რატომ აუქმებს კომპანია Emirates ილუმინატორებს და რამდენად უსაფრთხოა ფანჯრების გარეშე დარჩენილი თვითმფრინავი | Allnews.Ge

რატომ აუქმებს კომპანია Emirates ილუმინატორებს და რამდენად უსაფრთხოა ფანჯრების გარეშე დარჩენილი თვითმფრინავი

ავიაკომპანია Emirates-მა ახლად შეძენილი ლაინერის Boeing 777-300ER-ის პირველი კლასის სალონი წარმოადგინა, რომელსაც ილუმინატორები არ აქვს.

შუშიანი ილუმინატორების ნაცვლად, კომპანია მგზავრებს სთავაზობს ცასა და ხმელეთს "ვირტუალური ფანჯრების" მეშვეობით დააკვირდნენ. იმ ადგილას, სადაც ჩვეულებრივ თვითმფრინავში ილუმინატორებია განთავსებული, Emirates-ის ახალი ბოინგის პირველი კლასის სალონში მრგვალი ეკრანებია დამონტაჟებული, რომელზეც ოპტიკური ბოჭკოს მეშვეობით გამოჰყავთ გამოსახულება, რომელსაც თვითმფრინავზე დამონტაჟებული კამერები იღებს.

"გამოსახულება იმდენად ხარისხიანია, რომ ყველაფერი იმაზე უკეთ გამოიყურება, ვიდრე, როდესაც საკუთარ თვალით ილუმინატორიდან ხედავ"- ამბობს კომპანია Emirates-ის პრეზიდენტი ტიმ კლარკი.

კლარკის განმარტებით, სამომავლოდ კომპანია მიზნად ისახავს ისეთი ლაინერების გამოყენებას, რომელშიც საერთოდ არ იქნება ილუმინატორები.

"წარმოიდგინეთ, ჯდებით თვითმფრინავში, რომლის გარე ფასადზე არც ერთი ფანჯარა არ არის. მაგრამ, როდესაც ბორტზე აღმოჩნდებით - ხედავთ ილუმინატორებს"- ამბობს კომპანიის პრეზიდენტი.

კლარკი მიიჩნევს, რომ ეს თვითმფრინავის კონსტრუქციის ოპტიმიზაციის შესაძლებლობას შექმნის.

"ფანჯრების გარეშე შექმნილ კონსტრუქციაში, ფაქტობრივად, არ არის სტრუქტურულად სუსტი ადგილები. თვითმფრინავი უფრო მსუბუქი ხდება, გაცილებით ჩქარა და მაღლა მიფრინავს. ამასთანავე, გაცილებით ნაკლებ საწვავს წვავს"- განმარტავს კლარკი.

უსაფრთხოების საკითხის მიმართ ნაკლები ოპტიმიზმითაა განწყობილი კრენფილდის ბრიტანული უნივერსიტეტის პროფესორი გრემ ბრეიტუეიტი, რომელიც ამბობს, რომ ფანჯრების გარეშე დარჩენილი თვითმფრინავი შეიძლება, უსაფრთხო არ იყოს, რადგან საგანგებო ვითარებაში ბორტგამცილებლებს სჭირდებათ, თავად ხედავდნენ, რა ხდება გარეთ.

"საგანგებო მდგომარეობისას, სტიუარდესებს დასჭირდებათ, შეამოწმონ გარეთ არსებული ვითარება, რათა გაიგონ, მაგალითად, ხომ არ აქვს კორპუსს ცეცხლი მოკიდებული, იქამდე, სანამ სათადარიგო კარს გახსნიან და ევაკუაციას დაიწყებენ"- ამბობს პროფესორი და აქვე აღნიშნავს, რომ თუ სტიუარდესებს გარეთ არსებული ვითარების დასაზვერად ისეთი სისტემის გამოყენება დასჭირდებათ, რომელიც ელექტროენერგიის მიწოდებაზეა დამოკიდებული, სავარაუდოდ, მსგავს გადაწყვეტილებას საავიაციო მარეგულირებლები მარტივად ვერ მიიღებენ.

თუმცა საავიაციო უსაფრთხოების ევროპულ სააგენტოში განაცხადეს, რომ მსგავსი სისტემის არსებობაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ. „ჩვენ ვერ ვხედავთ ვერავითარ სირთულეს, რომლის დაძლევაც შეუძლებელი იქნებოდა, უსაფრთხოების იმავე დონის უზრუნველყოფისთვის, როგორიც ეს ილუმინატორებიან თვითმფრინავშია“-ამობენ მარეგულირებლის წარმომადგენლები.

პროფესორი ბრეიტუეიტი ილუმინატორების გარეშე დარჩენილი თვითმფრინავის კიდევ ერთ ნაკლს ასახელებს და ამბობს, რომ მსგავსმა თვითმფრინავმა შეიძლება, დისკომფორტი გამოიწვიოს, რადგან მათ მოულოდნელად კლაუსტროფობიის შეტევა დაემართოთ, ფრენა კი ბევრი მგზავრისთვის ისედაც სტრესის წყაროა.

myquiz