმკვიდრა თავი (თუმცა, ადრეც დადიოდნენ, რა თქმა უნდა, სალაშქროდ). ლაშქრობა არის მთამსვლელობის მსგავსი სახეობა, მაგრამ ბევრად მარტივია და მასში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია და ეს არის დიდი პლუსი" - ამბობს ხვთისო ტურძელაძე და ლაშქრობის დაწყების მსურველებს დეტალურ ინფორმაციას აწვდის:

რა უნდა ვიცოდეთ დასაწყისისთვის: "ლაშქრობას აქვს სამი კატეგორიის ბილიკი: მარტივი, საშუალო და რთული. რთულ ბილიკზე, რა თქმა უნდა, გამოუცდელი ადამიანი არ მიჰყავთ. ამისთვის საჭიროა, მინიმუმ სამჯერ გაიაროთ საშუალო სირთულის ბილიკი. რადგან თითოეულ დეტალს მაინც პრაქტიკაში სწავლობთ. ცოტა რთულია თეორიულად ამ ყველაფრის ახსნა. თუ ლაშქრობაში პირველად მიდიხართ, მე პირველ რიგში გირჩევდით, გაყვეთ მოლაშქრეთა რომელიმე კლუბს ან ფედერაციას, სადაც პრაქტიკაში ისწავლით აბსოლუტურად ყველა დეტალს. აუცილებელია გქონდეთ კარგი ეკიპირება, რომლის შეძენაც ერთჯერადად შეიძლება სოლიდური თანხა დაგიჯდეთ, მაგრამ სამაგიეროდ, მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიყენებთ".

ეკიპირება: "ეკიპირებაში აუცილებლად შედის პირველ რიგში, კარგი ზურგჩანთა, რომელიც უნდა იყოს ძალიან ხარისხიანი და ტევადი. საქართველოს პირობებში 55-დან 75 - მდე ლიტრაჟობის ჩანთაა მიზანშეწონილი. აუცილებელია კარგი კარავი, რომელიც არ გაატარებს წყალს. კარგი იქნება თუ კარავი ცნობილი ბრენდის ნაწარმი იქნება, იმისთვის, რომ ვენდოთ და არ გვიმტყუნოს. კარგი საძილე ტომარა გვჭირდება, მინუს 10 გრადუსის კომფორტის ტემპერატურის მქონე. გვჭირდება ფეხსაცმელი, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად მაღალძირიანი (და არა მაღალქუსლიანი). ცალკე ბრენდები არსებობს სალაშქრო ფეხსაცმლის და კარგი იქნება თუ მას იყიდით. საჭიროა თავისუფალი ტანსაცმელი, ასევე, აუცილებლად, გამოსაცვლელი ტანსაცმელი. იმიტომ რომ ხშირად, წვიმაც რომ არ იყოს, სიარულის დროს სხეული ოფლიანდება და სველი სამოსით სიარული არ არის მიზანშეწონილი, სასურველია, გამოსაცვლელი ტანსაცმელი რაც შეიძლება მეტი გქონდეთ - ეს დამოკიდებულია ზურგჩანთის ტევადობაზე.

რთულ ბილიკზე საჭიროა სალაშქრო საკვების წაღება. ჩვენი სფეროს ერთადერთი მინუსი სწორედ ის არის, რომ საკვები არ არის ძალიან ჯანსაღი. ძირითადად იგი შემოიფარგლება სწრაფი მომზადების წვნიანებით, პიურეს ფხვნილებით. კარგია ისეთი საკვების წამოღება, რომელიც მალფუჭებადი არ არის, მსუბუქია და კალორიული. თუმცა, მარტივ ბილიკებზე მე არავის ვურჩევდი, თავი შეიზღუდონ და სალაშქროდ მომზადებული საკვები წაიღონ. წაიღონ ის, რისი წაღებაც სურთ."

ჰიგიენა: "ნუ გვექნება ის წარმოდგენა, რომ ჰიგიენის საშუალებები არ არსებობს. პირიქით, არსებობს. ასევე არსებობს სალაშქრო შხაპი, სპეციალური კარავია, რომელშიც შხაპის მისაღებად შედიან. ზოგჯერ კბილის ჯაგრისიც კი არ მიაქვთ რადგან ჰგონიათ, რომ ლაშქრობაში აუცილებლად ჰიგიენის გარეშე უნდა იყვნენ. არა და პირიქით, რაც უფრო მეტ ჰიგიენას და კომფორტს შეიქმნით და ბუნებაში ისე იგრძნობთ თავს, როგორც საკუთარ სახლში, მაშინ ხართ ყველაზე ბედნიერი. ჰიგიენასთან დაკავშირებული ყველა პრობლემური საკითხის გადაჭრა შესაძლებელია."

