სამაჯური, რომელიც სიცხისგან და სიცივისგან გვიხსნის | Allnews.Ge

სამაჯური, რომელიც სიცხისგან და სიცივისგან გვიხსნის

თანამედროვე მოწყობილობები, რომლებსაც სხეულზე ვიმაგრებთ, ძირითადად ნაბიჯების დასათვლელად, პულსის გასაზომად და მსგავსი მანიპულაციების შესასრულებლად არის განკუთვნილი. სამაჯური Embr Wave-ს სრულიად განსხვავებული დანიშნულება აქვს. ის ადამიანის ორგანიზმს ძლიერი სიცხის დროს აგრილებს, სიცივის დროს კი ათბობს. სამაჯური პერსონალური თერმოსტატია.

Embr Wave ავტომატურად მუშაობს და მომხმარებლის მოთხოვნილებებზეა დამოკიდებული. მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჩართვის შემდეგ ის მომხმარებელს თავს კომფორტულად აგრძნობინებს. აქტივაციიდან უკვე რამდენიმე წუთში მომხმარებელი რამდენიმეგრადუსიან სხვაობას აშკარად შეიგრძნობს.

Embr Labs-ის გენერალური დირექტორის, სემ შეიმსის განმარტებით, ტემპერატურის აღქმა ყველა ადამიანის შემთხვევაში ინდივიდუალურია, ამიტომ ყველაფერი კანის ტემპერატურაზე იქნება დამოკიდებული. მისი თქმით, თუ კანს რაიმე ცივს ან ცხელს შევახებთ, ადამიანები მაშინვე კომფორტს განიცდიან.

სამაჯურის იდეა ჯერ კიდევ 2013 წელს მასაჩუსეტსის ტექნიკურ უნივერსიტეტში გაჩნდა. ლაბორატორიაში მუშაობისას შეიმსი და მისი კოლეგები გამუდმებით სიცივისგან იყვნენ შეწუხებულები. მათ Embr Wave გამოიგონეს და ის კონკურსზეც წარადგინეს. სამაჯური გაყიდვაში უკვე მომავალი წლის მარტში იქნება, ის 300 დოლარი ეღირება.

პროდუქტი გათვლილია იმ ადამიანებზე, რომლებიც გამუდმებით დისკომფორტს განიცდიან სიცხის ან სიცივის გამო. Business Insider-ის რეპორტიორმა სამაჯური საკუთარ თავზე უკვე გამოსცადა. მის ჩასართავად საჭიროა, თითი სპეციალურ არეში დავაჭიროთ. ამის შემდეგ თითის დასაჭერად მარჯვენა ან მარცხენა მხარე უნდა ავირჩიოთ. მარცხენა მხარე გაგრილებისთვისაა განკუთვნილი, მარჯვენა კი, გათბობისთვის. 3 -5 წუთის შემდეგ თქვენ ტემპერატურის ცვლილებას იგრძნობთ. Embr Wave ტემპერატურას სასიამოვნო ტალღების მეშვეობით ცვლის.

myquiz