რა გაკეთდა პეკინის ქუჩაზე
რამდენიმე დღეში პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. პროცესი, რომელსაც თბილისის მერმა "ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტი" უწოდა, სამ თვეს გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში თქვენ თავადვე იყავით მომსწრე, როგორ მიმდინარეობდა სამუშაოები. ბევრ მოქალაქეს, განსაკუთრებით მძღოლებს, დისკომფორტიც შეუქმნა ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე თვეების მანძილზე მოძრაობის პარალიზებამ.
რა გაკეთდა სამ თვეში პეკინის ქუჩაზე, როგორი იქნება რეაბილიტირებული ქუჩა და დარჩება თუ არა ცალმხრივი - "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის თემა" ამის შესახებ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა ისაუბრა.
- თბილისის მერმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და 10 სექტემბრისთვის დასრულდება. როდის გაიხსნება სრულად გზა?
- გზის სავალი ნაწილი თითქმის დასრულებულია. 100-მეტრიანი მონაკვეთი დარჩა და დილისთვის დასრულდება ეს სამუშაოები. სრულად ვართ გადართულები ტროტუარების კეთებაზე. მარცხენა მხარეს დღეს ეს სამუშაოებიც დასრულდება და უკვე შშმ პირების გადასასვლელის სამუშაოებს დავიწყებთ, რისთვისაც სამი-ოთხი დღე დაგვჭირდება.
პარალელურად გაგრძელდება მარჯვენა მხარეს ტროტუარების მოწყობა, თავდაპირველად მოეწყობა ავტობუსის გაჩერებები, დასრულდება ტროტუარის მშენებლობა და შემდეგ დაიგება წითელი ასფალტი, რომელიც იქნება განკუთვნილი ველოსიპედით გადაადგილებისთვის. მოეწყობა ორმხრივი ველობილიკი, ასევე მოეწყობა "ბას ლაინები" (ავტობუსის ხაზები), რომელსაც, დაახლოებით, ათი დღის ვადაში დახაზავს ტრანსპორტის საქალაქო სამსახური. ამის შემდეგ სრულად იქნება საშუალება, აღდგეს მოძრაობა.
- პროექტის მიხედვით, პეკინის ქუჩის არამხოლოდ მიწისქვეშა ნაწილი, ტროტუარებიც სრულიად სახეცვლილი იქნება. კონკრეტულად რა სამუშაოები ჩატარდა და როგორი იქნება ქუჩის საბოლოო სახე?
- ამ გზის რეაბილიტაცია ბოლოს 1953-1955 წლებში მოხდა, დიდი სამუშაოები გაწია "ჯვპ"-მ. მთლიანად შეიცვალა 400-იანი და 160-იანი წყლის მილები და სანაცია მოხდა 1000-იან მილზე. დაახლოებით 400-მეტრიანი კანალიზაციის გვირაბის რეაბილიტაცია მოხდა, ძირითადი სირთულის სწორედ ეს სამუშაოები იყო.
ამასთან, ჩვენ მოვაწყობთ თანამედროვე ტიპის, შშმ პირებისთვის გადასასვლელებს, ასევე ავტობუსის გაჩერებებზეც იქნება იგივე მოწყობილი, გაკეთდება ახალი გაჩერებები, ხეების ირგვლივ მოეწყო ახალი ცხაურები და წყლის დამცლელები დამონტაჟდა. გამწვანების სამსახური გააგრძელებს მუშაობას, დაიდგმება ყვავილების ქოთნები და სკამები. შეიძლება ითქვას, მოქალაქეები სრულიად ახალ პეკინის ქუჩას მიიღებენ.
- მთავარი შეკითხვა, რაც ახლა მოქალაქეებს აწუხებთ, არის ის, დარჩება თუ არა პეკინის ქუჩა ცალმხრივი. რას იტყვით ამის შესახებ?
- ჩვენ პროექტის დაწყებამდე დავთვალეთ მოძრაობა თუ რამდენი მანქანა მოძრაობს პეკინის ქუჩაზე, როდესაც შევხედეთ, რომ ახლა არსებულმა მოძრაობის ნაკადებმა კარგად იმუშავა, გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა გამოკითხვა და მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა თანხმობა განაცხადა, რომ პეკინზე იყოს ცალმხრივ მოძრაობა. თანდათან უკვე შეივსო ქალაქი და მოძრაობა ჯერჯერობით არ შეფერხებულა, თუ ასე გაგრძელდა, დაახლოებით 6 დღეში მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას და დავტოვებთ პეკინის ქუჩას ცალმხრივს.