ამინდი: "კარგია, თუ გვექნება ინფორმაცია მოსალოდნელი ამინდის შესახებ. ამისთვის არის ვებგვერდები და მათი ნდობა შეიძლება, მაგრამ მოლაშქრე მომზადებული უნდა იყოს ნებისმიერი ამინდისთვის. ჩვენი სეზონის განმავლობაში ხშირია მცირე წვიმები, საჭიროა გვქონდეს საწვიმარი ლაბადა და კარავიც, ფეხსაცმელიც იყოს მაქსიმალურად წყალგამძლე. მოლაშქრეებისთვის ცუდი ამინდი არ არსებობს."

ინსტრუქტორების როლი: "მოლაშქრეთა ჯგუფს, რომელიც გადაადგილდება მიჰყვება მინიმუმ სამი ინსტრუქტორი. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც აკონტროლებენ ხაზის გადაადგილებას: წამყვანი გზირი, რომელიც ჯგუფს მიუძღვის, ჯგუფის შუაში არის ერთი ან რამდენიმე გამანაწილებელი, და ბოლოს, ჯგუფს მიჰყვება ჩამკეტი, რომელიც აკონტროლებს რაოდენობას და უსაფრთხოებას. უბრალოდ, თითოეულმა ადამიანმა უნდა დაუჯეროს მათ.

მე ინსტრუქტორის გარეშე ლაშქრობის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ძალიან ბევრი ცუდი შემთხვევა დაფიქსირებულა. მათ შორის, წელს - სამი შემთხვევა იყო ადამიანების დაღუპვის. ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ მოუმზადებლები იყვნენ ამ სფეროში. ამიტომ, მე ყველას ვურჩევ გაჰყვეს გამოცდილ ჯგუფს, რომელიც იცავს წესებს. დამწყები ძალიან კარგად ისწავლის ყველაფერს. შემდეგ კი უკვე თავის ჯგუფებთან ერთად შეძლებს გადაადგილებას. თუმცა, მე გამოცდილ მოლაშქრეებსაც ვურჩევდი, რომ ინდივიდუალურად არსად ილაშქრონ. მარტო ლაშქრობა ძალიან ცუდია. აუცილებლად გჭირდება ადამიანი, რომელიც ფორსმაჟორის დროს გვერდით დაგიდგება."

ლაშქრობა, როგორც ნარკოტიკი: "ლაშქრობა კურიოზულიც არის. ხშირად ისმის ფრაზები: "ნეტა რესტორანში წავსულიყავით", "აქ რა გვინდოდა", "ვინ აიტეხა აქ წამოსვლა", მაგრამ როდესაც ეს ადამიანები სახლში ბრუნდებიან, მეორე-მესამე დღეს ისევ სადღაც წასვლის სურვილი უჩნდებათ. ეს ერთგვარი ნარკოტიკია, ჯანსაღი ნარკოტიკი, რომელიც ყველამ უნდა მიიღოს და საკუთარ თავზე გამოსცადოს.

საინტერესო ინფორმაცია: "მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია სეზონს 22 აპრილს ხსნის. 22-დან 25 აპრილამდე სეზონის გახსნის ღონისძიება გაიმართება, ტყიბულის ტბის პირას 5-დღიანი ბანაკი განთავსდება, სადაც მოლაშქრეთა ყველა ჯგუფი და მოლაშქრე, ვინც აქტიურად დადის და დახეტიალობს საქართველოში, ერთად მოიყრის თავს. ფედერაცია იზრუნებს მათ განწყობაზე. ბევრი კარგი ღონისძიება იგეგმება ამ ბანაკში, იქნება მუსიკალური კონცერტი, სხვადასხვა აქტივობა და გასართობი ღონისძიებები. რაც მთავარია, წელს ამ ბანაკში გავმართავთ პირველ ჩემპიონატს სპორტულ ლაშქრობაში, რათა სპორტული კუთხით წარმოვაჩინოთ ჩვენი აქტივობა. ამის მაგალითი არსებობს ბევრ ქვეყანაში. ეს ამერიკაში ყველაზე პოპულარულია და ჩვენთანაც უნდა გაამართლოს იმიტომ, რომ ქართველებს ძალიან უყვართ ლაშქრობა. ამის ბუნებრივი რესურსიც დიდი გვაქვს".

თამარ კორკოტაშვილი

იხილეთ ასევე:  National Hiking Federation’s hints to explore unknown Georgia (+ Photos)

ნაკლებად ცნობილი ტურისტული ადგილები საქართველოში

myquiz