"სითი პარკის" გადასახადის გადახდა მძღოლებს 2024 წლის ბოლომდე მოუწევთ | Allnews.Ge

"სითი პარკის" გადასახადის გადახდა მძღოლებს 2024 წლის ბოლომდე მოუწევთ

თბილისის მცხოვრებლებს "სითი პარკის" გადასახადის გადახდა 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოუწევთ.

აღნიშნულ კომპანიასა და დედაქალაქის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება სწორედ ამ ვადამდე იმოქმედებს. ეს ინფორმაცია ALLNEWS.GE-ს უწყებაში დაუდასტურეს.

მიუხედავად იმისა, რომ მერიის მაღალჩინოსანთა მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება ხელშეკრულების გადახედვასა თუ გაუქმებასთან დაკავშირებით, კონკრეტული ცვლილებები, ამ დრომდე არ განხორციელებულა.

ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში, მერიამ "სითი პარკთან" მოლაპარაკებების დაწყება დააანონსა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას დაჰპირდა.

კერძოდ, "სითი პარკს" უნდა შეზღუდვოდა ავტომანქანების საჯარიმო სადგომზე გადაყვანის უფლება, უნდა გაუქმებულიყო ხელშეკრულების ის მუხლი, რომლითაც კომპანიას პარკირების მოწყობისა და ადმინისტრირების ექსკლუზიური უფლება ენიჭებოდა, ასევე "სითი პარკს" უნდა მოეხდინა ტროტუარზე პარკირების შეზღუდვის უზრუნველყოფა.

როგორც "სითი პარკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ALLNEWS.GE-ს განუცხადეს, საჯარიმო სადგომზე გადაყვანის უფლება კომპანიას კვლავ აქვს.

როგორც ცნობილია, კომპანიას ავტომობილების საჯარიმო სადგომზე გადაყვანის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ იგი მოძრაობას აფერხებს, დგას შშმ პირებისათვის გამოყოფილ სპეციალურ ზონაში, გაჩერებულია "დგომა აკრძალული" და "გაჩერება აკრძალული" საგზაო ნიშნების მოქმედების ზონაში და ფასიანი პარკირების ზონაში 12 საათზე მეტხანს ისე, რომ არ აქვს გადახდილი პარკირების საფასური.

საჯარიმო ავტოსადგომიდან ავტომობილის გაყვანისთვის მძღოლმა უნდა გადაიხადოს ჯარიმა 60 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება პარკირების საფასურს, იგი ერთი წლის განმავლობაში 50 ლარს, 6 თვის მანძილზე 25-ს, ხოლო ერთი კვირის ვადით 4 ლარს შეადგენს. 

მერიასა და "სითი პარკს" შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა. როგორც "სითი პარკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლევან ტაბიძე ამბობს, ხელშეკრულების გაუქმების საკითხი არ განიხილება.

ქრისტინე გამთენაძე

myquiz