საქართველო იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნების რეიტინგში მე-10 ადგილზეა | Allnews.Ge

საქართველო იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნების რეიტინგში მე-10 ადგილზეა

ინტერნეტმა ჩვენს ცხოვრებაში ისეთი მნიშვნელობა შეიძინა, რომ ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებად ითვლება. ის გვაძლევს წვდომას ყველაფერზე - ფინანსური მომსახურებით დაწყებული, ჯანდაცვითა და განათლებით დამთავრებული.

მაგრამ ის, თუ რამდენს იხდის ადამიანი ინტერნეტთან წვდომისთვის, დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ცხოვრობს ის. ახალი კვლევის მიხედვით, განსხვავება ძალიან დიდია.

ყველაზე იაფი ინტერნეტი ირანშია, სადაც ყოველთვიური ფასი დაახლოებით 5 დოლარი უჯდებათ, შესაბამისად, ინტერნეტთან წვდომა დაახლოებით 40%-ს აქვს.

ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპაში ინტერნეტი უფრო იაფია: უკრაინაში 5,51 დოლარი, რუსეთში - დაახლოებით 10 დოლარი.

საქართველო იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში მეათე ადგილზეა, Statista-ს მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტის ღირებულება დაახლოებით 16.68 დოლარია.

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ფასები საგრძნობლად იზრდება. გერმანელი მომხმარებლები ინტერნეტისთვის დაახლოებით 34 დოლარს, ბრიტანელები კი - 40 დოლარს იხდიან. დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე იაფი ინტერნეტი იტალიაშია - 29 დოლარი თვეში.

რაც შეეხება აშშ-ს, იქ ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი საშუალოდ 66 დოლარს შეადგენს.

ბურკინა-ფასოს მცხოვრებლებისთვის ინტერნეტთან წვდომა ძალიან ძვირია. ყოველთვიური გადასახადი დაახლოებით ათას დოლარს აღწევს, ამიტომ ინტერნეტთან წვდომა ამ 18-მილიონიანი ქვეყნის მხოლოდ 10%-ს აქვს.

ინტერნეტის სიძვირის მიხედვით მეორე ადგილზეა პაპუა-ახალი გვინეა, სადაც ყოველთვიური გადასახადი დაახლოებით 500 დოლარს შეადგენს. ინტერნეტთან წვდომა 10%-ზე ნაკლებს აქვს.

myquiz